ზაფხულის სტიქიამ მილიონობით ზარალი დატოვა

ზაფხულის სტიქიამ მილიონობით ზარალი დატოვა

შუა ზაფხულში სტიქიამ მთელ დასავლეთ საქართველოს გადაურა. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში რამდენიმედღიანმა კოკისპირულმა წვიმამ მოსახლეობას და ინფრასტურქტურას მილიონობით ზარალი მიაყენა. სამხრეთ საქართველოს კი სეტყვამ შეუქმნა პრობლემა.

ძლიერმა სეტყვამ დააზარალა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი და კონკრეტულად სოფელი ჩუნჩხა. განადგურებულია ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზიანებულია ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი და მარცვლეული კულტურები ჰქონდა დათესილი. შორენა თეთვაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უმოსავლოდ დარჩა.

“ჩვენთან მიწა ჰექტრობით მუშავდება და ყველაფერი განადგურდა. გარდა ამისა, სახლებთან, ეზოებში, ვისაც ბოსტნეული ეთესა, სულ დაზიანდა. ზოგს აქვს დაზღვევა, მაგრამ მარცვლეული, როგორც ვიცი, დაზღვეული არ აქვთ. სოფლის გამგებელს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მისულიყვნენ დ ადგილზე ენახათ“, – ამბობს შორენა თეთვაძე.

სოფელ ჩუნჩხის გარდა, სეტყვამ ახალქალაქის კიდევ სამი სოფლის მოსახლეობა დააზარალა. ორჯას, პტენასა და ხანდოს მცხოვრებლები მიყენებულ ზარალზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

მართალია სეტყვას გადაურჩა, მაგრამ გადაუღებელი წვიმის შედეგად გაცილებით დიდი პრობლემები გაჩნდა დასავლეთ საქართველოში. სამეგრელოში რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად, წინა კვირას ადიდდა მდინარეები. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელს ზიანი მიაყენა. დატბორილი იყო საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც, ჯამში, 180-მდე ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველების ნაწილი.

მარტვილის პარალელურად პრობლემები შეუქმნა სტიქიამ სენაკის, აბაშისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს. აქაც დაიტბორა მოსახლეობის ეზოები და ყანები. რამდენიმე სოფელში მდინარემ წაიღო ასევე ხიდები და გზა ჩაიხერგა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გაწმენდითი და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სპეციალური კომისიები ითვლიან ზარალის ოდენობას და მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სტიქიას ვერ გადაურჩა იმერეთიც. უხვი ნალექის შედეგად სამტრედიაში რამდენიმე სოფელი დაზარალდა. “წყალი შევარდა რამდენიმე ოჯახში, ასევე მოსახლეობას გაუნადგურდა საზამთროს ბაღები. მოვარდნილმა წყალმა წაიღო რამენიმე სოფლის გზა. სამტრედიის რაიონში ინფრასტრუქტურას დაახლოებით 150 000 ლარამდე, ხოლო სოფლის მეურნეობას 80 000 ლარამდე ზარალი მიადგა”, - განაცხადა სამტრედიის გამგებელმა ვარლამ ფოცხვერიამ.

გომის თემში, ძლიერი წვიმის შედეგად, მთის ქანი ჩამოიშალა. ჩამოშლილი მასა ადგილობრივი მოსახლეების ეზოებში შევიდა.

პარალელურად ვანში განადგურდა სახნავ-სათესი მიწები. დაიტბორა სახლები და სავარგულები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდები და ჩაიხერგა გზები. მდინარე სულორმა გადაკეტა საავატომობილო გზა. სტიქიის შედეგად ვანს სულ 4 985 092 ლარის ზარალი მიადგა.

ძლიერმა წვიმამ ასევე დააზარალა ბაღდათის, ტყიბულისა და ზესტაფონის რაიონები.

სტიქიამ იმერეთზე უფრო ადრე გურიას შეუქმნა პრობლემა. ოზურგეთის სოფლებში: სილაურში, ჯუმათსა და გურიანთაში დაზიანდა გზები და დაინგრა საავტომობილო ხიდები. უხვმა ნალექმა სოფელ მელექედურში ორი უბნის დამაკავშირებელი გზა და სამეურნეო მიწები დააზიანა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.