სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი ან არშემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოში არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს
„ქალბატონი სალომე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი და როგორც ჩანს, ვერ გახდა ქართველი. ქართული პასპორტი აიღო, ძარღვებში აქვს ქართული სისხლი, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, ქართული სული და ქართული ხასიათი. არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ქართველი, იყო ამ ქვეყნის შვილი და ზრუნავდე მის დამოუკიდებლობაზე. სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი ან არშემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, სხვები დაუნიშნავენ მოსამართლეებს. ის კი ამბობს, მაგრამ ამაში ახალი არაფერია, ამას ნელ-ნელა გვაპარებდნენ, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი დაფინანსებული ორგანიზაციები უნდა იყვნენ გადამწყვეტი, ვინც მოსამართლეებს დაგინიშნავთ, ვინც ცესკო-ს დაგინიშნავთ, ვინც სხვა თანამდებობებზე დაგინიშნავთ.
ამიტომ, ქალბატონმა სალომემ რაც ქნა, ამით გაყიდა სინამდვილეში, რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ ჩვენ ვიმართებოდეთ გარედან, თითქოს აქ არის პირველყოფილი თემური წყობილება და არ შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა თვითონ ვმართოთ, რაც არის სირცხვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს უნდა ქვეყნის დამოუკიდებლობა წყალში გადაყაროს.
„საკუთარი ერის ამ დონეზე დაკნინება, ერის, რომელმაც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე ადრე შექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო, ვგულისხმობ 1918-1921 წლების რესპუბლიკას, როდესაც სხვებთან არჩევნები არ ტარდებოდა, რა დემოკრატიაზე და რა ადამიანის უფლებებზე იყო საუბარი, ჩვენთან კი ეს ყველაფერი იყო მოცემული. ახლა კი ჩვენ უნდა მოგვადგეს სხვა ქვეყანა და გვიტაროს არჩევნები? არ ვიცი, ამ დონეზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა მიყვანილი ჰყავს, სამწუხაროდ ბრიუსელს, მაგრამ ეს განზრახვები თუ აქვს ჩვენს მიმართ, აბა, რაღად გვინდოდა დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირს იმიტომ დავეხსენით, რომ ჩვენ თავს ვყოფილიყავით მიყუდნებული. ქალბატონ სალომეს უნდა, ეს ყველაფერი წყალში გადაყაროს, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობა ჰქვია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.