NDI-ის კვლევების შედეგები, ანუ პელეს პროგნოზები

NDI-ის კვლევების შედეგები, ანუ პელეს პროგნოზები

32% - „ქართული ოცნება“, 26% - „ნაციონალურ მოძრაობა“ - ასე გადანაწილდა გამოკითხულთა ის რაოდენობა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავს და გადაწყვეტილი აქვს ვის დაუჭერს მხარს. NDI-იმ მორიგი სოციოლოგიური კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. კვლევა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.  

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% ამბობს, რომ ხმას „პატრიოტთა ალიანსს“ მისცემდა, 6% - მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა მხოლოდ 11% მისცემდა ხმას. რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67%-მა გასცა, 33% კი სავარაუდოდ, არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 17% პასუხობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, 13% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% - „ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“, 3% - „პატრიოტთა ალიანსს“. სხვა პოლიტიკური გაერთიანებებს 7% აძლევს ხმას. 38%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, 14%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა, 5% კი არც ერთ პარტიას არ მისცემს ხმას.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, 38%-მა უკვე იცის ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 15%-ისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, 5-5% „სახელმწიფო ხალხისათვის“ და „პატრიოტთა ალიანსი“, 4-4% „თავისუფალი დემოკრატები“ და „ლეიბორისტული პარტია“. სხვა პარტიები - 6%.

გამოკითხულთა 57% ხმას იგივე პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელსაც 2012 წელს მისცა, ხოლი 27% ხმას არ მისცემს იგივე პოლიტიკურ ძალას. 7% არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა, ხოლო პასუხზე უარი თქვა 4%-მა. გამოკითხულთა 21% არასოდეს ხმას არ მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“, 19% „ქართულ ოცნებას“, 4-4% აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 2-2% „პატრიოტთა ალიანსს“ და „რესპუბლიკურ პარტიას“. გამოკითხულთა 15%-ისთვის ასეთი პარტია არ არსებობს.

როგორც NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს. მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის, არამედ არჩევნებს შორის პერიოდშიც, რათა მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის ერთგვარი გაუცხოების პრობლემა გადაიჭრას.

„მოსახლეობის ის მცირე ნაწილიც კი, რომელსაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვს, პარტიებისადმი განსაკუთრებულად მაღალი მხარდაჭერით არ გამოირჩევიან. მათი მხოლოდ 55% მიიჩნევს, რომ არჩეული პარტიისადმი მისი მხარდაჭერა „ძლიერია“, 41%-თვის კი -„საშუალოა“.

მოსახლეობის უმეტესობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას, შესაბამისად არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია. თითოეული პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

ტრადიციულად, NDI-ის კვლევებს არ ენდობა უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ NDI-ის კვლევების შედეგები და პროგნოზები ძალიან ჰგავს პელეს პროგნოზებს.

„როცა პელე აკეთებს პროგნოზს, თუ ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ვარიანტში სხვა იგებს - ასეთია ტრადიცია. საქართველოშიც ასეა - როცა არჩევნების წინ NDI რაიმე დასკვნებს აკეთებს, როგორც წესი, რადიკალურად განსხვავებულია არჩევნების შედეგები. როცა არ ვიცი მეთოლოგია, რომლის მიხედვითაც NDI კვლევებს ატარებს, ძნელია ანალიზის გაკეთება.

მიღებული პროცენტები ჩემთვის ძალიან არაბუნებრივია. შეიძლება მე რეალობას ვარ მოწყვეტილი და საზოგადოება ერთს ფიქრობს და მე სხვა შინაგანი განცდები მაქვს, მაგრამ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ასეთი მინიმალური განსხვავება, ძალიან არარეალურია. დარწუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები ხელოვნურად არის გაზრდილი“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ასე არ ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველის დიდი ნაწილი, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს ვის მისცემს ხმას, პირდაპირ მიუთითებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ხმა აღარ მისცემს, რადგან ყველამ ნათლად დაინახა ამ ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეეძლო.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როდესაც ამომრჩევლამდე გზავნილების მიტანა ახალი დაწყებული იყო. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი გვექნება მდგომარეობა, როცა ამომრჩეველი საკმარისად იქნება ინფორმირებული. თუმცა, აქვე მინდა ვისაუბრო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე - ის ვალდებულია ოპოზიციურ სპექტრს შესაძლებლობა მისცეს ჩაატაროს ნორმალური საარჩევნო კამპანია და ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში - ძალადობის, თავდასხმის და გამოუძიებელი ინციდენტების სახით, რა თქმა უნდა, ასეთი გარემოს შექმნას ხელს უშლის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, საკმაოდ დიდია პროცენტული მაჩვენებელი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, რაც მისივე თქმით, ქმნის პრობლემას იმ მხრივ, რომ სურათის კარდინალური შეცვლის შანსი, ისევ რჩება.

„ანუ, თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა, რომელიმე ამ დაპირისპირებული პარტიებიდან ერთ-ერთს მისცა ხმა, მაშინ შეიცვლება ვითარება. მეეჭვება, რომ იმედგაცრუებული ამომრჩეველი ნაციონალების ამომრჩეველი გახდეს. იმედგაცრუებული ამომრჩეველს თუ ისევ ჩაესახება იმედი, სავარაუდოა, რომ დაბრუნდებიან ისევ „ოცნების“ მხარდამჭერთა რიგებში, მაგრამ თუ იგივე განწყობაზე დარჩებიან, არ არის გამორცხული, რომ სხვა პარტიებზე გადანაწილდეს ეს პროცენტი.

აქ ერთი სინტერესო დეტალია, გამოკითხულთა ის რაოდენობა, რომელიც არჩევნებზე წასვლას გეგმავს და გადაწყვეტილი აქვს ვის დაუჭერს მხარს 32% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“, აქ უფრო დიდია სხვაობა. სავარაუდოა, რომ საარჩევნო კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა, მისთვის მეტ-ნაკლებად შედეგიანია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თქმით, კვლევამ გამოავლინა, რომ ხელისუფლების მთავარი პრობლემა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ იმედგაცრუებული ამომრჩეველია, რომელსაც აღარ მოსწონს ხელისუფლება, იმედგაცრუებულია და მის მიმართ საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი.

„სამ ძირითად ტენდენციაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რაც კანონზომიერია იმ პოლიტიკური პროცესის ლოგიკასთან მიმართებაში, რასაც ვაკვირდებით. პირველი - ეს გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად ვერ აყალიბებენ ხელისუფლებას, ანუ ჯამში, ორივე ერთად ვერ პასუხობენ ამომრჩევლის უმრავლესობის გემოვნებას და შიგნით როგორ ნაწილდებიან, ეს ნაკლებად საინტერესოა.

მეორე - უმრავლესობა ეძებს მესამე არჩევანს, ამომრჩევლის უმრავლესობის გემოვნებას ვერ პასუხობს პოლიტიკური ელიტიდან ვერავინ, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლებს სურთ არჩევნებზე წასვლა, ისინი ვერ პოულობენ ღირსეულ კანდიდატს და თუ ასეთი არჩევანი იქნა შეთავაზებული, საბოლოო ჯამში, შეიძლება ამან სურათი რადიკალურად შეცვალოს.

მესამე - რაც შემაშფოთებელია და რაც შეიძლება გავიზიაროთ არის, რომ ძალიან მაღალია ნეგატიური არჩევანის მაჩვენებელი. მხედველობაში მაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კატეგორიულად მიუღებელი მაღალი მაჩვენებელი და „ქართული ოცნების“ კატეგორიულად მიუღებლობა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, აგრესიული პროტესტის მოლოდინი არის ძალიან მაღალი. რაც ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის მიუღებელი არჩევანის შემთხვევაში შეიძლება, პირობითად, ქუჩაში გამოვიდნენ აქტიური პროტესტის გამოსახატად“, - ამბობს გია ხუხაშვილი.