მიწების უფასო რეგისტრაცია არჩევნებამდე დაიწყება

მიწების უფასო რეგისტრაცია არჩევნებამდე დაიწყება

როდის დაიწყება მიწების უფასო რეგისტრაცია, ეს ზუსტად დადგენილი არ არის. მთავრობა მართალია ჩქარობს და ცდილობს ყველაფერი არჩევნებამდე მოასწროს, მაგრამ კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. პარლამენტის მიერ კანონი დამტკიცებულია, ახლა მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცედურებია დარჩენილი.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შეიქმნება სპეციალური ჩარჩო, რომელსაც მოსახლეობა მიწის დაკანონებისთვის გამოიყენებს. აღნიშნული პროგრამა რეგიონში მცხოვრებლების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ მაღალმთიან რაიონებს ის მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებია და ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეული დისპროპორცია და უსამართლობა არის გამოსასწორებელი. ამიტომ მთელ რიგ რაიონებში - მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანა ფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე - ამ რაიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქნება სპეციალური ჩარჩო პროგრამა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რაიონებში მცხოვრებთათვის.

ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში, მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და უპირველეს ყოვლისა, რეგიონების მცხოვრებთათვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მიწების უფასო რეგისტრაციასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულად როდის დაიწყება პროცესი, ამაზე მთავრობიდან ინფორმაცია არ ვრცელდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი თეა ზაქარაშვილი კი ამბობს, ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული ბიუჯეტი, რაც მიწების რეგისტრაციას დასჭირდება. ამიტომ ძნელია ზუსტი ვადის დასახელება და აგრეთვე ის, თუ რა ფინანსური შეღავათებით ისარგებლებენ მოქალაქეები.

„ბევრს ჰგონია, რომ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, რაც მართალი არ არის. ამ კანონშივე არსებობს დათქმა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი მუხლი კანონის გამოქვეყნებიდან 45 დღის შემდეგ ამოქმედდება. ესე იგი, ჯერ მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ ეს მუხლები ამოქმედდეს. ამასთან, წინასწარ განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში ეკონომიკის სამინისტროს ევალება, წარმოადგინოს ფინანსური ანგარიში, თუ რა თანხის ფარგლებში გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას. იუსტიციის მინისტრმაც შესაბამისი ბრძანებები და ინსტრუქციები უნდა გასცეს, პროცესი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. აქედან გამომდინარე, მიწების რეგისტრაციის შესახებ კანონი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამოქმედდება“, - აცხადებს ზაქარაშვილი.

დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდეა რეგისტრირებული. წლების განმავლობაში მიწის მარტივ რეგისტრაციას, საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობის გამო, აზომვითი ნახაზების უზუსტობა და ე.წ. გადაფარვის არსებობა უშლიდა ხელს. შედეგად, თავის დროზე საჯარო რეესტრმა მთლიანობაში, 56 000-მდე მიწის ნაკვეთი არ დაარეგისტრირა. ამ პრობლემების მოგვარება კი, დღემდე მხოლოდ სასამართლოს გზით იყო შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და თანხების ხარჯვას იწვევდა.

ახალი კანონპროექტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მფლობელებს აქვთ, რომელთა უმრავლესობა უსახლკაროთა კატეგორიას განეკუთვნება და მათ სტატუსს დღეისათვის ქვეყანაში არანაირი ნორმა არ არეგულირებს.