თურქეთის მოვლენებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა თურქეთის ეკონომიკაზე და დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს რეგიონის ქვეყნებზეც. საქართველო ეკონომიკურად ყველაზე მჭიდროდ სწორედ ამ ქვეყანასთანაა დაკავშირებული და საფრთხეც სწორედ ამ მხრივ მომდინარეობს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთი, სურსათის წარმოების თვალსაზრისით, თვითკმარი ქვეყანაა და, ამავე დროს, სურსათის მნიშვნელოვან ექსპორტიორად ითვლება. თურქეთი არის თხილის, ბლის, ლეღვის, გარგარის, კომშის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ხახვის, კიტრის და ა.შ. უდიდესი მწარმოებელი. მიუხედავად ამისა, თურქეთის მთავრობისთვის სოფლის მეურნეობა აღარ წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას და ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ინდუსტრიულ განვითარებასა და ინოვაციურ წინსვლაზე.
თურქეთი არის საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონლისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი მწარმოებელი. ამჟამად თურქული კომპანია „ვესტელი“ ტელევიზორების ყველაზე მსხვილი ევროპული მწარმოებელია, (მისი გაყიდვის, დაახლოებით, 20% ევროპაზე მოდის). დასავლეთ ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, ასევე, თურქული კომპანია „არჯელიკ“ („ბეკოს“, „გრუნდიგის“ და სხვა ბრენდების მფლობელი).
თურქული ეკონომიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საფეიქრო ინდუსტრია, რომლის წილიც ქვეყნის მშპ-ში, დაახლოებით, 7%-ს შეადგენს. ტექსტილის ექსპორტის თვალსაზრისით, თურქეთი ევროკავშირის მასშტაბით მე-3 უმსხვილეს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-6 პოზიციას იკავებს.
თურქეთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო სექტორი. აღსანიშნავია, რომ 250 კონტრაქტორიდან 43 სწორედ თურქეთზე მოდის. თურქეთის სამშენებლო ინდუსტრია მსოფლიოში, ჩინეთის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება მომსახურების სფეროს, თურქეთი ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. 2014 წელს, ტურისტული ნაკადის მიხედვით, თურქეთმა მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე პოზიცია დაიკავა (საფრანგეთის, აშშ-ის, ესპანეთის, ჩინეთის, იტალიის შემდეგ). თურქეთს ყოველწლიურად თითქმის 40 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს
ყველაფერ ამას საფრთხე პოლიტიკიდან დაემუქრა.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, სტამბოლის საფონდო ბირჟაზე Borsa Istanbul-ზე ვაჭრობა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების კოტირებების შემცირებით დაიწყო. BIST National-100 2,48%-ით - 80769,14 პუნქტამდე - დაეცა. თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, Akbank-ის, აქციები 2,13%-ით გაიაფდა, სიდიდით მეორე ფინანსური ორგანიზაცია Garanti Bank-ის აქციები კი 3,21 %-ით დაეცა.
ყველაზე მეტად პოლიტიკური არასტაბილურობა ტურისტული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების აქციებზე აისახა. მაგალითად, ნაციონალური ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინზის“ ფასიანი ქაღალდების ღირებულება ვაჭრობის დასაწყისში 5,2%-ით შემცირდა. აეროპორტის თურქული ოპერატორის, „ტავ ჰოლდინგის“ აქციები - 5,93%-ით, „პეგასუსის“ ფასიანი ქაღალდები კი 3,79 %–ით გაუფასურდა.
თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2016 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, თურქეთი, ექსპორტის მიხედვით, ჩინეთის შემდეგ საქართველოს მეორე ყველაზე მსხვილი პარტნიორია - მისი წილი მთლიან ექსპორტში 10.5%-ია. თურქეთი ასევე მეორე პოზიციას იკავებს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იმპორტის მიხედვით - მთლიანი იმპორტის 15.3%-ით.
ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა მუდმივად მზარდია და 2016 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, მთლიანი გზავნილების 7.4%-ს შეადგენს.
ყოველწლიურად საქართველოს თურქეთიდან, საშუალოდ, 2,7 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანამშრომლობის სფეროა ენერგეტიკა, გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირება. ამჟამად თურქეთსა და საქართველოს ორი ძირითადი მილსადენი აკავშირებს - სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი გაზის მილსადენი (ასევე ცნობილი როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ან შაჰ-დენიზის გაზსადენი) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.
დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირებს გარკვეული საფრთხე დაემუქრა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა, გარკვეულწილად, ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, თუმცა ამას არსებითი ცვლილება არ მოჰყვება.
„ბუნებრივია, თურქეთში, როგორც ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი, გარკვეულწილად, თავის კვალს დაამჩნევს საქართველოს ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მეზობელ და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სტაბილურობა საქართველოსთვის ეკონომიკის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თურქეთში არსებული დაძაბული ვითარება, საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ ეს ვერ იქნება, საქართველოში სტაბილური გარემოს არსებითად შეცვლის საფუძველი“, - განმარტავს ანდრია გვიდიანი.
მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთის გარდა, სხვა სტაბილური პარტნიორებიც ჰყავს და მოსახლეობაში არსებული ერთგვარი პანიკური ფონი უსაფუძვლოა.