თამბაქოს რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით სჯა-ბაასი არ წყდება. ბოლო დროს გამახვილებულია ყურადღება პროდუქციის რეალიზატორთა აუცილებელ ლიცენზირებასთან ინიციატივაზე. ეკონომისტების ფიქრობენ, რომ ეს ნორმა თამბაქოს მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით არაფერ შუაშია და ამ მხრივ არსებული პრობლემის გადაჭრას ვერაფრით დაეხმარება.
ექსპერტთა და პარლამენტართა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ბევრი საკითხი კანონპროექტთან დაკავშირებით ზედმეტ ბარიერს შექმნის. მათ შორის, ერთ-ერთია თამბაქოს და თამბაქოს პროდუქციის რეალიზატორთა აუცილებელი ლიცენზირება, ვალდებულება ხილვადობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და სხვა. ამ ფონზე გარკვეული რისკი იქმნება იმასთან დაკავშირებით, რომ თაქმბაქოს პროდუქციის გაყიდვამ არალეგალური სახე შეიძინოს.
„გარკვეულ ქვეყნებში თამბაქოს გაყიდვა დაშვებულია ლიცენზირების საფუძველზე, ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის ლიცენზირების პრაქტიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მეორე საკითხი: თუ ჩვენ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება გვინდა, ლოგიკას ვერ ვხვდები ამ შემთხვევაში. პირადად მე ასეთი ტიპის ლიცენზირების წინააღმდეგი ვარ. ლიცენზირების პრაქტიკა უნდა გამორიცხავდეს მანკიერი გადაწყვეტილებების გაჩენის შესაძლებლობას.
როცა საქართველოში ლიცენზირების პრაქტიკა შემოდის საქართველოში იმ წამსვე მიჩნდება განცდა იმისა, რომ სრულიად შესაძლებელია თამბაქოს რაღაც გარკვეულმა ნაწილმა ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილში გადაინაცვლოს. ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს, მეორე მხრივ აღურიცხავი ეკონომიკის გარკვეული კომპონენტი გაჩნდება, რაც თავისთავად საზიანოა, როგორც თამბაქოს მომხმარებლებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.
ვფიქრობ, ლიცენზირება გამოსავალი არ არის. ამ შემთხვევაში პრობლემას უფრო ვხედავ, ვიდრე გამოსავალს. თან რას მოგვიტანს ეს შედეგად? ლიცენზიას მაინც ყველა აიღებს. რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ამას?
დღესაც შეუძლია სახელმწიფოს თამბაქოს გამყიდველთა კონტროლი, რამდენადაც ის არის აქციზური პროდუქტი და ეს დამატებითი რეგულაცია რა არის, თუ მეწარმე აიღებს ლიცენზიას ამით რა შეიცვლება, გაუგებარია. პროდუქტი, რომ მავნებელია ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ლიცენზირება რა შუაშია? თუ ეს იმისთვის გვინდა, რომ აღრიცხვა-ანგარიშგება გაუმჯობესდეს, ამისთვის არსებობს აქციზური მარკირება და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობს, რომ ეს საკითხი მაქსიმალურად მოწესრიგებულია და შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებულია. ლიცენზირებით კი თამბაქოს მომხმარებლთა რაოდენობა არ შემცირდება“, - აცხადებს ეკონომისტი ლევან კალანდაძე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილიც ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება არ შეიძლება.
„კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება სარგებელს არც მწეველებს მოუტანს და არც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში მწველთა რაოდენობის შემცირებაზე ყველაზე ეფექტურად სახელმწიფოს მიერ წარმოებული საგანმანათლებლო კამპანია მოქმედებს. მხოლოდ შეზღუდვები, შედეგს არ იძლევა. ამ ცვლილებებით ყველაზე მეტად მცირე მეწარმეები დაზარალდებიან, რომლებსაც ახალი რეგულაციების გამო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის შექმნა და ლიცენზიის აღება მოუწევთ.
მაგალითად, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ყველა კაფესა თუ რესტორანში უნდა იყოს მწეველთათვის ცალკე გამოყოფილი ადგილი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რა თქმა უნდა, ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ მეწარმეს ხარჯი ეზრდება საიდან ამოიღებს ამ ფულს? ისევ და ისევ პროდუქციის გაძვირების შედეგად. ამ რეგულაციების შემოღებით, ისევ მოსახლეობას მოუწევს გაძვირებული მომსახურების ყიდვა. ამიტომ ყველა რეგულაცია ნაბიჯ-ნაბიჯ და დროში გაწელილი უნდა იყოს. იმედია, პარლამენტი არ დაამტკიცებს კანონპროექტს ამ სახით“, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.