ნაციონალური რევანში არ შედგა - პაპუაშვილის განცხადებები არ დადასტურდა

ნაციონალური რევანში არ შედგა - პაპუაშვილის განცხადებები არ დადასტურდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა მისივე თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება. ვიდრე გიორგი პაპაუაშვილი პროკურატურის კითხებს უპასუხებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დაკითხვის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. შუალედური შედეგებით ირკვევა, რომ გამოკითხული მოსამართლეები ზეწოლის ფაქტებს არ ადასტურებენ.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის, ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

„სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, როგორც აღინიშნა, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ნაციონალების ბოლო იმედი კი გამოძიებას ჩვენებას ამ კვირაში მისცემს. თუმცა, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ პაპუაშვილი ვერ შეძლებს მისი ბრალდების ფაქტებით დადასტურებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პროკურატურის განცხადებამ დაარწმუნა, რომ გიორგი პაპუაშვილი არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ, „ნაციონალური მოძრაობის“ შტატგარეშე თანამშრომელია.

„სხვა მოლოდინი არ მქონდა. ზუსტად იმ ნარატივით გველაპარაკება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს ახასიათებს და ზუსტად იმ დღის წესრიგს მიყვება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. წლების განმავლობაში პაპუაშვილმა არ იცოდა უსაქმურობისგან რა გაეკეთებინა, რადგან საქმეები საერთოდ არ შედიოდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვერავინ გაბედავდა ამას და 2012 წლის შემდგომ, რაც კი რამ სარჩელი შევიდა საკონსტიტუციოში პარლამენტის წინააღმდეგ, ყველა გამართლდა და პარლამენტი გამტყუნდა - ყველა მომჩივანმა გაიმარჯვა. ამ ყველაფერს უმოკლეს ვადებში განიხილავდა“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამონაკლისი იყო ბოლო სარჩელი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, საბოტაჟის მოწყობით არჩევნები ჩაეშალა. როგორც სესიაშვილი აცხდებს, არჩევნების ჩაშლა პაპუაშვილმა ვეღარ შეძლო და ისტერიკაში ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა გახდა საფუძველი იმისა, რომ პაპუაშვილს აბსურდულ ბრალდებებზე დაეწყო საუბარი, რაღაც ზეწოლებთან დაკავშირებით.

„არ დარჩენილა არც ერთი მაღალი ტრიბუნა, საიდანაც პაპუაშვილს ამაზე არ უსაუბრია. მე მიმაჩნია, რომ პრემიერს ამ ყველაფერზე ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, კონსტრუქციულად მიუდგა და მაქსიმალურად გამოიყენა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო ფორმატი, რომ ამ საქმეში გავრკვეულიყავით. სულ ვამბობდი, რომ პაპუაშვილი ამ განცხადებებს აკეთებდა მხოლოდ ნიუსების სათაურებისთვის და მეტი სხვა მიზეზი არ ჰქონდა.

ამასთანავე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მაოცებს მარგველაშვილის შეშფოთება, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ზეწოლის განხორციელების შესახებ. მაოცებს, რადგან გულუბრყვილოდ დაუჯერა პაპუაშვილს, არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ. ყველაფერი იმის დასტურია, რომ პაპუაშვილი იმ ისტერიკის თანამოზიარეა, რაშიც ახლა ჩავარდნილია „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, არჩევნებთან ერთად ძალიან ბევრი პენსიონერი გვეყოლება, პოლიტიკური პენსიის გარეშე“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მაშ ასე, გიორგი პაპუაშვილის განცხადება არ დადასტურდა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა ხუთი მოსამართლის მიერ, რომლებმაც სარჩელის გამოცვლაზე დაიწყეს საუბარი.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას, რასთან დაკავშირებით ის უკვე ესაუბრა გამოძიებას.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის გარემოება, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მხარემ შემოიტანა საკონსტიტუციო სარჩელი პარასკევს, ეს სარჩელი არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ კვირის ბოლოს ეს სარჩელი შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია რა პროცედურით, რა წესებით, რომელი პრაქტიკით მოხდა შემოტანილი სარჩელის შეცვლა ახალი სარჩელით. ჩემი წარმოდგენით ეს არის სამართალდარღვევა. აღნიშნული საკითხი ითქვა პლენუმის დახურულ სხდომაზე, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე დღემდე არავითარი მოკვლევა არ ჩატარებულა“, - აცხადებს მერაბ ტურავა.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე სარჩელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო სარჩელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მოთხოვნის დამატება, რაც კანონით დაუშვებელია. დღეს ვნახეთ განცხადება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ცვლილებებს სარჩელებში, თუმცა აქ არის მცდელობაზე საუბარი და ეს არის ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გადატანის მცდელობა, რაც დაუშვებელი და მიუღებელია.

ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ამ საკითხების ისეთ სფეროში გადატანის მცდელობას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ დაურღვევიათ კანონი, არ არის საგანგაშო. საქართველოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძესა და მოსამართლე მერაბ ტურავას სპეციალური განცხადებით უპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა - ქეთევან ერემაძემ, მაია კოპალეიშვილმა და კონსტანტინე ვარძელაშვილმა. სამეული ირწმუნება, რომ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე, განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, მოსამართლე მერაბ ტურავას განემარტა სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მისთვის საინტერესო ყველა სამართლებრივი საკითხი.

„მიღებული განმარტებების შედეგად, მოსამართლე ტურავამ მხარი დაუჭირა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას. ამდენად, გაუგებარი და საეჭვოა მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში ხელახლა განხილვის მცდელობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ის ვითარება, რომელიც როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო, ასევე თავად საკონსტიტუციო სასამართლოში შეიქმნა, ძალიან შემაშფოთებელია. მისივე თქმით, ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ფაქტობრივად ორ ჯგუფად გაიყო და ერთმანეთისა და სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიები აქვთ, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოში ყველაფერი კარგად არ არის.

„საკონსტიტუციო სასამართლო არის ორგანო, რომელიც რიგ საკითხებს სრული შემადგენლობით იღებს, ხოლო რიგ საკითხებს ოთხ-ოთხი მოსამართლე განიხილავს. შესაძლებელია რიგი საკითხების მიმართ პრეტენზიები არსებობდეს, მაგრამ იმიტომაც არის ეს სასამართლო კოლეგიალური, რომ საკითხები კოლეგიურად, ანუ კენჭისყრით გადაწყვიტონ.

როდესაც პრეტენზიების შესახებ საჯაროდ იწყება საუბარი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოში სხვა პრეტენზიებიც არსებობს. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ზოგიერთი სარჩელის განხილვა ძალიან ადრე იწყებოდა და ზოგჯერ, სარჩელის განხილვისთვის მოსამზადებლად დრო პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა ტიპის სარჩელებზე მიკერძოებული მიდგომა არსებობს. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს რა საკითხები განიხილება რიგგარეშე. დანარჩენი საქმეები კი, უნდა იქნას განხილული რიგითობის მიხედვით“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.