როგორც ჩანს, ეს პარლამენტი თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას ვერ მოახერხებს. მართალია, საკანონმდებლო ორგანოში ახალი კანონპროექტი უკვე შეტანილია, მაგრამ მასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
გუგული მაღრაძის კანონპროექტისადმი პარლამენტში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტის მიღება ნაჩქარევად არ შეიძლება. ამიტომაც მისი განხილვა მინიმუმ საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით არ უნდა მიიღოს.
როგორც პროექტის განხილვის დროს ბერძენიშვილმა განაცხადა, მას არ უნახავს დასკვნა, რომ თამბაქოზე ფასის ზრდა და შეზღუდვის შემოღება მწეველთა რიცხვს შეამცირებს. მისი აზრით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვებით მწეველები „უკეთესს ვეღარ მოწევენ და მოწევენ უარესს“.
„პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს. მოგიწოდებთ ბიუროს წევრებს ყველაფერი ავწონ-დავწონოთ. აქ არის ელექტრონული სიგარეტი შემოტანილი. მე არ მაქვს დასკვნა, რომ ის უნდა აიკრძალოს, არც იმის დასკვნა მაქვს, რომ სიგარეტის წარმოების პერმანენტული შეზღუდვა და ფასის მატება რამენაირად პოზიტიურად მოქმედებდეს მწეველთა შემცირებაზე. არ მოქმედებს ასე, პირიქით, უკეთეს ვეღარ ეწევა და ეწევა უარესს.
მე, როგორც ყოფილი მწეველი, სოლიდარობას ვუცხადებ მწეველებს, არ მინახვს სათანადო, კვალიფიციური დასკვნა. შეიძლება მე არ მინახავს და არის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ასე სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ეს შემოთავაზებული ცვლილება“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა განხილვისას.
კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძე კი დაჟინებით ითხოვს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალოს ან სპეციალური ადგილები გამოიყოს თამბაქოს მოხმარებისათვის. აკრძალვა არ გავრცელდება ღია კაფეებსა და ისეთ დაწესებულებებზე, სადაც ჰაერის ცირკულაციის საშუალებაა.
„რეგულაციები გავრცელდება კაფეებზე, რესტორნებზე, სალონებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებზე, სადაც დახურული სივრცეა. კანონის მიხედვით, დაწესებულების მფლობელი თავად გადაწყვეტს, მთლიანად აკრძალოს მოწევა თუ სპეციალური ადგილები გამოყოს მწეველებისათვის. კანონის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებების მეპატრონეებს ჩვენ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ დროს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და თავიანთი დაწესებულება სტანდარტის შესაბამისად მოაწყონ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
როგორც კანონპროექტის ავტორმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სასტუმროების მფლობელებთან, რათა სასტუმროების ოთახების, დაახლოებით 20% მწეველეისათვის მოეწყოს, ხოლო დანარჩენი - არამწეველებისათვის. პროექტის მიხედვით, ელექტრონულ სიგარეტზეც იგივე შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა გუგული მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ საწყის ეტაპზე, ეს ნორმა შეიცვალოს და ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას აკრძალვა არ შეეხოს.
დეპუტატი თემურ ნერგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თამბაქოს ანტირეკლამისთვის სოლიდური თანხა უნდა გამოყოს. მისი ინფორმაციით, აშშ-ში მწეველთა რაოდენობა დიდი კამპანიის ჩატარებით შემცირდა.
„აშშ-ს ეშველა ერთი რაღაცით, ჩაატარეს დიდი კამპანია - „ვინც ეწევა, არის გოიმი“ - დახარჯეს ამაზე მილიარდები. ახლა ამერიკაში რომ ეწევი, ხარ გოიმი. თუ არ გინდა გოიმი იყო, დაანებებ თავს მოწევას, აბა, რა იქნება. სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ბევრი ფული ამაზე, უფრო მკაცრი კანონი უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა თემურ ნერგაძემ „ბიპიასთან“ საუბრისას.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.
კანონპროექტში ასევე განსაზღვრულია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების მიერ დაკავებული ფართობის 30%-დან 65%-მდე გაზრდა. ცვლილებები ითვალისიწნებს თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაციის აკრძალვას იმ ფორმით, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.