ქვეყნის პირველ პირსა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება, „ქართული ოცნება“ კი, ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრობს.
თუ რას ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი მარგველაშვილის ბრალდებებზე, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის ესაუბრა:
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უმოქმედობით ინსტიტუციების დისკრედიტაცია ხდება და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ პრემიერ-მინისტრის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ. შეგიძლიათ, გვითხრათ, რას გულისხმობს ქვეყნის პირველი პირი?
- ადგილი უცნაურ ტენდენციას აქვს. პრეზიდენტის თანაშემწეები და სპიკერები გამოდიან და გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში რაღაც დამოკიდებულებებს აჟღერებენ, რაც თავისი შინაარსით, ტერმინოლოგიითა და გადმოცემის სტილით პოლიტიკურად დაპირისპირებული სტრუქტურის მანერას უფრო ჰგავს, ვიდრე პრეზიდენტის საუბარს. პრემიერ-მინისტრის იქეთ, რა ჯგუფმა უნდა იარსებოს?
პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ის სარჩელი ვერ გავიდა, რომელიც „საარჩევნო კოდექსს“ - საარჩევნო ოლქების საზღვრებს ეხებოდა. შემოტევები ამის შემდეგ დაიწყო, რაც ბევრ კითხვას აჩენს. პრეზიდენტი რის საფუძველზე ამბობს, რომ შესაძლოა, პრემიერის უკან რაიმე ჯგუფი არსებობდეს და მოქმედებდეს? კორცხელის ინციდენტი საკმარისი საფუძველია იმის, რომ ამ დონეზე ასეთი მოსაზრება გამოითქვას? ეს ყველაფერი დროში ნაციონალების სარჩელის გაბათილებას რატომ დაემთხვა, რომელიც მათ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა?
თქვენ გამორიცხავთ, რომ მოსამართლეებზე გარკვეული პირების მხრიდან ზეწოლის მცდელობას ადგილი ჰქონოდა?
- რა თემებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ზეწოლა ან მოსამართლეებზე, ან პრეზიდენტზე? ამ შანტაჟისა და ზეწოლის საფუძველი რა არის? რა თემაა ისეთი, რითაც მათი დაჟანტაჟება შეიძლებოდა? ასევე მაინტერესებს, დაშანტაჟების რა მეთოდი არსებობს, ან მათგან რა პოზიციის შეცვლას ითხოვენ? მათ ლოიალობას სთხოვენ, უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას? - დეტალებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და ჰაერიდან მოტანილი განცხადებების კეთება ხდება, რაც ქვეყანას სერიოზულად აზიანებს.
პრეზიდენტს აინტერესებს, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახი კალაძეს. რა როლი ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრს კორცხელის დაპირისპირებაში?
- რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს? კორცხელის ინციდენტის მონაწილეები აქციებზე ხშირად დადიან და რამდენადაც ვიცი, პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ისინი აქციაზე იყვნენ. ეჭვი მაქვს, რომ ამ ჩხუბის პროვოცირება მოხდა, რათა აჟიოტაჟი ყოფილიყო შექმნილიყო. კახი კალაძე პარტიის გენმდივანია და ეტყობა, მის სახელს სპორტს უკავშირებენ. მის მიმართ ბრალდება იყო, რაც ძალიან სასაცილოა, რადგან თურმე, კახი კალაძის ბანკში მოსკოვიდან თანხები ჩარიცხეს, რომელიც კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს დაურიგეს. ჭკუათმყოფელი ხომ უნდა დაუკვირდეს, ასეთი ბრალდება რეალობასთან რამდენად ახლოს არის?! „ქართული ოცნების“ მიმართ გეგმაზომიერი და მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს. დროში დამთხვევა ვახსენეთ და გეტყვით, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს. ევროკავშირის ასოცირებული წევრები გავხდით და დღედღეზე ვიზალიებრალიზაციის საკითხი გადაწყდება. საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილური სახელმწიფოა და ქვეყნის გეოპოლიტუკურმა მნიშვნელობამ სხვა დონეზე მიაღწია. ფაქტობრივად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა მიმართულებით კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. არცერთი თემა, რომელიც მათ დაძრეს იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო დონეზე შერყეულიყო, წარმატებული არ გამოდგა. ახლა ახალი თემა დაიწყო, რომელსაც სათავე პაპუაშვილმა დაუდო. პაპუაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ადრეც მიმართა, მაგრამ არანაირი მიმართვა არ ყოფილა. ასევე ვენეციის კომისიამ აღიარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით სწორი კანონი იქნა მიღებული. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შეიკრა და იფიქრეს, საშველი აღარ არისო. გიორგი პაპუაშვილს თუ ვინმე შეიძლება აშანტაჟებდეს, ეს ის ხალხი იქნება, ვინც მისი ხელმძღვანელები იყვნენ და დღესაც არიან.
თქვენ თქვით, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, თუმცა, ზეწოლის მცდელობაზე პაატა ბურჭულაძის პარტიაც საუბრობს. მათი ცნობით, ვანში მათ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...
- პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები, რომლებიც ქუჩაში გააჩერეს, ნახავდით, როგორ იქცეოდნენ და რა სიტყვებს იყენებდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიულ აზრებზე რაღაც შელაპარეკება მოხდება და გადაძახილებიც იქნება, მაგრამ გიგა ბოკერიას პროვოცირების მასტერკლასი აქვს გავლილი. შეგიძლიათ, ძველი კადრები ამოიღოთ და ნახავთ, ეკლესიის დარბევისას პროვოცირება როგორ ხდებოდა. ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს.
პაპუაშვილის განცხადებები რაც არ უნდა ტყუილად ან მართლად გვეჩვენებოდეს, აუცილებელია, რომ ამაზე კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით პასუხი პროკურატურამ გასცეს. ყველაფრის დისკრედიტაცია მიდის. მათ შორის, საგამოძიებო სტრუქტურების, ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის. თურმე, პრემიერმა არ იცის, რომ მის ზურგს უკან რაღაც პროცესები მიმდინარეობს. იქნებ, პრეზიდენტი საქმის კურსში საერთოდ არ არის მისი სახელით რა განცხადებებიც კეთდება?! ეტყობა, სასამართლოს რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით, პრეზიდენტისთვის არ უთქვამთ, რომ ეს მხოლოდ მესამე მოსმენის საკთხი არ არის, რადგან ღია მუხლებია დარჩენილი. ასევე პრეზიდნეტი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად დასახელება არ შეიძლება, მისი პოლიტიკური მრჩეველი კი ამბობს, რომ აქედან იწყება პოლიტიკურ პატიმრად ცნობა. იქეთ ვფიქრობ, მის ზურგს უკან ხომ არ ხდება რაიმე პროცესები?!
ხალხს სულ სხვა რამ აინტერესებს - სტაბილურობა და სტრატეგიული განვითარების გეგმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული, რომელიც არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება.
ნაციონალებს ეს გეგმა ვისთან ერთად აქვთ?
პაატა ბურჭულაძის პარტია ნაციონალების გვერდით გამოკვეთილად არის და ეს ბევრი ნიშნით გამოიკვეთა. პრეზიდენტის გარშემო ისეთი ატმოსფერო ჩამოყალიბდა, რომელზეც თავად არ აქვს სრული წარმოდგენა, თუ რა ტენდენციების განვითარებას უწყობს ხელს. ამ ყველაფერის მიუხედავად მგონია, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდება.