სადაზღვევო კომპანიებმა დაგროვებითი საპენსიო რეფორმა აითვალწუნეს და დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ. ახალი მოდელის ამოქმედებამდე ჯერ კიდევ 2 წელია, მაგრამ მზღვეველები საკუთარი პოზიციების დაცვას აქედანვე შეუდგნენ.
„ჩვენ ბიზნესი უნდა დავკარგოთ?“ - ასე აპროტესტებს სადაზღვევო სექტორი, დაგროვებით საპენსიო რეფორმას და მთარობას არაკონკურენტულ პირობებში ადანაშაულებს. სადაზღვევო კომპანიების ასოციაცის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ კერძო კომპანიები დაგროვებით საპენსიო სისტემას 15 წელია მართავენ და დახვეწისთვის მხოლოდ საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო, ფისკალური ხელშეწყობა. ასე მოხდა ყველა ქვეყანაში და ამას საჭიროებს ჩვენი ქვეყანაც. ამასთან, ხეჩინაშვილი ბიუჯეტზე ახალი პასუხისმგებლობის „აკიდებასაც“ არ იწონებს და მთავრობის შეცვლის შემთხვევაში გარკვეულ რისკს ხედავს.
საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი კი ამბობს, რომ პენსიონერების ქონებას კონსტიტუცია იცავს. თანაც აღნიშნული მიმართულება ყველა მთავრობის პრიორიტეტია, რადგან გაღარიბებული პენსიონერი ამაღლებს სიღატაკის დონეს, რაც არც ერთი ხელისუფლების ინტერესში არ შეიძლება იყოს. გაუფასურების რისკს კი დაგროვებული ფულის ინდექსირება უზრუნველყოფს, რაც ინფლაციაზე იქნება მიბმული და ყოველ წელს გადაიხედება.
ძიძიკაშვილმა ყველა მოსალოდნელი შესაძლო რისკის უსაფუძვლობის დასტურად 2015 წლის 2,8%-იანი ზრდა მოიხმო, რაც გლობალური კრიზისის ბევრი გამოწვევის მიუხედავად მოხერხდა. რეფორმატორი აღნიშნავს, რომ ნეგატიური მოლოდინების დაჯერება ნიშნავს ქვეყნის გაკოტრებულად გამოცხადებას.
დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებაზე მუშაობა მთავრობამ ორიოდე წლის წინ დაიწყო. როგორც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდეა. მისი თქმით, ამჟამად კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა კანონმდებლობის შექმნისთვის. რაც ეხება თვითონ სტრუქტურის, ანუ ფონდის შექმნას, რომელშიც თანხების აკუმულირება მოხდება და შემდგომ უკვე ამ თანხების ინვესტირება, რა თქმა უნდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას შემდეგ, რაც კანონი დაიწერება (მათ შორის, ფონდის დებულება გაიწერება), მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით მოხდება ფონდიდან ინვესტირება.
ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ანუ რა შეთანხმებაც არსებობს ისაა, რომ ჩვენც შევეცდებით, კერძო სექტორი ჩავრთოთ ამაში. საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციასთან მუდმივ შეხვედრებს ვმართავთ. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებები იქნება მისაცემი როგორც კერძო სექტორისთვის, ისე თვითონ მოსახლეობისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პრინციპი შემდეგია - სისტემაში მონაწილეობის მსურველი დაქირავებით დასაქმებული კონტრიბუცის სახით გაიღებს ხელფასის 2%-ს, დანარჩენ 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო გადაიხდის. მოქალაქეები ამ თანხის გამოყენებას საპენსიო ასაკის შემდეგ შეძლებენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. კონცეფციის თანახმად, ფონდში მთლიანი შენატანი 6% იქნება და ეს თანხა არ დაიბეგრება. შემდეგ ამ თანხების ინვესტირება ეკონომიკაში მოხდება. მას დაერიცხება მოგება, რომელიც გაიზრდება ყოველწლიურად. მოქალაქე თანხას გამოიყენებს, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს.
„დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული ადამიანი მიიღებს ორივე პენსიას, სახელმწიფოსგან დანიშნულს და ასევე მის მიერ გაკეთებულ დანაზოგსაც. დაგროვებითი პენსია - დღევანდელი თანამედროვე ეკონომიკის ენაზე ნიშნავს თანხას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. დამსახურება არის ხელფასი, სტაჟი კი მუშაობის პერიოდი, რაც უფრო დიდ ხანს მუშაობს ადამიანი, რა თქმა უნდა, უფრო მეტს დააგროვებს“, - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.