ყურძნის სუბსიდირება წელსაც იგეგმება. ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია „რთველი 2016“-ის ფარგლებში ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.
„ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ სუბსიდირების გადაწყვეტილება. ძირითადად ორი მიმართულებით მივდივართ: ერთი არის ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, ანუ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალის პოტენციალის შექმნა და მეორე - ბაზრების განვითარება. წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხდება სხვადასხვა განფასებით, სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება ისე, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
რა თქმა უნდა, გარდამავალ პერდიოდში, სანამ ჩვენ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება ორივე მიმართულებით მუშაობა - ერთი საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება, საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინანსება და მეორე, ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება იმისათვის, რომ გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი 2016 წლის პირველ ნახევარში 44%-ით არის გაზრდილი.
მართლაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ამ პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში გადაზიდულია 148%-ით მეტი პროდუქტი (1 884 665 ბოთლი), უკრაინაში - 82%-ით მეტი (2 286 977 ბოთლი), რუსეთი - 56%-ით მეტი (10 198 085), ბელარუსი - 96%-ით მეტი (462 547), ესტონეთში - 64%-ით მეტი (331 884), ყირგიზეთში - 89%-ით მეტი (149 666), გერმანიაში - 55%-ით მეტი და ა.შ.
უკვე გარკვეულია, რომ სუბსიდია 2016 წელს რქაწითელზე 45 თეთრი იქნება, ხოლო საფერავზე - 20 თეთრი. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, წელს მთავრობა დაახლოებით 147 ათას ტონამდე გადასამუშავებელ ყურძენს ელოდება. ოთარ დანელიას ინფორმაციით, სუბსიდიის გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ბაზარზე ქართული ღვინის ღირებულება შემცირდა. მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, საბოლოო ჯამში სუბსიდიიდან გამოვიდეს, თუმცა ეს მაშინ მოხდება, როდესაც დარგი ხელისუფლებას ამის საშუალებას მისცემს.
„პრაქტიკულად ნარჩუნდება შარშანდელი მიდგომა. ამ მიმართულებით ყველაზე გამართლებული სწორედ შარშანდელი პრაქტიკა აღმოჩნდა, სადაც ბენეფიციარი იღებს პირდაპირ 15 დღის შემდეგ ანაზღაურებას სუბსიდიის ნაწილში. რქაწითელის ნაწილში გვექნება 45-თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო საფერავის ნაწილზე იქნება 20-თეთრიანი სუბსიდია. ველოდებით დაახლოებით 147 ათას ტონამდე გადასამუშავებელ ყურძენს და საბოლოო ჯამში, ვვარაუდობთ, რომ ალბათ შარშანდელი ნიშნული 2-3 ათასი ტონით შეიძლება გავზარდოთ მიმდინარე წელს.
აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ექსპორტი. საბოლოოდ, ჩვენი თვითმიზანი არის, გამოვიდეთ სუბსიდიიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს დარგი ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების ინტერესების გათვალისწინება, ასევე ექსპორტიორების ინტერესების გათვალისწინება“, - განაცხადა დანელიამ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 22 ახალი ღვინის გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი.
რაც შეეხება ქართული ღვინის ფასს საერთაშორისო ბაზარზე, აქ მართლაც კლებაა. 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით 0,78 დოლარით ანუ 25%-ით ნაკლებია. ასევე შემცირდა 1 ბოთლი ბრენდის საშუალო საექსპორტო ფასიც. კლებამ ამ შემთხვევაში ერთ ბოთლზე 0,87 დოლარი, ანუ 27% შეადგინა.