ბოლო რამდენიმე დღეა თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა. ფერმერების ინფორმაციით, ფასი კიდევ 1 ლარით შემცირდა და 2,40 ლარი გახდა. ასეთი რთული და გამოუვალი ვითარება დასავლეთ საქართველოს არ ახსოვს. მოსავალი არის, მოთხოვნაც მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა, მაგრამ ფასის გადახდა არავის არ უნდა.
თხილის ფასის მკვეთრმა ვარდნამ სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო გალის რაიონის მოსახლეობა, სადაც თხილი ენგურს აქეთ არსებულ ბაზართან შედარებით ყოველთვის იაფი ღირს. შედეგად, გალის რაიონის მოსახლეობა არჩევანის წინაშე დადგა - ჩააბარონ თხილი ადგილობრივ ბაზარზე, სადაც ფასი მკვეთრად შემცირებულია ან გადმოიტანონ ზუგდიდში რისკის ფასად.
„ბოლო დროს, თხილის ფასის გაიაფებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია ადგილობრივი აფხაზური ხელმძღვანელობა და თხილის ბიზნესის ტოტალური გაკონტროლება დაიწყო. მათი მთავარი მიზანია, გალის რაიონში აღებული თხილის მოსავალი საქართველოს ბაზრებზე აღარ მოხვდეს. ჯერ კიდევ წინა წლის 1-ლი სექტემბრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეციალურად „საექსპორტო თხილისთვის“ ამოქმედდა ახალი „საბაჟო მოსაკრებელი“ - 1 კილოგრამ გაურჩეველ თხილზე 25 რუსული რუბლი, ანუ დაახლოებით 90 თეთრი, ხოლო 1 კგ გარჩეულ თხილზე - 35 რუსული რუბლი, დაახლოებით, 1 ლარი და 6 თეთრი.
ისედაც თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა და წარმოიდგინეთ, ჩვენი მდგომარეობა - ან იქ უნდა ჩავაბაროთ ძალიან დაბალ ფასად, ან ზუგდიდში უნდა გადმოვიტანოთ, მაგრამ გაყიდული თხილის საფასურის ნახევარი თანხა ე.წ. მებაჟეებს უნდა დავუტოვოთ“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას სოფელ თაგილონის მცხოვრები.
თხილის რეალიზატორები ადრე შემოვლითი გზებით ცდილობდნენ ზუგდიდის ბაზრამდე ჩაღწევას, სადაც თხილის ადგილობრივ მწარმოებლებთან შეთანხმებული იყვნენ.
„გალის თხილის ხარისხი მათთვის ცნობილია და ხვეწნა არასდროს გვიწევდა, მაგრამ ბოლო დროს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან გამკაცრდა ზომები. მოგეხსენებათ, თურქი ბიზნესმენები აქაც გადმოდიან და ისინი ცდილობენ, თხილი მათ ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, იქ ჩამოსული თურქი ბიზნესმენი დაბალ ფასს გვთავაზობს, რაც ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა ზოგჯერ იძულებული ვართ, მაინც ჩავაბაროთ“, - აღნიშნავს სოფელ თაგილონის მცხოვრები.
შარშან ამ დროს საქართველოს მასშტაბით თხილი 8-9 ლარი ღირდა. გაიაფება შემოდგომიდან დაიწყო და ფასი ჯერ 6 ლარამდე დაეშვა, ხოლო შემდეგ 5 ლარსაც ჩამოცდა. უკვე მიმდინარე წლის ზაფხულიდან 1 კგ თხილში 4 ლარის გადახდაც სანატრელი გახდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გლეხები თხილის ჩაბარებაზე საერთოდ უარს იტყვიან, რადგან არანაირი მოგება აღარ დარჩებათ.
თხილის ქარხნის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში ლადო გერგედავა ამბობს, რომ ფასი მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე რამ გამოიწვია გაიაფება, მისთვის უცნობია. მარაგი თითქმის ყველა რაიონში შემორჩა და ზუგდიდში მოქმედ ქარხნებს ყოველდღიურად 2-3 ტონამდე თხილის მიღება უწევთ.
გურიაში ხალხი ფასის ზრდას ელოდა, მაგრამ ახლა მის გაყიდვას 3 ლარადაც ვერ ახერხებს. მართალია გლეხებს ძველი მარაგი აღარ აქვთ, მაგრამ მალე ახალი მოსავალიც შემოვა და ფასი თუ ამ ნიშნულზე დარჩა, სამეურნეო ხარჯის გაწევას აზრი აღარ ექნება.
„რა ეშველება ხალხს, ფასის მომატებას ელოდნენ და სულ უკან მიდის საქმე. ამინდი თხილზე იშვიათად ახდენს გავლენას და შენახვის განსაკუთრებულ პირობებსაც არ საჭიროებს, მაგრამ ფასს არაფერი შველის. ამ დრომდე ძველი მარაგიდან მოსავალი ძალიან ცოტას შემორჩა, ნედლი თხილი კი ჯერ არავის უნდა“, - ამბობს ლენა სიორიძე, ოზურგეთის მკვიდრი.