„დღევანდელი შავი ზღვა არის 80-იანი წლების ბალტიის ზღვის ტოლფასი, ამიტომ თურქეთს არავინ დათმობს რუსეთის სასარგებლოდ“

„დღევანდელი შავი ზღვა არის 80-იანი წლების ბალტიის ზღვის ტოლფასი, ამიტომ თურქეთს არავინ დათმობს რუსეთის სასარგებლოდ“

რამდენად სახიფათო პერსპექტივას შექმნის საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ათათურქის მემკვიდრეობაზე უარის თქმა და ჩრდილოელი მეზობლის ავტორიტარიზმის შემდეგ ხომ არ ვიღებთ უკვე რიგით მეორე ავტორიტარულ რეჟიმს საქართველოს სამეზობლოდ?

ამის შესახებ For.ge-ს ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი ესაუბრა.

- გადაჭრით იმის თქმა, რომ ჩვენ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფო თურქეთში საბოლოოდ ყალიბდება ავტორიტარული რეჟიმი, გამიჭირდება. მოცემულ ეტაპზე თურქეთში ძალზე რთული ვითარებაა უშუალოდ თურქეთისთვისაც და ჩვენთვისაც. არის პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვისა და თურქეთის შიდა მოწყობის კუთხითაც. რაც შეეხება საქართველოსთან კონტექსტს, თუკი მოვლენები უარესი სცენარით განვითარდა, ცხადია, ჩვენთვის ეს კარგი არ იქნება, რადგან სამეზობლოდ გვეყოლება არა იმგვარი სახელმწიფო, როგორიც გვყავდა დაახლოებით ორი კვირის წინ, ან უფრო ადრეულ პერიოდში, არამედ ის მიდრეკილი იქნება არასეკულარიზმისკენ. ამ შემთხვევაში, ჩვენი პრობლემები გაათმაგდება, რადგან ჩვენ, ერთი მხრივ, ისედაც ვიმყოფებით აგრესიულობით გამორჩეული რუსეთის სამეზობლოდ და, მეორე მხრივ, ევროპისგან ზურგშექცეული ქვეყანა სამეზობლოდ, ბუნებრივია, არ გვაწყობს. ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენს სამეზობლოდ, მინიმუმ, ერთი სახელმწიფო მაინც იყოს, რომელიც ევროკავშირის გზაზეა დამდგარი. თუ თურქეთი საბოლოოდ უარს იტყვის მეტ ინტეგრაციაზე ცივილიზებულ სამყაროსთან და კონკრეტულად ევროკავშირთან, ბუნებრივია, ეს იქნება პრობლემა ჩვენთვისაც. ამავე დროს, მე ვვარაუდობ, რომ ასე არც მოხდება. ვფიქრობ, ვნებები ჩაცხრება და, მართალია, შეიქმნება სრულიად ახალი სასტარტო მდგომარეობა, მაგრამ თურქეთი, მრავალი მიზეზის გამო, უარს ვერ იტყვის დასავლეთთან ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობაზე. ამ მიზეზთა შორის გამოსარჩევია ეკონომიკური ურთიერთობებიც - თურქეთი, წესით, უარს ვერ იტყვის უამრავ ეკონომიკურ პროექტზე (ნავთობსადენები, გაზსადენები), რომლებსაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ურთიერთობების შეჩერების ან გართულების შემთხვევაში. პროექტები აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და თურქეთის, როგორც „ჰაბი სახელწიფოს“ როლი ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულია.

მაგალითად, თურქეთი უარს ვერ იტყვის სამომავლო ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტში თანამონაწილეობაზე, ან უკვე არსებულ სატრანსპორტო მარშრუტებზე არსებულ პროექტებზე. ყველა ეს პროექტი ეხება აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებას, შუააზიური რესურსების ევროპაში ჩატანას. ეს მოიცავს სატრანსპორტო დერეფნებს, ეხება ჩინეთს, ირანს...

თუ მოხდა სასწაული და ამ ყველაფერზე თურქეთი მაინც იტყვის უარს, ანუ, თუ თურქეთი ჩაკეტილ სახელმწიფოდ გარდაიქმნება, საშუალოვადიან პერსპექტივაში მას ძალიან გაუჭირდება ეკონომიკურადაც. ვითარება მძიმეა, მაგრამ არა უსაშველო. სწორედ ამიტომ არ ვარ ძალიან სკეპტიკოსი.

არ თვლით, რომ თურქეთმა უკვე უარი თქვა ათათურქის მემკვიდრეობაზე, ანუ თავის ისტორიულ გზაზე?

- არა. მიუხედავად ხილული პრობლემებისა, ვფიქრობ, ათათურქის მემკვიდრეობაზე უარის თქმა ისეთ საკმაოდ ძლიერ ფიგურასაც კი, როგორიც ერდოღანია, მაინც გაუჭირდება. ათათურქმა საფუძველი ჩაუყარა იმგვარ თურქეთს, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით. ის თურქეთი, მეტ-ნაკლებად, სირთულეებით, მაგრამ მაინც მონაწილეობდა გლობალურ პროცესებში, ის თავისუფალი იყო ისლამური წიაღსვლებისაგან. შესაბამისად, ერდოღანის ნაბიჯები ამ მიმართულებით წარმატების მომტანი არ უნდა იყოს და ამას ერდოღანიც, წესით, კარგად ხვდება. უნდა ვთქვათ, რომ, წლებია, ათწლეულებია, თურქული საზოგადოება მეტ-ნაკლებად შეეჩვია ევროპული ცივილიზაციით, ევროპული ყაიდით ცხოვრებას და მისთვის სულაც არ იქნება მისაღები არასეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა. თურქული საზოგადოება აუცილებლად გააპროტესტებს ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობის ამარა დატოვებასაც.

რუსეთ-თურქეთს შორის დამთბარ ურთიერთობას ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა ელის?

- ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ვვარაუდობ, რომ ეს დამთბარი ურთიერთობაც დროებითია. მოდით, შევხედოთ ასე - რამდენიმე თვის წინ რუსული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების კვალდაკვალ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა. მაგრამ, გამოხდა ხანი და ქვეყნებს შორის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად და, იმედია, დროებით დათბა. ჩვენ ამ პროცესს დინამიკაში უნდა ვაკვირდებოდეთ და უნდა ვიფიქროთ, რომ ლიდერებს, ან სახელმწიფოებს, რომელთა ღირებულებითი სისტემა ბოლომდე ჩამოყალიბებული, ან ძალიან მყარი არ არის, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებების შეტანის ცდუნება ჰქონდეთ. ასეთივე ცდუნება ჰქონდა ერდოღანსაც. როდესაც ამ მხრივ ვაკრიტიკებთ თურქეთის ლიდერს, ამავდროულად, არც ძირძველი დემოკრატიები უნდა დაგვავიწყდეს. არათუ ერდოღანს, იმგვარ ლიდერებსაც კი ახასიათებთ მიდრეკილება ცდუნებისკენ, რომელთა ღირებულებებშიც ეჭვი გაცილებით არ გვეპარება.

უნდა ვაღიაროთ, 21-ე დინამიკური საუკუნე გარკვეულ კონიუნქტურას აწესებს და შუაგულ ევროპაში არსებული დემოკრატიებიც კი, მიზეზთა გამო, არ არიან თანმიმდევრულნი. ამის მაგალითია გერმანია და მისი ლიდერი-კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პერიოდულად უხეში და მკაცრია რუსეთის მიმართ, თუმცა, დაახლოებით ამავე პერიოდულობით, ლოიალური და შემრიგებელია. იგივე შეიძლება ითქვას საფრანგეთის პრეზიდენტზეც, სხვა ლიდერებზე. სწორედ აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ მოცემულ ისტორიულ მომენტში, მოცემულ დღეებში, როდესაც თურქეთს დაეძაბა ურთიერთობები განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ის ცდილობს, შედარებით დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან და ეს, მაღალი ალბათობით, არის დროებითი აქტი. ...და, თუ ეს ასეა- თურქეთს არც ნატოდან გარიცხავენ და ნელ-ნელა აღდგება ურთიერთობები ევროკავშირთანაც.

ამავე დროს, ცხადია, არსებობს სხვა პროგნოზიც, რომლის თანახმადაც, თუ გაგრძელდა ადამიანის უფლებათა შელახვა ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ვერბალურად გამართლდა საკუთარი, თუნდაც შემცდარი მოქალაქეების დასახიჩრება, ან, ვთქვათ, თავის მოკვეთის ცნობილი ამბავი, თუკი აკადემიური სექტორის, სასამართლოს, არმიის წინააღმდეგ რეპრესიები გაგრძელდა, ანუ, თუ ერდოღანს საბოლოოდ გადაუცდება ფეხი წითელ ზღვარს მიღმა, ბუნებრივია, საქმე სხვანაირად წარიმართება. ვიმედოვნებ, ერდოღანსაც და თურქეთის პოლიტიკურ ელიტასაც ეყოფათ პრაგმატული გონიერება იმისთვის, რომ საბოლოოდ არ ჩაჩეხონ ურთიერთობები დასავლეთთან.

თავის მხრივ, არც დასავლეთი შეეგუება რუსეთის სასარგებლოდ რეგიონალურ მარცხს თურქეთის კონტექსტში.

- რასაკვირველია, ეს კიდევ ცალკე თემაა. ამ ამბებამდე ორი კვირით ადრე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება შავი ზღვის ფლოტის გაძლიერების თაობაზე. ჩვენ ვუყურებთ ნატოს, როგორც ერთიან ორგანიზმს, მაგრამ ნატოს საკუთარი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს. ნატოს 29 სახელმწიფო, სხვადასხვა მასშტაბით, კონტრიბუტორია ნატოს წევრების უსაფრთხოების საქმეში. მათ შორის, მეორეხარისხოვანი ქვეყანა სულაც არ არის თურქეთი. როგორ წარმოგიდგენიათ შავი ზღვის უსაფრთხოება თურქეთის მონაწილეობის გარეშე?! ამიტომ შეიძლება ბევრჯერ დაიძაბოს ურთიერთობა თურქეთსა და შეერთებულ შტატებს, ან თურქეთსა და ევროკავშირს შორის, მაგრამ დაძაბულობა არ მივა იმ წერტილამდე, რომ ჩავარდეს ეკონომიკური პროექტები ან საფრთხე შეექმნას გრძელ ან საშუალოვადიან თანამშრომლობას. კვლავ ვიტყვი, სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი თურქეთი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. რეგიონი უნდა წარმოვიდგინოთ ასე: ეს არის ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის ერთობა... და, თუ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გადაწყდა, რომ მინიმუმ უნდა დანგრეულიყო საბჭოთა კავშირის გამო არსებული პოსტსოციალისტური სივრცე (ანუ ვარშავის ხელშეკრულებით ხელოვნურად გაერთიანებული ქვეყნები უნდა გათავისუფლებულიყვნენ კომუნიზმისგან), უკვე 21-ე საუკუნეში სხვა გადაწყვეტილებები მიიღო დასავლეთმა. მე-20 საუკუნეში იმ გადაწყვეტილების შედეგი იყო რეიგანის პოლიტიკა, ხოლო მაშინდელმა ნატომ სერიოზულად გააძლიერა საკუთარი მონაწილეობა ბალტიის ზღვაზე. ახლა კი ნატო აპირებს გააძლიეროს შავი ზღვა. დღევანდელი შავი ზღვა, ხატოვნად რომ ვთქვათ, არის მაშინდელი ბალტიის ზღვის ტოლფასი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, დასავლური ქვეყნები არ შეეგუებიან ამ, თუ მაინც ასე ვიტყვით, დროებით მარცხს რეგიონში. ამავე კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს გამოწვევები ახლო აღმოსავლეთში, ლტოლვილები, ტერორიზმის საფრთხე უკვე შუაგულ ევროპაში. დათმობა ახლა ნიშნავს სრულ კრახს და სრული კრახისთვის თავს არ გასწირავს დასავლეთი.

თურქი ხალხის მენტალობაც საინტერესოა. როდესაც ერდოღანი იშველიებს, რომ სიკვდილით დასჯის შემოღება სწორედ თურქ ხალხს სურს, როდესაც ვიხილეთ ამბოხების დღეს როგორ გაუსწორდა მოსახლეობა მეამბოხეებს, ფიქრობთ თუ არა, რომ იქაური საზოგადოება გარკვეული ხნის შემდეგ კრიტიკულად შეაფასებს ერდოღანის მიერ დაწყებულ რეპრესიებს, თუნდაც აკადემიურ სექტორთან მიმართებით?

- ის, რაც აკადემიურ სექტორთან, ან ზოგადად განსხვავებულ პოზიციაზე მყოფთა მიმართ დაიწყო ერდოღანმა, ვნებების ჩაცხრობის შემდეგ, იმავე საზოგადოებაში სხვანაირად აღიქმება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიაში ცხოვრების მაინცდამაინც დიდი ტრადიცია არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, მას, შესაძლოა, ჰქონდეს თვითკრიტიკულობის უნარი. ამიტომ თუ ერდოღანი არ შეცვლის პოლიტიკას, მას შეექმნება ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემებიც და საზოგადოებრივი კონსოლიდაციაც ნელ-ნელა რღვევას დაიწყებს. გაქრება ზეპოპულარიზმი, რომლითაც ის ახლა გამოირჩევა და თურქული საზოგადოებაც, შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას მისი გადარჩევის თაობაზე. რასაკვირველია, ეს „შორეული“ პერსპექტივაა, მაგრამ 21-ე საუკუნის დინამიზმში დროითი ფაქტორებით მსჯელობაც უაზრო ხდება.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმე, ალბათ, ამ სცენარამდე არ მივა. მანამდე კი თავად ერდოღანიც სრულიად გააანალიზებს მომხდარს და, წესით, თავადვე შეაჩერებს სიმძლავრით ამოქმედებულ რეპრესიულ მანქანას. ცხადია, ახლა მას ექნება პრეზიდენტის უფლების გაძლიერების მცდელობა, შესაძლოა, ეს მოახერხოს კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თურქეთი გლობალურ მოთამაშედ დარჩება და უარს არ იტყვის ათათურქის მემკვიდრეობაზე.