როგორ კარგავს დასავლეთი თურქეთს

როგორ კარგავს დასავლეთი თურქეთს

[SPIEGEL]
იმედგაცრუებული ანკარა დასავლეთს ზურგს აქცევს და აღმოსავლეთით ირანს და ჰამასს შესცქერის. ათწლეულების განმავლობაში თურქი ხალხი ებრაული სახელმწიფოს ერთგული მოკავშირე იყო და მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავდა. დღეს თურქეთი ეკონომიკურად ძლიერია, რეგიონში მნიშვნელოვან ძალაუფლებას და გავლენას ფლობს და მუსიკის შეკვეთაც თავად შეუძლია. ნიშნავს თუ არა ეს ათათურქის მემკვიდრეობის დასასრულს?

2002 წლის დეკემბერში ევროკავშირის კოპენჰაგენის სამიტზე გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იმ დროს ახალბედა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთ ოთახში ისხდნენ.

გერმანელს და ფრანგს ცუდი ამბავი უნდა ეთქვათ ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში არჩევნებზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ელოდებოდა, რომ ევროკავშირში მისი ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტულ თარიღს დაუსახელებდნენ – თურქეთმა პირველი ოფიციალური განაცხადი ამ დღემდე 15 წლით ადრე გააკეთა. ერდოღანი იმედოვნებდა, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდებოდა, რომლის დახმარებითაც ის საკუთარ ქვეყანაში სერიოზულ ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ როგორც შრიოდერმა სთქვა, ევროკავშირი მოლაპარაკებების დაწყებისთვის ჯერ მზად არ იყო და ერდოღანს უბრალოდ გარკვეული დროით ცდა მოუწევდა.

ერდოღანი სავარძელში გაიმართა და წამოიძახა: „ჰოპ, ჰოპ!“
შირაკმა ეს თურქული ფრაზა, რომელიც დაახლოებით ასეთი გამონათქვამების კომბინაციაა: „ერთი წუთით!“, ან „თქვენ რა გაგიჟდით“ ვერ გაიგო, მაგრამ ის საკმაოდ დიდხანს მუშაობდა პარიზის მერის თანამდებობაზე იმისთვის, რომ სწრაფად მიმხვდარიყო: ეს ადამიანი მალე კარგავს მოთმინებას და არასასიამოვნო ამბებზე ცუდად რეაგირებს. შირაკი მის თურქ კოლეგას მოძღვრავდა და ეუბნებოდა, რომ ამ საკითხზე ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეები ვერ თანხმდებოდნენ; თუმცა ისინი ეძებდნენ გზებს ამ უთანხმოებებზე სასაუბროდ. ერდოღანს არაფერი უთქვამს. ეს კარგი დასაწყისი არ იყო.

ანკარას შებრუნება
შვიდი წელი გავიდა და ახლა ჩანს თუ როგორ შეაბრუნა ერდოღანმა თურქეთი. მან შეარცხვინა ყველა ვინც მას ოდესღაც რელიგიურ ყეყეჩს ეძახდა. ერდოღანმა კედელთან მიაყენა ყოვლისშემძლე თურქი სამხედროები, რესპუბლიკური ისტებლიშმენტის დემორალიზება მოახდინა და საკუთარი ქვეყანა ბოსფორში, რომელიც ერთ დროს მხოლოდ გადატრიალებებით და კრიზისებით იყო ცნობილი, ანატოლიის ვეფხვად აქცია. თუკი მეზობელი საბერძნეთი საერთო ეროვნული ფინანსურ კრიზისშია ჩაფლული, თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე წელს 5%-იან ზრდას ელიან.

იმავდროულად ეს ქვეყანა ისეთ როლს იძენს, რომელიც თანამედროვე თურქეთს არასდროს ჰქონია. ის ხმაურიან და თვითდაჯერებულ რეგიონალურ ზესახელმწიფოდ ყალიბდება, რომელიც საკუთარი საგარეო პოლიტიკის საბაზისო პრინციპებზე უარის თქმით მთელი მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს.

ეს კურსის ისტორიული ცვლილებაა. „თურქები ყოველთვის ერთი მიმართულებით – დასავლეთისკენ მიდიოდნენ“ – აცხადებდა თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მუსტაფა ქემალ ათათურქი. მაგრამ ახლა ერდოღანის შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ, თურქეთი მიმართულებას იცვლის და აღმოსავლეთისკენ ბრუნდება.

გახლეჩილი ალიანსი
ამ ცვლილების ყველაზე მკაფიო მაჩვენებელია თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები. 1940-იან წლებში თურქეთი ევროპიდან დევნილ ებრაელებს იფარებდა, ხოლო 1949 წელს ის პირველი მუსულმანური ქვეყანა გახდა, რომელმაც ებრაული სახელმწიფო აღიარა.

60 წლის განმავლობაში მოქმედებდა ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი, რომელსაც ორივე ქვეყნის სეკულარული ელიტა მხარს უჭერდა.

მაგრამ ორი კვირის წინ მას სერიოზული ნაპრალი გაუჩნდა, რამდენიმეთვიანი ურთიერპროვოკაციებისა და ისრაელის სანაპიროს გასწვრივ მიმავალი გემების ფლოტილიის სისხლისმღვრელი ინციდენტის შემდეგ, ერდოღანმა ისრაელი „სახელმწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა, ქვეყნიდან ელჩი გამოიწვია და ისე შორსაც კი წავიდა, რომ იმის მტკიცება დაიწყო, თითქოს მსოფლიო დღეს „სვასტიკას და დავითის ვარსკვლავს ერთნაირად აღიქვამს“. „დღეს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა“ – პარლამენტში განაცხადა მან ისრაელთან ურთიეთობის საკითხებზე გამოსვლისას – „და ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.

ასეთი შემობრუნება ირანთან ურთიერთობაზეც აისახა, რომელსაც ანკარა 1979 წლიდან, მას შემდეგ რაც იქ ისლამური რევოლუცია მოხდა ეჭვის თვალით უყურებდა. აბრაზე რომელიც თურქეთ-ირანის საზღვართან 1979 წლიდანაა აღმართული, ვკითხულობთ: „თურქეთი საერო სახელმწიფოა“. ეს თურქეთის განაცხადია იმაზე, რომ მეზობელი ირანის თეოკრატია მისთვის მიუღებელია.

თუმცა ამ თვის დასაწყისში თურქეთის ელჩმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ხმა სანქციების პაკეტის წინააღმდეგ მისცა, რომლის დახმარებითაც, ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბერლინი (მოსკოვი და პეკინიც კი) ირანის სადაო ბირთვული პროგრამის შეჩერებას იმედოვნებდნენ.

დასავლეთი შოკირებულია. ქვეყანა რომელიც 60 წლის განმავლობაში ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის ფორპოსტი იყო და აშშ-ს და ევროპის გვერდით იდგა (კორეის ომიდან – ავღანეთის ომამადე) ალიანსის შემადგენლობაში სიდიდით მეორე არმიით, უცბად მოლების მეგობრად იქცა? სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში საკუთარ „იმედგაცრუებაზე“ საუბრობს, ხოლო ისრაელში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ზოგიერთები ბოროტების ახალი ღერძის შექმნასაც კი წინასწარმეტყველებენ. ვინ არის დამნაშავე თურქეთის პოლიტიკურ ძვრებში? ერდოღანი? ისრაელი? ევროპელები? ვინ დაკარგა თურქეთი?

მეორე ნაწილი – „ევროპაში მას ვიღაც ხელს ჰკრავს“
აშშ-ს თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსის თქმით, თუკი ბოსფორის ორივე მხარეს გადაშლილი ქვეყანა, მიმართულებას აღმოსავლეთით იცვლის, „ამაში არც თუ უმნიშვნელო როლს თამაშობს ის, რომ ვიღაც ევროპაში მას ხელს ჰკრავს, უარს ეუბნება რა თურქეთს დასავლეთთან იმ ორგანულ კავშირზე, რომლის მიღებისკენაც ის მიისწრაფვის“.

გეითსის არგუმენტაციის უარყოფა რთულია. 1963 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულებაში ევროკავშირის ქვეყნებმა თურქებს ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა შესთავაზეს და ანკარამ წევრობაზე პირველი განაცხადი 1987 წელს გააკეთა, მაგრამ 2005 წელს ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შემდეგაც კი, ბრიუსელი განაგრძობდა თურქებისთვის ფეხის დადებას, იმავდროულად საკუთარ რიგებში ერთიმეორეს მიყოლებით იღებდა რა ყოფილი აღმოსავლური ბლოკის ქვეყნებს.

და მაინც, ერდოღანი ევროკავშირში გაწევრიანების იმედს არ კარგავდა და ასეთი კოზირით ხელში, მან ქვეყანაში რეფორმები ისეთი ტემპით განხორციელდა, როგორც ეს მანამდე ვერ მოახერხა ვერც ერთმა თურქმა პრემიერმა. ის რისკავდა, ქურთებთან ურთიერთოებებს არბილებდა და საერთო ჯამში ევროპელებზე შესაბამისი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა. მან მტკიცედ გადაწყვიტა ისტორიაში შესულიყო როგორც თურქი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა „ქრისტიანულ კლუბში“ გააწევრიანა.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩამქრალი ენთუზიაზმი
მაგრამ შემდეგ 2005 წელს, ხელისუფლებაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოვიდა, 2007 წელს კი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დახდა, ერდოღანის ენთუზიაზმიც ჩაქრა. თუკი არსებობს რაიმე საკითხი, რაზეც ეს ორი ევროპული ლიდერი თანხმდება, არის ის რომ მათ არ სურთ ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წევრად მიღება.

ერდოღანს ესმის, რომ ჯერ-ჯერობით მას ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არა აქვს და ამიტომ იგი თავის ენერგიას აღმოსავლეთისკენ მიმართავს. ეს არ არის პოლიტიკური იმედგაცრუების გამოხატვის ყველაზე ოსტატური ხერხი, თუმცა მასში გასაკვირიც არაფერია.

კონკრეტული თარიღის დასახელებაც კი შეიძლება, როდესაც ერდოღანს ისრაელზე გული აუცრუვდა: 2008 წლის 27 დეკემბერი. მრავალი წლის განმავლობაში თურქეთი ისრაელს და სირიას შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს თამაშობდა. ერდოღანს სურდა ჯერ კიდევ 1967 წელს გოლანის სიმაღლეების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დარეგულირება. გარდა ამისა, ასეთი როლი მას ისტორიის სახელმძღვანელოებში მოხვედრის გარანტიებს უქმნიდა.

ერდოღანი თავს მოტყუებულად გრძნობს
2008 წლის საშობაო პერიოდში, თურქეთის პრემიერს ჰქონდა განცდა, რომ ის სულ მალე წარმატებას მიაღწევდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი 22 დეკემბერს ანკარაში ჩავიდა, მაგრამ ამ ვიზიტის დროს მას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, რომ ისრაელში დაბრუნებისთანავე ოპერაციაზე „ჩამოსხმული ტყვია“ ბრძანების გაცემას აპირებდა. ისრაელის არმიის საპასუხო დარტყმა მოძრაობა ”ჰამასის” უწყვეტ სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის ღაზას სექტორიდან, 1 400 პალესტინელის დაღუპვის მიზეზი გახდა. ერდოღანმა ამ ოპერაციის დაწყების შესახებ გაზეთებიდან შეიტყო.

ერდოღანთან ერთ-ერთი დაახლოებული პირის თქმით, პრემიერს დღემდე მიაჩნია, რომ ოლმერტმა უღალატა, როდესაც საკუთარი სამხედრო გეგმების თაობაზე საქმის კურსში არ ჩააყენა. ოთხი კვირის შემდეგ დავოსში (შვეიცარია) მსოფლიო ეკნომიკურ ფორუმზე ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან დებატები ხმაურით დაასრულა. დარბაზის დატოვებამდე მან პერესს დაუყვირა – „თქვენ ადამიანებს კლავთ. მე მახსოვს ის ბავშვები, რომლებიც სანაპიროზე იღუპებოდნენ“. ამის შემდეგ თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებში სერიოზული ნაპრალი გაჩნდა.

მას შემდეგ ორივე ქვეყანის დებატებში ულტრაკონსერვატორები დომინირებენ. თურქეთში ასეთი თავად პრემიერ-მინისტრია, ხოლო ისრაელში იმ ტიპის ადამიანები, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორუ ლიბერმანი, რომელიც ამბობს – „მთელი ბრალი, სრულად და თავიდან ბოლომდე, თურქეთს მიუძღვის“.

ნაციონალიზმის ტალღა თურქეთსა და ისრაელში
ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე მოსჩანს, თითქოს ორივე ქვეყანაში, რომლებიც ყოველთვის ამაყობდნენ იმით რომ ახლო აღმოსავლეთში „ერთადერთ დემოკრატიებს“ წარმოადგენდნენ, ნაციონალიზმის ტალღაში ოპოზიციური ბანაკები უბრალოდ გაქრა.

თურქეთში კიდევ არსებობს ოპოზიციის ახალი ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს. ამ სოციალ-დემოკრატის თქმით, ევროპა და შეერთებული შტატები ”ჰამასს” მიიჩნევენ „ტერორისტულ ორგანიზაციად. ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ“.

ისრაელში ჯერ-ჯერობით კრიტიკა ინტელექტუალებისგან ისმის, ისეთებისგან როგორებიც არიან დავიდ გროსმანი და კომენტატორი ალუფ ბენი, რომელმაც ამ ორ ქვეყანას მელანქოლიური გედის სიმღერა მიუძღვნა გაზეთ Haaretz-ში და აღნიშნა, რომ ყველაზე ღრმა უფსკრულშიც კი ამ ქვეყნებს უფრო მეტი ეპიზოდი აერთიანებს, ვიდრე მიჯნავს.

ბენი წერს, რომ ორივე ქვეყანა არასწორად ეპყრობა საკუთარ უმცირესობებს. სამხედროები ორივეგან ძალიან გავლენიანები არიან; ორივე სახელმწიფო ძალიან თანამედროვეა, თუმცა ორივეგან შეაღწიეს ფუნდამენტალისტებმა.

ბენის თქმით, ისრაელის და თურქეთის მთავრობები საქმიანად ანგრევენ თავიანთი დამფუძნებლების დავით ბენ-გურიონის და ათათურქის მემკვიდრეობას, ხოლო ორივე ქვეყნის ხალხი ცრუ წარმოდგენებითაა გაჟღენთილი: „მაგრამ ჩვენ, არა ვართ მატყუარების და მკვლელების ქვეყანა, როგორც ამას ერდოღანი ამტკიცებს, ხოლო თურქეთი არ არის ირანი, რომელსაც სურს ისრაელის რუკიდან გაქრობა, როგორც ლიბერმანს მიაჩნია“.[foreignpress.ge]