ლარის გამყარების ლიმიტი ამოწურულია?

ლარის გამყარების ლიმიტი ამოწურულია?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეროვნული ვალუტა ზაფხულის განმავლობაში შეიძლება აღაც გამყარდეს. კარგა ხანია ლარი 2.34-ის ნიშნულზე გაჩერდა და უკან დახევას არც ფიქრობს. სპეციალისტებს ამის ახსნა უჭირთ, რადგან ახლა ყველაზე აქტიური პერიოდია იმისათვის, რომ კურსი მაქსიმალურად გამყარდეს, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. სავალუტო ოპერაციების დროს დაშვებულმა შეცდომებმა თუ მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ლარი არასახარბიელო ნიშნულამდე მიიყვანა.

ეკონომისტი აკაკი ცომაია საქართველოს ეროვნული ბანკის შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, სებ-მა პრიორიტეტები სწორად ვერ განსაზღვრა და მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

„ლარი უფასურდება იმიტომ, რომ იმპორტის რაოდენობა გაიზარდა და ექსპორტი, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა. განცხადება იმის შესახებ, რომ ლარს მომავალში გამყარების ტენდენცია ექნება, მცდარი იყო, არასწორი პროგნოზი იყო გაკეთებული. ჩემი აზრით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა არასწორად დაიწყო მოქმედება, როდესაც შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, სარეზერვო ნორმები ლარზე და მესამე: განახორციელა ბაზარზე გამყარების საწინააღმდეგო ინტერვენციები ანუ, ლარი გაყიდა და დოლარი იყიდა - ეს იყო მცდარი პოლიტიკა და შეცდომა იმ მომენტში“, - ამბობს აკაკი ცომაია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ შეინიშნება იმის ნიშნები, რომ წინასაარჩევნო პერიოდთან მიმართებაში, მთავრობა ბიუჯეტს გარეშე ხარჯავს ბევრს.

„ამიტომ მე ლარის გაუფასურებას და წინასარჩევნო პერიოდს ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებ. რაც შეეხება გამყარებას, აქ მთავარი მაჩვენებლი ეკონომიკური ზრდის ტემპია. თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება მაღალი, მაშინ ლარს ექნება გამყარების ტენდენცია. აქ ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი დარწმუნებულია, რომ სავალუტო ბაზარზე შარშანდელი შოკის განმეორება და ლარის მკვეთრი გაუფასურება აღარ მოხდება, თუმცა იგი მკვეთრ გამყარებასაც აღარ ელოდება. ამასთანავე თოქმაზიშვილიც მშპ-ს ზრდის მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას.

„ბოლო პერიოდში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომ ამჟამად ლარის კურსი ძალიან გამოუცნობია. რთული სათქმელია, თუ საით წავა ვექტორი. ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, ისევე როგორც მკვეთრი გამყარება, აღარ მოხდება. ეკონომიკა აღმავლობის ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა. ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც 2,6%-ის დონეზე ფიქსირდება ძალიან დაბალია და არსებულ ეკონომიკას ბევრად უკეთესი კურსის შემოთავაზების შესაძლებლობა არ გააჩნია“, - აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი.

მისი აზრით, შეჩერებულია ეკონომიკის დაფინანსება მონეტარული ბაზრიდან. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გადასინჯვა მოხდა რეფინანსირების სესხების. შესაბამისად ეკონომიკური ზრდის ტემპები დაეცა, სტიმული ნაკლებია და აქედან გამომდინარე ლარის კურსი შეიძლება ძალიან გამოუცნობი მიმართულებით განვითარდეს.

„ადმირალ მარკეტსის“ დირექტორის დავით წიქარიძის განცხადებით, ეკონომიკაში, მათ შორის, ფინანსურ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რათა ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ უფრო მეტად სტაბილური გახდეს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით დღეს გაურკვეველი ვითარებაა და პროგნოზის გაკეთება ფინანსისტებსაც კი აღარ შეუძლიათ, რაც ბიზნესისთვის ძალიან ცუდია.

„ზაფხულში ლარზე მოთხოვნა იზრდება, გარდა იმისა, რომ უცხოეული ტურისტები ჩამოდიან, შიდა ტურიზმიც აქტიურდება. ამ პერიოდში კურსი ყველაზე მეტად უნდა იყოს სტაბილური, თუმცა რეალურად რა ხდება სავალუტო ბაზარზე, ამის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია“, - დასძენს დავით წიქარიძე.