აფხაზეთიდან ტურისტები გარბიან

აფხაზეთიდან ტურისტები გარბიან

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ. სეპარატისტულ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიას ისედაც არავინ იძლეოდა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ტურისტები საერთოდ დაუცველად გრძნობენ თავს.

რუსული სააგენტოები აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის დე ფაქტო მინისტრ ავთანდილ გარცკიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 5 ივლისს სოხუმში მომხდარი არეულობის გამო, ბევრ სასტურმოში ტურისტები ჩემოდნებს ალაგებენ და აფხაზეთს ტოვებენ.

ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ტურისტებისთვის საფრთხის შემცველი არ არის. მისი თქმით, ტურისტული სეზონი ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

5 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც შინაგან საქმეთა დეფაქტო მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გადადგომას მოითხოდნენ, უწყებაზე შტურმი განახორციელეს, რის შემდეგაც სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

აქციის მონაწილეებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან დე ფაქტო სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს, პოლიციას ქვები დაუშინეს და ძალის გამოყენებით სამინისტროს ჭიშკარი ჩამოგლიჯეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ წარმომადგენლები თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას გადაყენებას და რეფერენდუმის შემოდგომაზე ჩატარებას სთხოვენ.

ხაჯიმბა სამინისტროსთან შეკრებილ მომიტიმგეებთან მივიდა. მისი განცხადებით, ის კანონს ვერ დაარღვევს და რეფერენდუმს შემოდგომაზე ვერ გადმოიტანს.

პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა. განსაკუთრებით საშიში ვითარებაა სოხუმში, სადაც პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს. არადა წელს სეპარატისტები ტურიზმზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

მართალია, აფხაზეთში არც ინფრასტრუქტურაა მოწესრიგებული და არც მომსახურება ვარგა, მაგრამ რუსეთ-თურქეთის კრიზისის გამოისობით რუსი ტურისტების ნაწილმა სეპარატისტული რესპუბლიკისკენ აიღეს გეზი. რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა და ანკარამ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს და რუსებსაც თურქეთისკენ გზა გაეხსნათ. ამიტომ გაცილებით დაბალი დონის აფხაზური კურორტები დამსვენებლებისგან თვალიშასაცემად შეთხელდება.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, რუსი ტურისტები აფხაზური სერვისებით უკმაყოფილონი არიან.

„ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში ჩადიან, არიან მცირებიუჯეტიანი ტურისტები. უფრო მეტად ეს არის სამხედროების ოჯახის წევრები ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაბალი რგოლის მუშაკები. სხვა იქ არავინ არ ჩადის იმიტომ, რომ ხშირია დაყაჩაღება, შეურაცხყოფა და საერთოდ, აფხაზეთში სერვისი ნულის ტოლია“, - ამბობს დავითაია.

ლოგიკურად, წელს აფხაზეთს ბევრი რუსი ტურისტი უნდა სტუმრობდეს, თუმცა, ასე არ მოხდა, რადგან რუსებს მომსახურება უნდათ, აფხაზები კი ამ სერვისზე უარს ამბობენ.

„იმის შემდეგ, რაც რუსეთს პრობლემები შეექმნა თურქეთში და სხვაგან თითქმის ვერსად გადიან, ლოგიკურად, აფხაზეთში ბევრი ტურისტი უნდა ჩასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ არის. სეზონი გახსნილია თუმცა ბუმი არაა. რუსები უკმაყოფილონი არიან, რადგან აფხაზები ძალიან ცუდად ხვდებიან. რუსებს კი უნდათ, რომ აფხაზები ემსახურონ“, - აცხადებს დავითაია.

თუკი სოხუმში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, წელს აფხაზეთს ტურისტები აღარ გაეკარებიან.