მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თინა ხიდაშელის შემცვლელი, შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ან ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან შეირჩეს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ თავდაცვის უწყება იმ პირმა უნდა ჩაიბაროს, ვისაც საგარეო ურთიერთობების კარგი გამოცდილება და კომპეტენცია გააჩნია.
არაოფიციალური ინფორმაციით თინა ხიდაშელის შემცვლელად ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დავით ზალკალიანის და დავით დონდუას კანდიდატურები განიხილება.
რესპუბლიკელმა მინისტრებმა პრემიერ-მინისტრს 1 აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართეს. მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა რესპუბლიკელი მინისტრების გარეშე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელის სხდომაზე გამოუცხადებლობას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორ 2016“-ს უკავშირებენ.
თინა ხიდაშელმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დღეს კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო სწავლება „დიდგორი 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო, კრწანისის სასწავლო ცენტრი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კრწანისის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომლის განცხადებით, მას ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრთან ამ თემაზე არ უსაუბრია. შესაბამისად, მისთვის უცობია, როდის დატოვა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი.
„ჩემთვის ეს ცნობილი არ არის. დღეს შევხვდი ქალბატონ მინისტრს, ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება ტარდება კრწანისში. ძალიან კარგად არის ყველაფერი მომზადებული. აქ ხდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე დახვედრა. არც მქონდა დრო ამ საკითხზე მინისტრთან მესაუბრა, არც ვარ ამ საქმეში ჩართული. ალბათ, პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას. რაც შეეხება ხიდაშელის შემცვლელის კანდიდატურას, მიმაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის უწყებას ძლიერი ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ახალი თავდაცვის მინისტრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გენერალური შტაბის უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს.
„მეც ძალიან მაინტერესებს და ველოდებით ახალი მინისტრის ვინაობის გახმაურებას“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, რესპუბლიკელი მინისტრები ასრულებენ პირობას, რაც მათ საჯაროდ დადეს, რომ ვიზიტების დასრულების შემდეგ თანამდებობებს დატოვებდნენ. შესაბამისად, ბერძენიშვილის განცხადებით, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობის სხდომას არ ესწრებოდნენ.
„უსუფაშვილმა პარტიის ოფისში თქვა, რომ ჩვენი მინისტრები ბოლო ვიზიტებს დაამთავრებენ და შემდეგ აღარ იქნებიან მინისტრები. თინა ხიდაშელს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაატა ზაქარეიშვილს - გერმანიაში. ორივე მათგანი ჩამოვიდა.
ბუნებრივია, რომ არც ერთი დღეს არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე - ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით, რომ ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მაშ ასე, რესპუბლიკელი მინისტრები 1 აგვისტოს თანამდებობებს დატოვებენ. თუმცა, მთავრობის წევრები არ აკონკრეტებენ ვინ ჩაიბარებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, არც ერთ შეკრებაზე, რომელსაც თავად ესწრებოდა, საუბარი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„გუშინდელ შეხვედრაზე, სპეციფიკურ სამუშაო საკითხებზე გვქონდა საუბარი და მსჯელობა, არანაირი შეხება არ ჰქონია ამას მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან. მე ძალიან ხშირად მიწევს პრემიერ-მინისტრთან მისვლა სამუშაო შეხვედრის ფორმატში. უბრალოდ, გუშინდელი მორიგი სამუშაო შეხვედრა დაემთხვა პრემიერისა და საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარის შეხვედრას“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საშუალება, ნებისმიერი მინისტრის შემცვლელად კონკურენტული კადრი დაასახელოს. მისივე თქმით, რამდენიმე მინისტრსა და პრემიერ-მინისტრის გუშინდელ სამუშაო შეხვედრაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა სამთავრობო ცვლილებებზე.
„რაც უნდა გასაკვირი იყოს ზოგიერთი ოპონენტისთვის, „ქართული ოცნება“ არის რესურსის მქონე პარტია. ეს არის პარტია, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყანა სტაბილურობის და მშვიდობის პირობებში ამყოფა. ეს არის პარტია, რომელმაც საქართველო რეგიონული და მსოფლიო კონტექსტის მიუხედავად, ამყოფა განვითარების გზაზე, ეს ქვეყანა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, შეაყენა განვითარების სწორ, პროგრესის გზაზე.
პირდაპირ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის მთავრობამაც ოთხი წლის მანძილზე გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებულმა არაერთმა მთავრობამ წარსულში. ეს გახლავთ რესურსიანი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური მმართველი პარტია. ამიტომაც „ქართულ ოცნებას“, როგორც რესურსიან პარტიას, ექნება საშუალება, რესპუბლიკელებზე, თუ უპარტიო მინისტრებზე არანაკლებ კონკურენტული კადრი დაასახელოს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.