გიორგი კვირიკაშვილმა უკვე დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი მინისტრების კანდიდატურების შესახებ უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. მმართველ გუნდში კი საუბრობენ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის შემცვლელი, შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან შეირჩეს.
თეონა აქუბარდია, იარკლი ბათიაშვილი, კობა კობალაძე, დავით ზალკანიანი, დავით დონდუა და დავით ბაქრაძე - ასე გამოიყურება იმ ადამიანთა ჩამონათვალი, რომლებიც თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილებიან. ამ დრომდე არც ერთი კანდიდატი არ ადასტურებს კონსულტაციებს, გამონაკლისია დავით ბაქრაძე, რომლიც ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს ინფორმაციას მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევანი სავარაუდოდ, ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრზე დავით ბაქარაძეზე შეჩერდება.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თეონა აქუბარდია რომელიც აშშ-დან საქართველოში გუშინ დაბრუნდა, ამბობს, რომ შეთავაზება მას არ ჰქონია. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ისევე, როგროც დავით ზალკალიანი.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, თავდაცვის მინისტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებს უნდა ემსახურებოდეს. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, ჯანელიძე აცხადებს, რომ ის დაკავებულია ამბასადორიალის საკითხებით და დამატებითი ინფორმაცია მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ აქვს.
„თავდაცვის მინისტრი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებს. ეს არის ჩვენი მთავრობის მიზანი და მისწრაფება და რა თქმა უნდა, შესაბამისი კანდიდატურაც იქნება შერჩეული პრემიერ-მინისტრის მიერ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა. დავით უსუფაშვილი და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. ეს არის პირველი მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტის თავმჯომარის განცხადებით, მინისტრობის ახალ კანდიდატებზე პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერზეა, რადგან მისი ხედვა იყო ასეთი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში.
„მე დარწმუნებული ვარ, ის შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს. ამ თემაზე პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერზეა. აქ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი ოფიციალურად არ ერთვება, არაოფიციალურად კონსულტაციების საკითხი სხვა საქმეა, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრია ამ საქმეში გადამწყვეტი უფლების მქონე ადამიანი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სასურველია თავდაცვის მინისტრი ერკვეოდეს თავდაცვის საკითხებში, ასევე არ იყოს რომელიმე პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრი.
„ანუ, არ დაიწყოს პოლიტიკური თამაშები და მოუაროს თავის უწყებას. საერთოდ სასურველია, რომ სამინისტროები პოლიტიკური ნიშნით არ იყოს დაკომპლექტებული, რადგან როგორც ცხოვრება გვაჩვენს, ამის კულტურა ჯერ საქართველოში არ არის, რომ მინისტრმა თავისი პორტფელი პოლიტიკისთვის არ გამოიყენოს.
სწორედ თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნოდ ისეთი ინიციატივები, რომელიც გარდა ამომორჩევლის გულის მოგებისა, სხვა ვერანაირი ვერსიით ვერ აიხსნა. ამიტომ, ჩემის აზრით სასურველია თავდაცვის უწყება აპოლიტიკურმა ადამიანმა ჩაიბაროს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.