„კადიროვის იდეის გაზიარება იგივეა, რაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა“

„კადიროვის იდეის გაზიარება იგივეა, რაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა“

ტუმსო აბდურაჰმანოვი აცხადებს, რომ პანკისში არიან ადამიანები, რომლებიც კადიროვის იდეებს იზიარებენ და ალბათ, ისურვებდნენ კიდეც, რომ ხეობა ჩეჩნეთის ნაწილი გახდეს. ჩეჩენი ემიგრანტი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რამზან კადიროვს გავლენა აქვს პანკისის ხეობაზე, მაგრამ იმდენად დიდი არა, როგორსაც კადიროვი ისურვებდა.

„საბედნიეროდ, პანკისის ხეობის მცხოვრებთ სხვანაირი განწყობა, სხვა პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ, თუმცა პანკისში არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ კადიროვის იდეებს და ალბათ, ისურვებდნენ კიდეც, რომ ხეობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნაწილი გახდეს. ჩეჩნეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, პანკისელები მუშაობენ. შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანები ჩამოდიან პანკისში, ჩამოაქვთ გარკვეული განწყობაც, მაგრამ ეს გავლენა მცირეა. ნებისმიერ პანკისელს, რომელიც ჩეჩნეთში საცხოვრებლად ჩადის, დაუყოვნებლივ დაჰკითავენ ხოლმე, რადგან პანკისელი რისკ-ფაქტორად ითვლება“, - განაცხადა ტუმსო აბდურაჰმანოვმა.

გამოცემის ინფორმაციით, ტუმსო აბდურაჰმანოვი რამდენიმე თვის წინ ოჯახთან ერთად სამშობლოდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. აბდურაჰმანოვს ემიგრაციამდე გროზნოში კომპანია Электросвязи Чеченской Республикис-ს გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. კადიროვისგან გამოქცეული ჩეჩენი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს.

ჩეჩენი ემიგრანტის განცხადებას არ იზიარებს ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში, მექა ხანგოშვილი, რომლის განცხადებით, პანკისის ხეობის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ხეობა ჩეჩნეთის ნაწილი გახდეს.

„პანკისის ხეობასა და ჩეჩნეთს შორის ყოველთვის იყო კავშირი, ეს კავშირები დღესაც არის. 90-იანი წლების ბოლოს ძალიან ბევრი ადგილობრივი ქისტი გადასახლდა ჩეჩნეთში. მოგეხსენებათ, რომ ხეობაში ეკონომიკური სიდუხჭირეა და მოსახლეობის ნაწილი ჩეჩნეთში გადადის სამუშაოდ, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად უკეთესია. შესაბამისად, ხეობაში არიან კადიროვის იდეის გამზიარებლები, ამის უარყოფა არ შემიძლია.

თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მრავლად არიან - მინიმალურია. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანისგან მსგავსი რამ, რომ ხეობა შეიძლება ჩეჩნეთის ნაწილი გახდეს, არ მომისმენია. ვფიქრობ, რომ ეს განცხადება და სუს-ის მიერ პანკისში 23 წლის ახალგაზრდის დაკავება, არის ერთი პროვოკაციის დიდი ნაწილი, რომლის სათავეში რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს განცხადება რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს და არანაიარად არ იზიარებს ერთიანი კავკასიის იდეას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილი.

სტრატეგიული კვლევების კავკასური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პანკისის ხეობაში არიან ადამიანები, რომლებიც სიმპატიზირებენ კადიროვს. თუმცა, როგორც არეშიძე ამბობს, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან.

„ჩვენ ამ ადამიანების უნდა გვესმოდეს. მათთვის კადიროვი არის პატარა ერის წარმომადგენელი, ადამიანი, რომელმაც შეძლო დიდ რუსეთში თავისი ადგილის დამკვიდრება. ამის მიღმა ისინი არ ფიქრობენ, ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაა ჩეჩნეთში, ტოტალიტარული რეჟიმია, მაგრამ მენტალიტეტი თავისას შვრება.

მათთვის ამ ავტორიტეტს აქვს დიდი მნიშვნელობა. მეორე საკითხია ის, რომ საზოგადობის ნაწილი ფიქრობს, რომ ხეობა შეიძლება ჩეჩნეთის ნაწილი გახდეს, ასეთ ადამიანებზე მსმენია, მაგრამ ეს არაა გადამწყვეტი მასა, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, თუ პირადად კადიროვის აგენტურა არ არის, რომელიც ალბათ, უნდა იყვნენ ხეობაში“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, ხეობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი სალაფისტები არიან, რომელთათვის აბსოლუტურად მიუღებელია კადიროვი, რადგან ებრძვის სალაფისტებს.

„ჩვენ განსაკუთრებულ პრობლემას ნუ შევქმნით პანკისის ხეობისგან, რადგან სულ 8 ათასი კაცია. კადიროვის მომხრეები ალბათ 10-15 კაცი თუ იქნება. თუმცა, სხვა საკითხია კადიროვისა და პანკისის ხეობის ურთიერობა, რომელიც ნამდვილად ყურადსაღებია. კადიროვს რამდენიმეჯერ აქვს ნათქვამი, რომ თუ შესაბამისი ბრძანება მიიღო რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისგან, მას შეუძლია წესრიგი დაამყაროს პანკისის ხეობაში, ეს კი ნამდვილად ყურადსაღებია. ფაქტია ისიც, რომ რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურებს გარკვეული გავლენა აქვთ პანკისის ხეობაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

პანკისის ხეობაში კადიროვის იდეის მომხრეები არ უნახავს, თუმცა მათ არსებობას არ გამორიცხავს, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ალეკო კვახაძე, რომლის განცხადებით, 90-იანი წლების ბოლოს ძალიან ბევრი ქისტი წავიდა სამუშაოდ ჩეჩნეთში, რომელთა ნაწილი იქ დასახლდა, მათ ჰყავთ ნათესავები პანკისის ხეობაში, რომელთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც კადიროვის მომხრედ ითვლებიან.

კადიროვის იდეის გაზიარება იგივეა, რაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, მაგრამ როდესაც აგერ თბილისში გყავს პრორუსული პარტიები, პანკისის ხეობაში თუ ვინმე პრორუსი იქნება, არ უნდა გაგვიკვიდრეს. მით უმეტეს, რომ პრორუსულ პარტიებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის საფრთხეა ნებისმიერი პრორუსული აქტივობა და მით უმეტეს ხეობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პანკისის ხეობა ერთ-ერთი რთული რეგიონია საქართველოში. პირველი პრობლემა ეს არის ახალგაზრდების რეკულტირება „ისლამურ სახელმწიფოში“ და მეორე, ჩეჩნეთთან კავშირი. მისივე თქმით, პანკისის ხეობა მაქსიმალურ კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, რადგან კავკასია და მთელი ჩვენი რეგიონი აფეთქების პირას არის.

„ერთი მხრივ თურქეთი, მეორე მხირვ აზერბაიჯანი-სომხეთი, ამას ემატება პანკისის ხეობა, რაც შეიძლება ძალიან ადვილად გახდეს აფეთქების თემა. ჩვენ არ ვიცით რამდენად სარწმუნოა ის, რასაც ჩეჩენი ემიგრანტი ამბობს, მაგრამ როდესაც ასეთი ინფორმაციის გავრცელება ხდება, ფაქტია, რომ დესტაბილიზაციის მცდელობის მარცავლი ამაში არის. უსაფრთხოების სამახურების მიერ უნდა მოხდეს საფრთხის შესწავლა და განეიტრალება, რომ გარკავეულ ძალებს არ მიეცეს ხეობაში პროცესების ბოლომდე აფეთქების შესაძლებლობა“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, უდავოა, რომ ამის უკან რუსეთის ინტერესები დგას და უკვე ეჭვასაც არ იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთი დაინტერესებულია პროცების ესკალაციით. შემთხვევითი არ არის ის პროცესები, რაც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარეობდა.

„ყველა მოვლენა ერთმანეთის მონაცვლეობით და პარალელურ რეჟიმში ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურების ძალიან მაღალი დაინტერესების თემა უნდა გახდეს ეს რეგიონი. ერთი სისტემური დანაშაულებრივი იდეოლოგიის ერთობის ნაწილია რუსეთის ქმედებები სირიაში - ეს არის ხალხის დაცვა? - არა, რა თქმა უნდა, რუსეთის ქმედებას სირიაში სხვა ქვეტექსტი აქვს.

ერთ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე - ეს არის რუსეთის ხელისუფლება, თავისი კადიროვით და თავისი სხვა ქმედებებით, რაც კიდევ უფრო გვირთულებს საქმეს და ბადებს გაურკვევლობას, როცა ზუსტად ვერ ერკვევი რასთან გაქვს საქმე. ცალკეა კადიროვი და „ისლამური სახელმწიფო“, თუ ორივე ერთად. ნამდვილად, ასეთი შეფარდება არ არის გამოსარიცხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.