კახეთში ატმის მოსავლის მიღება-დაბინავება ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობის ფონზე მიმდინარეობს. გლეხები ამტკიცებენ, რომ რეალიზაცია და ფასი დაბალია, ხოლო მეწარმეები საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ.
კახელი ფერმერები მოსავლის დიდ რაოდენობასა და მყიდველის სიმცირეზე ამახვილებენ ყურადღებას. ადგილობრივები ატმის რეალიზაციაში ცენტრალური ხელისუფლებისაგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ.
გურამ ზარდიაშვილი, რომელიც ხილს სოფელ ჩუმლაყში არსებული ატმის საბითუმო ბაზარზე ყიდის, სეზონის ჩავარდნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოვაჭრეები მათგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ.
„სად წავიღოთ ამდენი მოსავალი? არც ბაზრებია, რომ დაბალ ფასში მაინც გავყიდოთ. გლეხი მიწას დაუბრუნდაო, რომ ამბობენ, სურვილი გვაქვს კი რომ ვიმუშაოთ? არაფერს არ აქვს ფასი. სად გავყიდოთ, რა გავაკეთოთ? სადაც ატმის უხვი მოსავალია, ამ სოფლებისთვის ერთი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება რა გახდა? გასულ წლებში უფრო მეტი გასაღება გვქონდა, ზოგს საკამპოტედ მიჰქონდა, ზოგს სამურაბედ, წელს ესეც შემცირდა, ხალხს პურის ფული უჭირს. ჩემი მანქანაც არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა ქალაქში წავიღო ატამი გასაყიდად“, - ამბობს გურამ ზარდიაშვილი.
გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე ადასტურებს, რომ პრობლემები იყო, თუმცა ახლა ყველაფერი გამოსწორდა. იმის გამო, რომ დაზიანდა დარიალის ხეობაში გამავალი გზა, ატამი გაიაფდა, თუმცა ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ამჟამად 1 კილო ატმის ჩასაბარებელი ფასი 1 ლარზე მეტიცაა, საშუალო ფასი კი 70 თეთრია. რაც შეეხება დაზიანებულ ატამს, მისი ფასი 25 თეთრია.
„ცუდი სიტუაცია ნამდვილად არ არის, თუმცა ხალხს იმაზე მეტი უნდა, ვიდრე აქვს. იმედი გვაქვს, რომ ლარსი რამდენიმე დღეში გაიხსნება და მდგომარეობა იმაზე უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის. შემოსულია დიდი მანქანები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, მაცივრები მუშაობენ“, - აცახდებს გერგიძე და დასძენს, რომ ატმის ის ჯიშები, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ახლა მწიფდება.
„აქამდე ისეთი ჯიშები იყო, რომელიც მალფუჭებადია და ტრანსპორტირებას ვერ უძლებს. ასე რომ, ატმის სეზონი კიდევ 1 თვე გაგრძელდება“, - აცხადებს გეგიძე.
ერთადერთი კომპანია, რომელიც კახეთში ატამს იბარებს, შპს ,,ქართული ხილის კომპანიაა“. საწარმოს ერთ საათში 1500 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხება შეუძლია.
შპს „ქართული ხილის კომპანიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევანი ნოზაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კახეთში ატმის მოსავლის ჩაბარება-რეალიზიასთან დაკავშირებით პრობლემებია, სიმართლეს არ შეესაბამება. ლარსის გზის ჩაკეტვამ რამდენიმე დღე პრობლემები კი შექმნა, თუმცა ხალხი აზერბაიჯანის მიმართულებაზე უკვე გადაეწყო და დღევანდელი მდგომარეობით, ექსპორტი უპრობლემოდ ხორციელდება.
ნოზაძე აღნიშნავს, რომ კვირაზე მეტია ქარხანა რამდენიმე ცვლაში მუშაობს. კილოგრამი ატმის ფასი კი 70 თეთრიდან ზევითაა.
სოფლის მეურნეობის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა, შეიქმნას სამაცივრე მეურნეობა, რომელიც დიდი რაოდენობის მოსავლის ჩაბარებაზე იქნება ორიენტირებული. მუშაობა ამ მიმართულები უკვე დაწყებულია.
„ცხადია გლეხები და მცირე ფერმერები მარკეტინგზე და ბაზრებზე თავად ვერ იფიქრებენ, ამიტომ გვჭირდება რეალურად მოქნილი და მდგრადი კოოპერატივები. წელს სეტყვა იყო და პროდუქცია გაფუჭდა. აღარ გადის აზერბაიჯანშიც და ალტერნატიულ ბაზრებზეც არ ხდება მუშაობა სათანადოდ. პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არ გვაქვს. ამ სიტუაციაში დღეს არ ჩავარდებოდით, თუკი გლეხებს გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით ტყუილი მოლოდინსი არ ექნებოდათ“, - განაცხადა ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში 30 ათას ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან. რამდენად მოხერხდება მისი სრულად რეალიზაცია, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.