ევროპაში ტერაქტების სერიები ლამისაა უკვე დღის ჩვეულ რეჟიმში ჩაჯდეს, გერმანიაში 27 ივლისს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ტემპერატურა არ მცირდება არც ახლო აღმოსავლეთში - გუშინ, სირიაში მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობას უმეტეს შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფო“ იღებს. შედეგებს, როგორც წესი, მთელი დასავლეთი გმობს. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი, რა შეიძლება აღმოჩნდეს პიკი, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება მოვლენები, საჯარო პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს. მიმდინარე პროცესების ანალიზი for.ge-მ ექსპერტ, ვახტანგ მაისაიას სთხოვა.
ვახტანგ მაისაია: როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, ეს არის გლობალური ომი, რომელმაც სამწუხაროდ, უკვე ფართო მასშტაბი მიიღო. ევროპაში „ისლამური სახელმწიფო“ ასეთი ტიპის საომარი ოპერაციებისთვის 800 ინდივიდუალურად მომზადებულ დივერსანტს ამოქმედებს და მთელი ტრაგედია ჯერ კიდევ წინ არის.
სად დაუშვა დასავლეთმა მთავარი შეცდომა?
- დასავლეთის შეცდომებზე რომ ვისაუბროთ, შეიძლება, ძალზე შორს წავიდეთ. ვიდრე დასავლეთი არ მიხვდება, რომ ეს არის გლობალური ომი და არ მოიქცევიან ისე, როგორც ეკადრება ნამდვილ, კონვენციურ მოწინააღმდეგეს, ვიდრე არ აღიარებენ, რომ დაიში („ისლამური სახელმწიფო“) ეს არ არის მხოლოდ ტერორისტული გაერთიანება, არამედ პრაქტიკულად, სეპატარიზმზე დაფუძნებული სტრუქტურული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია შეიარაღებული ძალები და ისეთი საბრძოლო ელემენტები, როგორიც ნებისმიერი კარგად შეიარაღებული ქვეყნის საბრძოლო შენაერთებს, მანამდე სერიოზულ წინააღმდეგობაზე ვერ ვისაუბრებთ.
დღეს „ისლამური სახელმწიფო“ გადასულია კონტრშეტევაზე აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მათ დაიბრუნეს პოზიციები ფრონტის ძირითად ხაზზე, დღეს უკვე ფალუჯასაც კი შეუტიეს და ფაქტობრივად, ალყაშია. რამალას, რაც შეეხება, დაკავებულია ტერიტორიის 10-15% და ა.შ.
ვიდრე არ მოხდება ერთიანი სახმელეთო ოპერაციების განხორციელება კოალიციუირი ჯარების მეშვეობით, როგორც მოხდა სადამ ჰუსეინის წინაააღმდეგ, მანამ ისე გაგრძელდება ყველაფერი, როგორც არის.
გახშირებულ ტერაქტებს რაც შეეხება, დევნილების შესვლამ ევროპაში რამდენად ითამაშა კატალიზატორის როლი?
- სხვაგვარად, როგორ მოხვდებოდა კარგად მომზადებული, კონსპირირებული 800 მებრძოლი ევროპაში? შექმნილია სპეცდანიშნულების ბრიგადები, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ სპეციალური მომზადების ცენტრი ამზადებს. ბოლოდროინდელ ტერაქტებში სწორედ მათი ხელწერა იკვეთება.
არ ვიცი, მაგალითად, მიუნხენის ტერაქტზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას და რამდენად მიანიჭებს გერმანიის მთავრობა დაიშის მიერ ჩადენილი ტერაქტის კვალიფიკაციას. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ეს იდეოლოგიური ომი უკვე ნელ-ნელა იზრდება საინფორმაციო ომში და არ ვიცი, რამდენად აწყობს გერმანიის მთავრობას ამისი აფიშირება.
კიდევ სად მოხდება მსგავსი დივესიული შეტევები, შეუძლებელია პროგნოზირება, რადგან ინდივიადუალური დივერსანტების გარდა მოქმედებს სხვა დივერსიული ჯგუფებიც, რომელთაც სხვა დანიშნულება აქვთ - დაიკავონ შენობები, აიყვანონ მძევლები და ა.შ. ჰყავთ მსხვილი დაჯგუფებებიც, რომლებსაც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყენებენ.
ეს არის იდეოლოგიის ომი, ცივილიზაციათა ომი თუ სადამდე მივყავართ ამ ყველაფერს?
- ცივილიზააციათა ომი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს არის ომი გეოპოლიტიკური გავლენის რამდენიმე ცენტრს შორის. მათ შორის, ერთ-ერთია დაიში.
მათი იდეები საზოგადოებისთვის ასე თუ ისე, ცნობილია, მაგრამ რა შეიძლება იყოს მათი რეალური მიზანი?
- რა იყო ბოლშევიკების, ნაცისტების მიზანი?- ისეთივე ამორფული და დაუჯერებელი, როგორც დაიშის. ვინმეს სჯეროდა, რომ კომუნისტები შეძლებდნენ მთელი მსოფლიო მოექციათ ერთ პოლიტიკურ სისტემაში? მაგრამ ხომ შედგა საბჭოთა კავშირის სახით ასეთი სახელმწიფო?
ანუ პრობლემა ის არის, რომ როგორც თავის დროზე კომუნისტებს ან თუნდაც ჰიტლერს სათანადო შეფასება არ მისცეს, და სათანადო ზომები არ მიიღეს. ევროპა დაიშის მიმართაც იგივე შეცდომას უშვებს?
- სერიოზულად ვინ აღიქვამდა ტროცკის იდეას, რომ პოლონეთში შევიდოდნენ და იქ კომუნისტურ მმართველობას დააწესებდნენ?! მაგრამ ეს იდეაც შედგა. იგივე იყო ჰიტლერის შემთხვევაშიც - გამორჩეული რასის მიერ მთელი მსოფლიოს მართვაც უტოპიური იდეა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დაჯგუფებები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და გლობალური ომებიც წამოიწყეს. ნაცისტებმა - მეორე მსოფლიო ომი, კომუნისტებმა - ცივი ომი თავიანთი უტოპიური იდეის განსახცორციელებლად და რატომ გგონიათ, რომ ასეთივე ფანატიკოსები არ არიან ისლამური დაიშის მომხრეები?!
მათ უნდათ, რომ აღადგინონ არაბული ტიპის ხალიფატი, რომელიც თავის დროზე მთელ სამ კონტინენტზე იყო გამეფებული. მათ თავიანთი დომინანტური იმპერიის საზღვრებიც აქვთ უკვე შედგენილი და ამ გეგმას მისდევენ, სხვათა შორის, საკმაოდ პოლიტიკური მეთოდებით.
ამ შემთხვევში რა შეიძლება ითქვას, ევროპა თავს არ იცავს თუ ვერ იცავს?
- დაახლოებით ისეთი სიტუაციაა - დავუშვათ, უბანში რომ გამოჩნდეს ვიღაც თავხედი და დაიწყოს თავისი წესების დამკვიდრება. ფიქრობენ, რომ იხულიგნებს და ამით მორჩება ყველაფერი. გავიხსენოთ, თუნდაც 1938 წელს ჰიტლერის მიმართ ჩემბერლენის პოლიტიკა - ჰიტლერს თავი მოუქონეს როდესაც მან ჩეხოსლოვაკია და ავსტრია დაიპყრო. მაშინ შეეძლოთ, „თავში წამოერტყათ“ მისთვის და ამით დაემთავრებინათ ყველაფერი, მაგრამ არაფრად ჩაადგეს და ვნახეთ, შემდეგ რაც მოხდა. დღეს ასე არასწორად უყურებენ დაიშსაც.
ეს ყველაფერი საქართველოს რამდენად შეიძლება შეეხოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც გვყავს მუსლიმანი მოსახლეობა?
- არ მგონია რამე მოხდეს, მაგრამ დაიში იმდენად არის ყველგან ფესვგადგმული, რომ გამორიცხულიც არაფერია.
გასაგებია, რომ საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ საქართველოში რა კონკრეტული ინტერესი შეიძლება გაუჩნდეთ?
- საქართველოს ჰყავს საკმაოდ სოლიდური მუსლიმანური თემი. მათ შეიძლება თქვან, რომ უნდა დაიცვან მუსლიმანები, როგორც ეს ლიბანის შემთხვევაში მოხდა. გარდა ამისა, საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა, მათაც სჭირდებათ ტრანზიტი იმისათვის, რომ კავშირი ჰქონდეთ ჩრდილო კავკასიის და ვოლგისპირეთის 20-მილიონიან თემთან - ასეთი სტრატეგიაც არსებობს.
ამის გარდა, მნიშვნელოვანი და აქტუალურია კავშირი ცენტრალურ აზიასთან. ამ ეტაპზე ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობაში დაიშს ირანის ფაქტორი უშლის ხელს, ამიტომ ალტერნატიული ვარიანტია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქმენეთი და ავღანეთი.
მოგეხსენებათ, რომ მათ უკვე შექმნეს ავღანეთში საკმაოდ სოლიდური დაიშის დაჯგუფება და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ავღანეთში თალიბანის ბოლო ლიდერი, მულა მანსური მოკლეს, დაიშისა და თალიბანის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო ხდება.
ასეთ შემთხვევაში, არ მესმის ამერიკელების სტრატეგია - გასაგებია, რომ თალიბანი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ეს ურთიერთობა უფრო ზომიერი იყო, როდესაც მანსური ედგა თალიბანს სათავეში, რადგან მასთან ასე თუ ისე, შესაძლებელი იყო მოლაპარაკება.
ის გარკვეულწილად, აკავებდა კიდეც თალიბანის უფრო რადიკალურ დაჯგუფებებს. დღეს კი თალიბანის სათავეში მოვიდა საკმაოდ რადიკალი ლიდერი მალავი ჰაიბათულა ახუნზადა და ვნახეთ, რომ შეწყდა ავღანეთთან ყოველგვარი მოლაპარაკება. მან წამოაყენა ულტიმატუმი, რომ უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება და როგორც ცნობილია, მან უკვე გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიშის ადგილობრივ დაჯგუფებასთან.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, სწორედ მულა მანსურის ლიბერალური პოლიტიკის გამო თალიბანის ერთ-ერთი რადიკალი ლიდერი, ყანდაგარის საველე მეთაური ამირ აბდულა გადავიდა დაიშის მხარეს და საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობენ.
მათი თანამშრომლობის შედეგია თავის დროზე ალმა-ატაში შეიარაღებული გამოსვლები, ტაჯიკეთში რამდენიმე შეტევა, თურქმენეთში დაიშის მომხრეების გააქტიურება და ა.შ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი ინტერესების თანხვედრა ხდება ნარკოტრაფიკის მიმართულებითაც.
ამდენად, საქართველო მათთვის იმითაა საინტერესო რომ ადვილად შეძლონ თავიანთ მომხრეებთან დაკავშირება როგორც აღმოსავლეთის, ასე ჩრდილოეთის მიმართულებით.