ნაციონალების ბოლო იმედი პროკურატურაში არ ცხადდება

ნაციონალების ბოლო იმედი პროკურატურაში არ ცხადდება

გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მივიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე მთავარ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, 13:00 საათზე იყო დაბარებული.

პაპუაშვილის გარდა პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე. შესაბამისად, პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების გამოკითხვა დილიდან მიმდინარეობდა. მოსამართლეები ამბობენ, რომ პაპუაშვილის განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი აცხადებს, რომ პირადად მის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა.

„ვერ გეტყვით ვერაფერს თუ რას უკავშირდებოდა მისი ეს განცხადება. ამ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები ჩვენც გაგვაჩნია, მას გაცილებით მეტი ინფორმაცია ექნება ვიდრე ჩვენ. განცხადება იყო მოულოდნელი, არც განცხადების მომზადების შესახებ, არც ბრიფინგის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა. ჩემ მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ დამოუკიდებლები და ამაზე მეტყველებს მათი განვლილი გზაც. როგორც ფაფიაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, თუ რას ითხოვს კანონი და არა იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ფიქრობს, ან როგორია საზოგადოებრივი აზრი.

„დღევანდელ გამოკითხვაზე პროკურატურაში დაისვა ორი კითხვა - განხორციელდა თუ არა რაიმე ზეწოლა ჩემი ან ჩემი ახლობლების მიმართ, ასევე გამაჩნდა თუ არა რაიმე ინფორმაცია ჩემი კოლეგების მიმართ ზეწოლის შესახებ. ასეთი ტიპის ინფორმაცია მე არ გამაჩნია“, - აღნიშნა ლალი ფაფიაშვილმა.

ლალი ფაფიაშვილის მსგავსად, პაპუაშვილის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ ტურავასთვის. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, მასზე არანიარი ზეწოლა არ განხორციელებულა და ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ არც მისი კოლეგებისგან სმენია.

„დაბარებული ვარ და აუცილებლად მივალ. ყველა მოსამართლესთანაც გაგზავნილია უწყებები პროკურატურაში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. დღეს ვერ მივედი, რადგან დაკავებული ვარ და ზეგ აუცილებლად მივალ“, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

ერთადერთი ვინც მთავარ პროკურატურაში არ ცხადდება, თავად ბრალდების ავტორია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უცნაურია, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მიდის.

„მინდა შევახსენო მას, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული სტრუქტურა. ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლებში, როცა მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა ის ანგარიშვალდებულია პარლამენტთან.

რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას, თუმცა, მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს, ეს იყო წარსულში, დღეს - არა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

„წარსულს ჩავაბარეთ პერიოდი, როცა ერთი პიროვნება იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი, ჯიბეში ედო პარლამენტიც, საკონსტიტუციო სასამართლოც, პოლიციაც და ჯარიც“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომლის განცხადებით, პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი. მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ხდება კონკრეტული ინსტიტიციების დისკრედიტაცია.

„სრულიად გაუგებარია ჩემთვის მისი განცხადებები, რომ ის არ მივა პროკურატურაში. მე ვფიქრობ, ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულწილად დააკავშიროს პროკურატურასთან, თითქოს ჩვენ გვაქვს რაიმე ზეგავლენა. ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩავაბარეთ. მათ უნდა შეიგრძნონ არსებული რეალობა, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საქართველოს, სადაც თავისუფალი მოქალაქეები იცხოვრებენ და რომ ქვეყანა დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, თუკი ზეწოლის ბრალდებებთან დაკავშირებით პაპუაშვილი პროკურატურას ჩვენებას არ მისცემს, გაუგებარია, გამოძიებამ უნდა იწინასწარმეტყველოს თუ უნდა იმკითხაოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლას აქვს ადგილი, ხოლო მეორე მხრივ, ამბობს, რომ ის მთავარ პროკურატურაში არ მივა, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური შეხვედრები არ გაიმართება, ძალიან უხერხულია. ბუნებრივია, ეს ზრდის კითხვებს. როგორ უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, თუკი პროკურატურაში არ მივიდა მოსამართლე თუ სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც აკეთებს განაცხადებას, რომ ხდება ზეწოლა.

მთავარმა საგამოძიებო ორგანომ უნდა გაიგოს რა ტიპის ზეწოლა ხდება, ვისზე ხდება და ვისი მხრიდან ხდება - ეს ხდება ბრიუსელიდან, საქართველოდან, ოდესიდან თუ სხვა ადგილიდან. თუ ამ საქმეზე კონკრეტულმა პირებმა - თავად გიორგი პაპუაშვილმა და იმ მოსამართლეებმა არ ისაუბრეს, ვისაც პაპუაშვილი გულისხმობს, არ ვიცი, გამოძიებამ უნდა იწინასწარმეტყველოს თუ უნდა იმკითხაოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობაში“ კი თვლიან, რომ ლოგიკურია პაპუაშვილს სურს პრემიერთან შეხვედრა, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს. სერგო რატიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელში პროკურატურა დღეს პოლიტიკურ იარაღადაა გადაქცეული. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, რამდენად არსებობს და აქვს ნება პრემიერს, რომ შეცვალოს ვითარება.

„პროკურატურა დღეს პოლიტიკურ იარაღადაა გადაქცეული „ქართული ოცნების“ ხელში და ბუნებრივია, როცა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ეს ლოგიკურია. ლოგიკურია, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს. ეს ცალსახაა. დღეს უნდა გაირკვეს, რამდენად არსებობს და აქვს ნება პრემიერს, რომ შეცვალოს ვითარება.

როგორც ვხედავთ, ამის არანაირი ნება არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია პაპუაშვილის და პრემიერის შეხვედრა, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, თუ რა მიმართულებას ირჩევს პრემიერი - დარჩება მარიონეტად, თუ საბოლოო ჯამში, შეძლებს და განახორციელებს იმ უფლებამოვალეობებს, რაც უნდა შეასრულოს პრემიერმა“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.