განიხილება თუ არა ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების ნაწილის მოხსნის საკითხი?

განიხილება თუ არა ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების ნაწილის მოხსნის საკითხი?

პუტინი ევროპაში საკუთარ კამპანიას აძლიერებს. გამორიცხული არ არის, მისი გააქტიურების ფონზე ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების ნაწილის მოხსნის საკითხი განიხილონ.

„როიტერი“ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ შემუშავებული ლობირების ტაქტიკა და მისი გააქტიურება ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქვეყნებში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბლოკის ერთიანობას. შესაბამისად, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით, ევოკავშირში ერთიანი პოზიციის შენარჩუნება გართულდება.

პუტინის სამიზნე ქვეყნებად დასახელებულია იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, კვიპროსი, სლოვენია, სლოვაკეთი და ბულგარეთი. მოსკოვი ცდილობს, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების პოლიტიკოსებზე გავლენა მათივე ბიზნესმენების მეშვეობით მოახდინოს, რომლებიც რუსეთის კონტრსანქციებით დაზარალდნენ და საკუთარი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ვეღარ გააქვთ. ამის გამო კონკრეტული ქვეყნის მთავრობები საკუთარი ფერმერებისა და მწარმოებლების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდიან.

„რუსეთი მუდმივად ცდილობს, იპოვოს გზები სანქციებისგან თავის დასაღწევად. მოსკოვი სანქციების „მოკვლას“ რბილი მიდგომით ცდილობს. შედეგი კი ის არის, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გადახედვა და ხელახალი განხილვა“, - ციტირებს „როიტერი“ ერთ-ერთ დიპლომატს.

სულ ახლახანს კი ვლადიმერ პუტინი სლოვენიაში გაემგზავრა, რაც უცხოელ დიპლომატთა აზრით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებისკენაა მიმართული.

სლოვენია, სადაც პუტინი ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე სამიტს გაუძღვა, იყო მეოთხე ქვეყანა, რომელსაც პუტინი ყირიმის ანექსიის შემდეგ ესტუმრა.

ეს მაშინ, როცა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის იანვრის ბოლომდე ოფიციალურად გაახანგრძლივა. აღნიშნული ეკონომიკური სახის სანქციები დასავლეთმა რუსეთს 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო დაუწესა.

აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე არ გაუქმდებოდა.

განიხილება თუ არა ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების ნაწილის მოხსნის საკითხი?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, დასავლეთის გული მოიგოს. კერძოდ, გუშინწინ დასრულდა საფრანგეთის სენატის დელეგაციის ვიზიტი ოკუპირებულ ყირიმში და დიდი შანსია, საფრანგეთი ჩაერთოს ამ პროცესში. ამას ემატება ამერიკელებთან რუსების ურთიერთობის ერთგვარი დათბობაც, რაც გამოიხატება სირიაში ერთობლივი ოპერაციების განხორციელების კოორდინაციის შეთანხმების მიღწევით კერი-ლავროვის მოლაპარაკების ფორმატში.

„ვერ გეტყვით, შერბილდება თუ არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. კერისა და ლავროვის შეთანხმების მიღწევის შემდეგ შესაძლებელია ეს განხორციელდეს, მაგრამ ევროკავშირის ქვენებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას უჭერენ მხარს. მთლიანობაში, ლობირების სახით სწორი ტაქტიკა აირჩია პუტინმა. ეს ის შემთხვევაა , როცა მოსკოვი გავლენას უფრო ევროპელ ბიზნესმენებსა და იმ პოლიტიკოსებზე ახდენს, რომლებიც ნაკლებად არიან აგრესიულად განწყობილნი რუსეთის მიმართ. გარკვეულწილად, ამ სანქციებმა ზიანი მიაყენა რუსეთს. საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთის სარეზერვო სტრატეგიული ფონდი უკვე ამოწურულია. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო სექტორში ქამრების შემოჭერის დრო დადგა. რუსეთში პირველად გაკეთდა ასეთი განცხადება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საკმაოდ რთულ პირობებშია. ამიტომ მას სჭირდება სანქციების მოხსნა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ადვილია პუტინისთვის წარმატების მიღწევა, თუმცა, მთლიანობაში, ევროკავშირში მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც არ უნდა მოინდომონ ბულგარელებმა და იტალიელებმა რუსეთისთვის სანქციების გაუქმება, ბევრ სახელმწიფოს მაინც შეუძლია ამის დაბლოკვა. საუბარია თუნდაც გერმანიასა და საფრანგეთზე. ინგლისი კი მათ რიცხვში უკვე აღარ არის და პუტინისთვის სიტუაცია ევროკავშირიდან ინგლისის გასვლის შემდეგ გაუმჯობესდა, ვინაიდან რუსეთისთვის სანქციების შესუსტებისა და გაუქმების ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე იყო ინგლისი.

„საერთოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ანტირუსული პოლიტიკის ფლაგმანი, მებაირახტრე ინგლისი იყო. ჩერჩილმა დაუდო ამას სათავე. მას შემდეგ რამდენი პრემიერი შეიცვალა ინგლისში, მაგრამ რუსეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება ტრადიციად დარჩა. ახალი პრემიერიც - ტერეზა მეიც იმავე ტრადიციას აგრძელებს, მაგრამ ერთი წელი დასჭირდება ევროკავშირიდან ინგლისის გასვლის მოლაპარაკებებს. ამ პერიოდში ინგლისი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და ანტირუსული პოლიტიკისთვის თავს აღარ მოიკლავს. ასე რომ, ევროპაში პუტინისთვის ყინული ლღვება, რუსეთის პრეზიდენტი უკვე ჩავიდა სლოვენიაში. თანაც, პუტინმა საგრძნობლად შეარბილა უკრაინაში თავისი პოზიცია. მართალია, პრინციპულ დათმობებზე არ მიდის, მაგრამ მარიოპოლი დაუტოვა უკრაინას. ეს სტრატეგიული ტერიტორიაა, რადგან პირდაპირ გადის ყირიმზე. ანუ, რისიც ყველაზე ძლიერ ეშინოდა კიევს, რომ დაიწყებოდა მარიოპოლზე შეტევა და რუსები გახსნიდნენ დერეფანს, პუტინმა აქ შეიკავა თავი. ზოგადად კი, დასავლეთში პუტინისთვის გარემო უმჯობესდება“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ამასთან, გაიხსენა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, ამერიკაში პრეზიდენტად ტრამპიც რომ მოვიდეს, რუსეთის მიმართ მაინც ერთნაირი პოლიტიკა გატარდებაო. რეალურად კი, სოსო ცინცაძე თვლის, რომ სულაც არ იქნება ტრამპსა და პუტინს შორის რუზველტისდროინდელი პარტნიორობა და მეგობრობა, მაგრამ შედარებითია ყველაფერი.

„ძალიან გამიხარდება, ტრამპმა არ შეცვალოს კურსი და სხვა კურსით არ დაინტერესდეს. ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, კანდიდატ პრეზიდენტს რადიკალურად შეეცვალოს თავისი კურსი. ამერიკაში მძლავრი ბერკეტია შუალედური არჩევნები და, თუ პრეზიდენტი დაპირებებს არ შეასრულებს, ორი წლის მერე ამერიკელები შუალედურ არჩევნებში პრეზიდენტის ჯავრს მის პარტიაზე იყრიან. ასეთი რამ ამერიკაში ხშირად მომხდარა“.