თურქეთში დასვენების მოსურნე ქართველთა გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ბევრმა გადაიფიქრა მეზობელი ქვეყნის კურორტებზე გამგზავრება და უკვე შეძენილი პაკეტის გაუქმებაც მოასწრო. ცხელი ტურისტული სეზონის პიკში ასეულობით ტურისტს დაგეგმილი ვიზიტი ჩაუვარდა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმ მიზეზებზე საუბრობენ, რამაც მოსახლეობაში შიში დათესა და ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
„აეროპორტები დაკეტილია იყო, მიმოსვლა - შეწყვეტილი. ახლა თურქეთის კურორტებზე წესრიგია, ვითარება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. თუნდაც საფრანგეთში ტერორისტულმა აქტებმა, თუნდაც სხვა მოვლენებმა, იგივე თურქეთში წინა ტერაქტებმა და ახლანდელმა გადატრიალების მცდელობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ტურისტებზე. მთელ მსოფლიოში არის ვითარება, რომ ხალხს ეშინია მგზავრობის“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი სიკო გეგიაძე.
თურქეთში დაძაბული ვითარების გამო, ბათუმში განთავსებული ტურისტული სააგენტოები უკვე საუბრობენ მოსალოდნელ და არსებულ ზარალზე. მეზობელ ქვეყანაში არსებული დესტაბილიზაცია განსაკუთრებულად აისახა ტურ-სააგენტოებზე.
როგორც კომპანიებში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დასვენებას თურქეთში ან თურქეთის გავლით სხვა ქვეყანაში აპირებდნენ, ჯავშნებს აუქმებენ. მოსახლეობის ნაწილი შეძენილ პაკეტებს აუქმებს და მეზობელ ქვეყანაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს.
„ვინც ბავშვებთან ერთად მიდიოდა, თუნდაც ანტალიაში, სადაც ახლა სიმშვიდეა, ვეღარ რისკავენ“, - აცხადებს ტურისტული კომპანია „გოუ ტურის“ დირექტორი ნინო წიკლაური.
თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი ტურების, გასულ წელთან შედარებით დაბალ ღირებულებაზე საუბრობენ „ინტერკონტინენტალში“. ტურისტულ სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს თურქეთის სასტუმროები მომხმარებლებს შარშანდელზე დაბალ ფასად მასპინძლობენ. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ წელს ქართველი დამსვენებელი იაქტიურებდა, მაგრამ გამგზავრების მსურველთა საკმაო ნაწილი თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა დააფრთხო. „ინტერკონტინენტალში“ იმასაც ამბობენ, რომ დამსვენებელთა ნაწილს გეგმა არ შეუცვლია.
„სანექსპრესში“ კი აცხადებენ, რომ მომხმარებელს თავიდან პანიკური განწყობა ჰქონდა და თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი ფრენის ჯავშანს ბევრი აუქმებდა. თუმცა, დღეს უკვე ადეკვატური რეაქცია შეინიშნება. მოგზაურობის მსურველები ხვდებიან, რომ ამ მომენტისთვის საფრთხე აღარ არსებობს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ შეკვეთების მიღება განახლდა და ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
„ოლნიუსთან“ საუბრისას ტურისტულ სააგენტო „ფრი თრეველში“ აღნიშნავენ, რომ პირველ ხანებში მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი აუქმებდა ჯავშანს. მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით ფრთხილობდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მოგზაურობა ბავშვებთან ერთად ჰქონდათ დაგეგმილი.
„რა თქმა უნდა, შექმნილმა ვითარებამ გამგზავრების გადაწყვეტილება ბევრს შეაცვლევინა. რამდენიმემ გადადო ფრენა, ნაწილმა კი სხვა მიმართულება აირჩია. თურქეთში განვითარებული მოვლენების გავლენა წლევანდელ ტურისტულ სეზონს ეტყობა, თუმცა იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი სააგენტოდან მიემგზავრებიან ტურისტები, საშიში სიტუაცია არ შექმნილა“, - აღნიშნავენ „ფრი თრეველში“.