მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური ადგილები შეივსო

მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური ადგილები შეივსო

„სუსი თავდაცვაში, ქეთი ციხელაშვილი - შენი დანიშვნის სიხარულმა შემიმსუბუქა“, - ასე გამოეხმაურა, თინა ხიდაშელი სოციალური ქსელით თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას. მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური ადგილები შეივსო, ხიდაშელი იზორიამ შეცვალა, პაატა ზაქარეიშვილი კი - ქეთი ციხელაშვილმა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მისი რჩეულები გამორჩეული მინისტრები იქნებიან.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვა, შეიარაღებული ძალები, ყოველთვის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. 

„წარმატებას ვუსურვებ ახალ მინისტრებს. დარწმუნებული ვარ, ისინი იქნებიან გამორჩეული მინისტრები და ძალიან ბევრი ამბიციური რეფორმა გველის წინ. წარმატებას ვუსურვებ მათ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქვეყნის ახლმა თავდაცვის მინისტრმა ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, პირველი - გაგრძელდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეორე - ამ ინტეგრაციის გზაზე, თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა მოუწევს სამშობლოსთვის თავდადებულ სამხედროებთან.

„ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ იყავით ბატონო პრემიერო, რომ მემორანდუმით გათვალისწინებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ჩვენი თავდაცვის უწყებისა და ქვეყნის ინტეგრაციას, ხელი მოეწერა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

„სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება“, - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის განცხადებით, გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული.

„მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა ქვეყნის პრობლემების მოგვარების და ქვეყნის გაერთიანების. ამ პოლიტიკის მეშვეობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში, შევძელით შეგვენარჩუნებინა არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გავაგრძელებთ ერთი მხრივ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი თვლის, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნა ცუდი ტენდენციაა. ხიდაშელი პრემიერს აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრის შერჩევის დროს შეცდომა დაუშვა.

„მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი უფრო ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო? ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას უარყოფითად აფასებენ მისივე ყოფილი თანაგუნდელები. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ყველას, ვინც თავის დროზე დემოკრატების პრინციპებს უღალატა, „ქართული ოცნება“ აწინაურებს. როგორც გოგუაძემ აღნიშნა, იზრორია ისევე როგორც მინდია ჯანელიძე უშიშროებიდან გადაიყვანეს და ის ჯანელიძის გზის გამგრძელებელი იქნება.

„პრემიერ-მინისტრმა არჩევანი შეაჩერა არა პოლიტიკურ ლიდერზე, არამედ ერთგულ შემსრულებელზე. ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ჩემთვის სამ რამეს ნიშნავს - პირველი, რომ უშიშროების სამინისტროდან ლევან იზორია გადაიყვანეს ზუსტად ისე, როგორც მინდია ჯანელიძის გადაყვანა მოხდა უშიშროების სამინისტროდან.

ასე რომ, ლევან იზორია იქნება მინდია ჯანელიძის გზის გამგრძელებელი. ეს არის ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანი. მეორე, პრემიერმა ისევ, თავისი გადაწყვეტილება შეაჩერა არა პოლიტიკურ ლიდერზე, არამედ ერთგულ შემსრულებელზე და მესამე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე უღალატა „თავისუფალი დემოკრატების“ ღირებულებებს, პრინციპები და ღირებულებები თანამდებობებში გაცვალა, ყველა ამ ადამიანის დაწინაურება ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ნინო გოგოუაძემ.

იზორიას დანიშვნა მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ტრისტან წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად, სახელმწიფოში ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.

„იზორიას დანიშვნა, სუს-იდან ამ თანამდებობაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ და ზოგადად ვთვლით, რომ ივანიშვილის მარიონეტების გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე საერთოდ არ ცვლის ვითარებას, ვითარების შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.