„ნატოს გარეშე მხოლოდ რუსეთის პირისპირ დარჩენილი თურქეთი, ერდოღანისთვისაც კი კოშმარია“

„ნატოს გარეშე მხოლოდ რუსეთის პირისპირ დარჩენილი თურქეთი, ერდოღანისთვისაც კი კოშმარია“

ფეთჰულლაჰ გიულენის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალური ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა. რეჯეპ თაიფ ერდოღანის მტკიცებით, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა.

„ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ! იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ორგანიზატორების მხარეს იკავებ“, - ასე მიმართა რეჯპ თაიფ ერდოღანმა ამერიკელ გენერალს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს ბრალდების ადრესატი, გენერალი ჯოზეფ ვოტელი, რომლის განცხადებით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მას რაიმე კავშირი ჰქონდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალს აკრიტიკებს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მევლუთ ჩავუშოღლუ არაკომპეტენტურს უწოდებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერლის, ჯოზეფ ვოტელის განცხადებას, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბოხებულ გენერლებს ამერიკის მეგობრებად მოიხსენიებს. თურქი დიპლომატის განცხადებით, თუ აშშ თვლის, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას მხოლოდ ამჟამად დაკავებული თურქი გენერლები აწარმოებდნენ, ძალიან ცდებიან.

პარალელურად, ანტიამერიკული საპროტესტო აქცია გაიმართა თურქეთში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან. ათასობით ადამიანმა თურქეთის ხელისუფლებისგან ბაზის სასწრაფო დახურვა მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად აშშ-ის დროშები დაწვეს. თურქული გამოცემა Yeni Safak-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკელი თადარიგის გენერალი ჯონ კემპბელი ინჯირლიკის ბაზაზე სამხედრო გადატრიალების წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ატარებდა და დახმარებას უწევდა.

დემონსტრაციის ორგანიზატორი „ანატოლიელი ახალგაზრდების ასოციაცია“ იყო. დემონსტრაციის პარალელურად ქალაქ ადანაში მდებარე აშშ-ის საკონსულო დაიხურა. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ინჯირლიკის ავიაბაზის მეთაური, თურქი გენერალი დააკავეს. ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ადანაში მდებარეობს. ავიაბაზაზე განლაგებულია საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებსაც აშშ და საერთაშორისო კოალიცია „ისლამური სახელმწიფო“ წინააღმდეგ ავიაიერიშებისთვის იყენებს.

თურქეთში ანტიამერიკული განწობა იზრდება, რასაც ხელს თავად ხელისუფლების ანტიამერიკული განცხადებები უწყობს. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ერდორანის განცხადება და ანტიამერიკული საპროტესტო აქცია ინჯირლიკის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორაზე ადასტურებს, რომ თურქეთის ხელისუფლება კონფრონტაციაზე მიდის ამერიკის მმართველ ელიტასთან.

„როგორც ჩანს, სერიოზული დაპირისპირებამდე მიდის ვითარება. არსებობს ინფორმაცია, ამერიკამ უარი განაცხადა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციაზე. მეტიც, საინფორმაციო წყაროები ავრცელებნ ინფორმაციას, გიულენს კარგი ურთიერთობა ჰქონია ამერიკელ სამხედროებთან, ამერიკაში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სასწავლებელი ცენტრიც გაუხსია, ეს უკვე საკმაოდ სერიზული ბრალდებაა.

ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა რთულდება, საკმაოდ დიდ კონფრონტაციულ ვითარდებამდე მიდის ვითარება. ინჯირლიკის ავიაბაზის ტერიტორიაზე საპროტესო აქციის გამართვა, წარმოუდგენელი იქნებოდა მმართველი ძალის მხარდაჭერის გარეშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ინჯირლიკის სამხედრო ბაზის არსებობა, არა მხოლოდ ნატოს რომელიმე წევრის, იგივე აშშ-ის ინტერებშია, არამედ თვოთონ თურქეთის ინტერესებშია.

„რამდენადაც გეოგრაფიული საიხლოვიდან გამომდინარე, ტერორიზმის საფრთხე ახლოს არის თურქეთთან, თურქეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული საერთაშორისო კოალიციასთან სამხედრო თანამშრომლობაში, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელება.

ამიტომ, არ მგონია, რომ ამ ბაზას დახურვა ემუქრებოდეს. თურქეთს, ნატოს სხვა წევრებს და ამერიკას ერთიანი ეროვნული ინტერესები გააჩნიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს for.ge სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა თვლის, რომ ანტიამერიკული განცხადება და დღეს არსებული პოლიტიკა ადასტურებს, რომ თურქეთი შორდება დასავლეთს. მისივე თქმით, სადამდე მივა ერდოღანის პროისლამისტური პოლიტიკა, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. დღევანდელი თურქეთი განსხვავდება 15-20 წლის წინანდელი თურქეთისაგან.

რაც შეეხება ანტიამერიკულ გამოსვლებს პაპავა ამბობს, რომ ამას პოლიტიკური შემადგენელი აქვს.

„რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა, ვერანაერი პოლიტიკური აქცია ვერ გაიმართებოდა ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც არის აღნიშნული სამხედრო ბაზა. ანტიამერიკულ მესიჯებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. კერძოდ, ერდოღანი ამით დასავლეთს ეუბნება, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ მასზე ზეწოლასა და კრიტიკას, მაშინ ანტიამერიკული აქციები მიიღებს პერმამენტულ ხასიათს. შეძლება არაერთ ქალაქში ვიხილოთ ანტიამერიკული გამოსვლები და მოწოდებები. ერდორანის მხრიდან ეს ერთგვარი გაფრხილებაა და ზეწოლა აშშ-ზე, რომ დააკმაყოფილონ ის მცირე მთხოვნა რასაც ჰქვია ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიცია, რომ გაასამართლონ თურქეთში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვასილ პაპავამ.

ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ თურქეთ-ამერიკას ისეთი ძლიერი ერთობლივი ფესვები აქვთ ნატოს სახით, რომ ასეთი პატარა გაუგებრობები დროებითია. მისივე თქმით, ბუნებრივია ამერიკელთა უკმაყოფილება, ვინაიდან, თურქეთის სამხედრო ელიტა მუდამ იყო სეკულარული სახელმწიფოს დასაყდენი და პროდასავლური კურსის მთავარი გარანტი. შესაბამისად, ცინცაძის განცხადებით, ამერიკელები მტკივნეულად განიცდიდნენ თურქი სამხედროების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს.

„ნიუნბერგის პროცესზე სულ 24 სამხედრო გაასამართლეს. ფაშისტებზე და ნაცისტებზე მეტი სისატიკე ჩაიდინეს ამ ოფიცრებმა, რომ მათი რიცხვი ათეულ ათასობით განისაზღვრა? 2013 წლის სამხედრო აჯანყების შემდეგ 250 გენერალს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, მათ ბედს რამდენიმე ათასი გენერალი გაიზიარებს. ცოტა გადააჭარბა ერდოღანმა, ეს ყველაფერი 37-იან წლებს გვაგონებს. სტალინის მეთოდით მუშაობს - უნდა ამოძირკვოს ოპოზიცია, ეს არის ერდოღანის დევიზი, რასაც ამერიკელები მხარს ვერ დაუჭერენ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, ერდოღანი ამერიკასთან ვითარების გამწვავებაზე არ წავა.

„თურქეთი ნატოს გარეშე ვერ იქნება და ეს რეალობაა. თურქეთი ევროკავშირის გარეშე თურქეთად რჩება, მაგრამ ნატოს გარეშე მხოლოდ რუსეთის პირისპირ დარჩენილი თურქეთი, ერდოღანისთვისაც კი კოშმარია. ამიტომ, ასე მარტივად არ დგას საკითხი, ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ამ საფრთხეებთან დაკავშირებით ცოტა თავი სამხრეთითაც უნდა მოაბრუნონ. მარტო ჩრდილოეთიდან არ არის პოტენციური საფრთხე, როგორც მინიმუმ, საფრთხე საქართველოს სამი მხრიდან ემუქრება. სამწუხაროდ, ასეთია დღევანდელი რეალობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.