თურქეთში, ინჯირლიკის სამხედრო-საჰერო ბაზა ბლოკირებულია, გენერალი კი, დაკავებული. გენერალმა ბეკირ ერჯან ვანმა დაკავებამდე აშშ-ს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. იჯირლიკის ბაზის სამხედრო ამბოხთან კავშირზე განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. თურქეთის ხელისუფლებამ კოალიციის ავიაციის ფრენა იჯირლიკის სამხედრო ბაზიდან შეაჩერა, თუმცა კვირას ის კვლავ განახლდა.
შესაბამისად, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე დარტყმები განაახლა. თუმცა, როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა, ინჯირლიკის ავიაბაზა კვლავ ენერგიის შიდა წყაროს გამოყენებით ფუნქციონირებს. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ბაზაზე მალე აღდგება.
ინჯირლიკის ავიაბაზა 16 ივლისის შემდეგ ბლოკირებული იყო. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ინჯირლიკის ბაზას ნატო-ს წევრები, კერძოდ, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ძალები, ასევე ყატარისა და საუდის არაბეთის საჰაერო ძალები სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციების დროს იყენებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა თვლის, რომ ინჯირლიკის ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს. ბრაიზა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამბოხების ჩახშობის შემდეგ თურქეთმა ამერიკას ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე წვდომა დაუბლოკა, რასაც ბრაიზა თურქეთის მიერ ამერიკის მთავრობაზე გავლენის მოხდენად აფასებს, რადგან თურქეთს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი სასულიერო პირის და ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია სურს.
„გრძელდება წნეხი ამერიკის სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატაროს თურქეთის ინჯირლიკის ბაზიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია. ბაზის ბლოკირება, რომლითაც ამერიკა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიისთვის სარგებლობნენ, ხელს შეუშლის თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რაც ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს.
ამბოხების შემდეგ, თურქეთის მთავრობა გიულენის ექსტრადიციას ითხოვს, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გიულენის პასუხისგებაში მიცემაში არ დაეხმარება, თურქეთის მტერია. თუ ბერკეტების მსგავსი ბრძოლა გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალიან პესიმისტური მოლოდინები მაქვს. სულ ცოტა ხნის ნატოს სამიტზე განიხილავდნენ როგორ დაეცვათ თურქეთი მეხუთე მუხლით „ისლამური სახელმწიფოსგან“, დღეს კი თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს ნატოს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს. ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებაში ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.
ანალიტიკოსების განცხადებით, ანკარის საჯარო განცხადებები ნატოში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას ზიანს აყენებს. „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ინჯირლიკის სამხედრო-საჰერო ბაზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა იმ კუთხით, რომ ამერიკელები, ნატოელი მოკავშირეები და მათ შორის თურქეთი ამ ბაზას იყენებენ საჰაერო ოპერაციების განსახორციელებლად ტერორისტების წინააღმდეგ.
„ტერორიზმის საფრთხე მხოლოდ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ არ არის მიმართული, პირიქით, რადგან თურქეთი ესაზღვრება სირიას, მის წინაშე გაცილებით მეტი საფრთხე დგას და სწორედ ამ საფრთხის დასაძლევად არის ეს თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ორმხრივ სერიოზულ ინტერესებს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
ეს შედის არა მარტო რომელიმე ნატოს წევრი სახელმწიფოს, არამედ მთლიანად ნატოელი მოკავშირეების და მათ შორის თურქეთის ინტერესებში. თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ ამ ბაზის ხელმძღვანელი მონაწილეობდა გადატრიალებაში, მაშინ გასაგებია რატომაც მოხდა მისი დაკავება. იმდენად დიდია თანამშრომლობის ინტერესი თურქეთსა დ ნატოს შორის, რომ უახლოეს მომავალში აღსდგება ამ ბაზის მოქმედება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ანკარას განცხადებები გაართულებს ისედაც გართულებულ ვითრებას ამერიკასთან.
„საკამოდ რთული სიტუაციაა, ეს პროცესები კიდევ უფრო გაართულებს ამერიკა თურქეთს შორის სიტუაციას. ერდოღანს ურჩევნია დააპატიმროს ყველა ის პირი, ვინც დაკავშირებულია სამხედრო ძალებთან და ამ პროცესში არ უყურებს საერთაშორისო ურთიერთობებს. საკმაოდ საშიში თამაშები იწყება თურქეთსა და ამერიკას შორის. მით უმეტეს, რომ დაპატიმრებულია ინჯირლიკის სამხედრო-საჰერო ბაზის გენერალი, თვითონ ბაზა ბლოკირებულია, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა ამ მიმართულებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავას განცხადებით, ინჯირლიკის სამხედრო-საჰერო ბაზის დახურვა შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე მოხდა. თუმცა, მისივე თქმით, უცნობია დაიხურება თუ არა ამერიკელებისთვის ინჯირლიკის ბაზა ვითარების დარეგულირების შემდეგ
„შეძლებენ თუ არა შემდგომში ამერიკელები ამ ბაზის გამოყენებას რეგიონში საკუთარი ინტერესების გასატარებლად, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ოფიციალურ ანკარას ჯერჯერობით არ გაუჟღერებია საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ბაზის დახურვა და ამერიკელი სამხედრო პერსონალების გაწვევა, სტრატეგიულად ცუდი გადაწყვეტილება იქნება. ეს უკვე მიანიშნებს, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა. სამხედრო ბაზის მეთაური და ბაზის რამდენიმე თურქი სამხედრო დაპატიმრებული იქნა, თვით ამერიკელი სამხედროები, რომლებიც განლაგებულნი არიან ამ ბაზაზე, რჩებიან ბლოკადაში, მათ არ აქვთ უფლება დატოვონ სამხერდო ბაზა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ პაპავა.