ივლისიდან პენსიები გაიზარდა. ლარის დევალვაციისა და ფასების ზრდის ფონზე, 20-ლარიანი მატება მოსახლეობისთვის ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა. მთავრობის ნაბიჯმა მოწონება ვერ დაიმსახურა ვერც სპეციალისტებში და რა თქმა უნდა, ვერც პოლიტიკურ ოპონენტებში.
ექსპერტები აცხადებენ, რომ პენსიის 20 ლარით მომატება, ხანდაზმული ადამიანების სოციალურ მდგომარეობას ვერ გაუუმჯობესებს. სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ გაზრდილი პენსია დღეში ერთი ლარიც არ გამოდის. შესაბამისად, პენსიის მომატება კარგი მოსასმენია, თუმცა ასაკოვანი მოსახლეობას სიკეთეს ვერ მოუტანს.
„რასაკვირველია, გაზრდა პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი დაბეჩავებული პენსიონერების მიერ, თუმცა მათ გაჭირვებას ნამდვილად არ უშველის დღეში რამდენიმე თეთრის მომატება. დღეში ერთი ლარიც არ გამოდის ამ დანამატიდან, ანუ ყოველდღიურად თეთრების იმედად არიან ჩვენი პენსიონერები. ვერ იქნება სანდო ასეთი ამომრჩეველი. რეალურად ხომ არჩევნებისთვის არის გათვლილი პენსიის მომატება ასეთი მცირე ოდენობით“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ეს ყველაფერი როგორც მოსალოდნელი იყო ხელზე დაიხვიეს პოლიტიკურმა პარტიებმა. წინასაარჩევნოდ უმეტესობა დაპირებების ტრადიციულ გზას გაჰყვა და პენსიონერთა ხმებზე ნადირობა დაიწყო. მაგალითად, ნაცმოძრაობა მოსახლეობას ამჟამინდელი პენსიის 50 ლარით გაზრდას ჰპირდება. კიდევ უფრო გულუხვები აღმოჩნდნენ „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებმაც თამასა 300 ლარამდე ასწიეს.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ნაწილი უკვე წარადგინეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, პროგრამის მთავარი აქცენტი მოსახლეობის ყოფის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. „თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო დაპირება - მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით, 300-ლარიანი პენსია და 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 4 მილიარდით გაზრდილი ბიუჯეტი.
„თითოეული პენსიონერი იმსახურებეს უკეთეს ცხოვრებას. დღეს არსებული 160 ლარის ნაცვლად, ჩვენ განვსაზღვრეთ აუცილებელი საარსებო მინიმუმი 250 ლარით და ვიღებთ ვალდებულებას, რომ პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის უკეთესი ანაზღაურება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად“, - აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.
ხელისუფლება კი, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს პარტიების „საარჩევნო ტრიუკს“ უწოდებს. საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავადაც 220-ლარიანი პენსიას ჰქონდა მიზანში ამოღებული, მაგრამ 4 წლის განმავლობაში „გეგმას 40 ლარით ჩამორჩა“. ასე რომ, მათ კარგად იციან, რა შესაძლებლობა აქვს ბიუჯეტს პოპულისტური დაპირების შესასრულებლად.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მიაჩნია, რომ პარტიების დაპირება არის არასერიოზული.
„არ შეიძლება ესტაფეტა გავმართოთ პოლიტიკურმა პარტიებმა ვინ მეტს შესთავაზებს თავის ამომრჩეველს. გამოსავალი არის მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაში, რაზეც პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა და ხელისუფლება 2017 მესამე კვარტლიდან ქვეყანაში დაგროვითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს.
„გამოსავალი სწორედ დაგროვებითი საპენსიო სისტემაა. სხვა შეთავაზება, ეს არის გათანაბრებული ტყუილთან და ეს არის საარჩევნო „ტრიუკი“. ასე რომ, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს ვთხოვ, ნუ გამოიყენებენ მათ საარჩევნო სპეკულაციისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენსიები მეოთხედ გაიზარდა. მართალია, ეს საკმარისი ოდენობა არ არის, მაგრამ იმაზე მეტია, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი.