სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე უკვე თავად მშენებლებიც აქტიურად საუბრობენ. ბაზარი იმდენად თავის ნებაზეა მიშვებული, რომ უკვე დეველოპერებიც კი შეწუხდენენ. მათი პრობლემა ისაა, რომ რაც დრო გადის, მომხმარებელი სულ უფრო კარგავს ნდობას ახალაშენებული კორპუსებისადმი. თანდათან სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ დღევანდელი შენობები დროს ვერ გაუძლებს.
„ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი ნოდარ ადეიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია, მოხდეს მონიტორინგი და კონტროლი როგორ და რა მასალებით აშენებს კომპანია. ადეიშვილის თქმითვე, კომპანიებმა ასევე უნდა შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც არ დააზიანებს ქალაქის იერსახეს.
„ეს უნდა იყოს მერიის პრიორიტეტი, რომელიც ამჟამად ცდილობს ეს პრობლემა გადაჭრას. ახალმა გენერალურმა გეგმამ უნდა მოაგვაროს საკითხი და ვიდრე რეგულაციები იქნება, კომპანიებმა თავად უნდა იზრუნონ ამ კუთხით. არ უნდა დავაზიანოთ ქალაქის იერსახე იმისათვის, რომ ბიზნესი მოგებაზე გავიდეს”, - განმარტავს ნოდარ ადეიშვილი.
სამშენებლო მასალების ლაბორატორია „ტორენტის" ხელმძღვანელი ზაურ გოცირიძე აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესში მთავარი პრობლემა არის კანონის არ არსებობა, რომელიც მშენებლობის პროცესში კომპანიებს მასალების ლაბორატორიულ შემოწმებას დაავალდებულებს. მისი თქმით, ასეთ დროს მასალების ლაბორატორიულად შემოწმება მხოლოდ მშენებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ ქართული არმატურა უხარისხოა, გაზვიადებულია, რადგან წუნიანი შესაძლოა იმპორტირებულიც იყოს და ქართულიც. თუმცა გოცირიძე ქართული არმატურის თავისებურებაზე მაინც საუბრობს და ამბობს, რომ შედუღების დროს ქართული არმატურა ტყდება, ამიტომ მასზე მშენებლობა სხვა ტექნოლოგიით უნდა მოხდეს.
“თუ მშენებელმა ეს ტექნოლოგია დაიცვა, მაშინ ქართული არმატურა ხარისხიანია და უსაფრთხო. უკრაინულ არმატურას კი ეს პრობლემა არ აქვს. რამდენად იცავენ დღეს მოქმედი სამშენებლო კომპანიები ქართული არმატურის შემთხვევაში ამ ტექნოლოგიას, ეს ცალკე თემაა და ეს ნამდვილად არ ვიცი”, -აცხადებს გოცირიძე.
„კაპაროლ ჯორჯიას” დირექტორი ბორის გამრეკელი სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ამოქმედებას კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი თქმით, ნებისმიერი მშენებლობა სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, იქნება ეს ევროპული, ამერიკული თუ ჩინური. გამრეკელი ამბობს, რომ ერთი სტანდარტის დამკვიდრება და ყველას იძულება, დაემორჩილონ ამ სტანდარტს, არ იქნება სწორი. გარდა ამისა, შესაძლოა, სამშენებლო მასალა მაღალი ხარისხის იყო, თუმცა მისი გამოყენება არასწორად მოხდეს და შედეგად ის დაბალი ხარისხის გახდება. „სამწუხრაოდ საქართველომ სამშენებლო მიმართულებით განათლება შეაჩერა. შედეგად გვყავს ხალხი დაბალი ან ნახევარი კვალიფიკაციის”, – ამბობს “ფაინენშელთან” გამრეკელი.
სამშენებლო კომპანიების ნაწილი თვლის, რომ საექსპლოატაციო ვადასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებაა აუცილებელია. ზოგიერთი დეველოპერი ეჭვობს, რომ მშენებლობაში დიდწილად უხარისხო მასალები გამოიყენება, რაც ახალი ნაგებობის მიმართ უნდობლობას აჩენს.
“საქართველოში საცხოვრებელი კორპუსების საექსპლოატაციო ვადა, საშუალოდ, 60-დან 80 წლამდეა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, 50 წელიც ვივარაუდოთ. ცხადია, ეს დამოკიდებულია მშენებლის კეთილსინდისიერებაზე. ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის და ძალიან ბევრი სცოდავს კიდეც. ცხადია, ეს არ ეხება რკინა-ბეტონს, რაც კორპუსის მდგრადობას განსაზღვრავს. სამაგიეროდ, ეკონომიის გაწევის მიზნით, შეიძლება დააკლონ სხვა მასალა, რომ შედარებით იაფად და მარტივად “გამოძვრნენ”. ცხადია, ეს დამანგრეველ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ხარისხზე აუცილებლად აისახება. ჩემი აზრით, კორპუსის საექსპლოატაციო ვადა კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს. ამ მხრივ ცვლილება აუცილებელია”, – ამბობს “ბესტი ჯგუფის” დირექტორი მალხაზ კოხრეიძე.