ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლას ურჩევენ

ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლას ურჩევენ

დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას ანალიტიკოსები აფასებენ. ერთ–ერთი ვერსიით, „საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაცია იმის მიხედვით განვითარდება, როგორც აშშ-სა და რუსეთის პირველი პირები მოილაპარაკებენ და შეთანხმდებიან“. ალბათ, ამ ტიპის განცხადებაში ყველაზე კარგად ჩანს ქართველი კაცის ბუნება და მოლოდინები. 

„თუ აქციის მონაწილეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს, ხელისუფლება ძალადობრივ მეთოდებს კიდევ გამოიყენებს“, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან აქციების ძალადობრივი გზიЕ დაშლა აპრობირებული მეთოდია და დღეევანდელ დარბევში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა:

"როგორც ჩანს, აქციის ორგანიზატორები ახერხებენ მონაწილეები გააკონტროლონ. ამიტომ მოსალოდნელი არ არის პროცესები კოტროლიდან გამოვიდეს. თუმცა ხელისუფლების დარბევებისგან აქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაცული თუ მონაწილეების რაოდნეობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს".

თუ რამდენია აქციის მონაწილეთა კრიტიკული რაოდენობა, ნიკოლაიშვილს არ დაუკონკრეტებია.

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაცია იმის მიხედვით განვითარდება, როგორც აშშ-სა და რუსეთის პირველი პირები მოილაპარაკებენ და შეთანხმდებიან.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე "პირWელთან" საუბრისას ბერიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ "ხელისუფლებაც და ქუჩაში გამოსული ოპოზიციაც პრორუსული ძალაა" და "ამ პროცესების შედეგები ობამა-მედვედევი-პუტინის შეთანხმებაზეა დამოკიდებული":

"არ ვიზიარებ ოპოზიციის ამ ნაწილის მისამართით ტერმინ "რადიკალურის" გამოყენებას. ოპოზიცია იმდენად რადიკალურია, რამდენადაც რადიკალურია თავად ხელისუფლების პოზიცია და გადაწყვეტილებები. ვთვლი, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილმა ოპოზიციურმა "რვიანმა" არ გაამართლა და მათ მიერ არჩეული სტრატეგია მცდარი აღმოჩნდა. ახლა პოლიტიკური პროცესების უფრო მეტად განვითარებასა და გაფართოებას ველი. ხელისუფლებას მოუწევს შეწყვიტოს საზოგადოებასთან მონოლოგის რეჟიმში საუბარი და პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგზე გადავიდეს".

„უნაყოფო და უაზრო სისხლისღვრით დასრულდება ეს ყველაფერი, სააკაშვილი კი თავის სკამზე დარჩება, ვიდრე დასავლეთი მის შემცვლელს არ მოძებნის. თუმცა აქ განვითარებული მოვლენები მის პოზიციას ძალიან შეარყევს“, - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "სახალხო ფრონტის" ლიდერი ნოდარ ნათაძე საქართველოში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას.

"უაზრო სისხლისღვრით დასრულდება ეს ყველაფერი, სააკაშვილი კი თავის სკამზე დარჩება, თუმცა არა იმიტომ, რომ დასავლეთს იგი ძალიან უყვარს, იგი უკვე ჩამოწერილია, უბრალოდ, მისი შემცვლელი ვერ მოძებნეს ჯერ", – აცხადებს ნათაძე და საუბარს მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარზე აგრძელებს.

ნათაძე მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს საქარველოში ხდება, არის პუტინ-სააკაშვილ-ბურჯანაძის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

"საქართველოში მოვლენების შემდგომი განვითარების სცენარი თითქმის ხელისგულზე დევს - ბურჯანაძე და ოქრუაშვილი რუსეთის დავალებას და გეგმას ასრულებენ, რომელიც რამდენიმე ნაბიჯისაგან შედგება - პირველი დავალება ასეთია - ატეხეთ სროლა საქართველოს ქუჩებში", – აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში" ნათაძე და დასძენს, რომ მეორე ნაბიჯს შექმნილ სიტუაციაში უკვე სახალხო კრება გადადგამს:

"რაც შეეხება სახალხო კრებას, ის წარმომადგენლობითი არ არის, რადგანაც არავის აურჩევია. რუსეთის გეგმის მეორე ნაბიჯი არის ის, რომ იარაღის გავარდნის შემთხვევაში სახალხო კრებამ უნდა თქვას - მოდით და გაგვაშველეთო".

ნათაძის თქმით, ამ დროს "რუსები დაიწყებენ ფაფხურს, დაგვიბომბავენ სოფლებს, მოგვიწყობენ ტერაქტს, მაგრამ საქართველოში ვერ შემოვლენ. ეს გეგმის მესამე ნაწილია", - აცხადებს ნათაძე და რუსულ გეგმაში მეოთხე ნაბიჯად საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ასახელებს.

"გეგმის მიხედვით, მეოთხე ნაბიჯი იქნება ის, რომ გამოვა სააკაშვილი და იტყვის - დებო და ძმებო, დედებო და მამებო, ვართ ჩიხში და გამოუვალ მდგომარეობაში, ამიტომაც მოგვიწევს დათანხმება აფხაზეთთან და ოსეთთან კონფედერაციაზე, ანუ საქართველოს დაშლაზე", - აცხადებს ნათაძე და აღნიშნავს, რომ პუტინი სააკაშვილს არაფერს ეკითხება მას უბრალოდ მისი კაპიტულაციის ხილვა სურს.

"დასავლეთი კი, რომლის შეცდომაც არის ის, რომ იგი ყოველთვის არჩევანს არაპატიოსან და არაპატრიოტ ადამიანებზე აკეთებს, მიხვდება თავის შეცდომას და თანამშრომლობას ამ ქვეყნის პატრიოტებთან დაიწყებს".

პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძეს დედაქალაქში „სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციები ორი წლის წინანდელ მანიფესტაციებს ახსენებს და აცხადებს, რომ სცენარი „ერთი ერთზეა".

„პრინციპში, მოვლენების განვითარების დაახლოებით ასეთი წარმოდგენა მქონდა. ჩემი დაკვირვებით, კრებას ამ ეტაპზე მოსახლების დიდი მხარდაჭერა ნამდვილად არ აქვს. მართალი გითხრათ, ლოზუნგებშიც კარგად ვერ გავერკვიე. გადადგომის ლოზუნგი გასაგებია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილება ბევრ შეკითხვას ბადებს, რაზეც პასუხები არ არსებობს... რაც შეეხება უშუალოდ მოქმედების სცენარს, ის ძალიან მეცნობა და ზუსტად ერთი ერთზე მეორდება, რაც ორი წლის წინ იყო", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს"აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ კრებას საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს და ორივე დაპირისპირებული მხარის მიერ პროვოკაციებს აქვს ადგილი, სიტუაციის ესკალაციის საშიშროება არსებობს:

„საშიშროებას ვხედავ, რადგან შეიძლება იყოს და იყო კიდევ პროვოკაციები. ერთი მეორეს აბრალებს, მეორე პირველს, მაგრამ ესეც ძალიან მეცნობა და აქაც ზუსტად იგივე მეორდება. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ რევოლუციების გამოცხადება არ არის სწორი. რევოლუცია არ არის სპექტაკლი, არ არის ფეხბურთი, რომ ერთი თვით ადრე გამოაცხადო და თქვა, რომ ამა და ამ რიცხვში, ამ საათიდან ამ საათამდე შედგება რევოლუცია. საქართველოში ახლა არ არის რევოლუციური ვითარება და ეს პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ვფიქრობ, მათ წლების გამოცდილების საფუძველზე რაღაც დასკვნა უნდა გამოეტანათ".

ამასთან, ზურაბ აბაშიძე მისი ხისტი პოლიტიკის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და მას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მიმდინარე მოლაპარებების პროცესში კომპრომისზე წასვლას ურჩევს:

„ყველაზე მთავარია, რომ არ იყოს ძალადობა და თუ ერთი ადამიანის მოწოდება რამედ ღირს, ამისკენ მოვუწოდებდი, როგორც მანიფესტაციებში მონაწილეებს, ისე მას, ვინც ძალადობას ფლობს. სხვათაშორის, ხელისუფლების მისამართით მინდა ვთქვა ერთი კრიტიკული შენიშვნა - ის ძალიან უკომპრომისო და ხისტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებებში და არაფრის დათმობა სურს. ეს ხელს უწყობს ასეთ რადიკალურ განწყობებს და გამოსვლებს. მე ძალიან მაშფოთებს რადიკალური განცხადებები, რადგან შესაძლოა მანიფესტაციებში ექსტრემისტები ჩაერთონ, რაც ძალიან ცუდი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას მხარს არავინ დაუჭერს".