გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა. ის დრო იყო, როდესაც "ეროვნული მოძრაობა" იატაკქვეშეთიდან გამოდიოდა და სულ უფრო იკრებდა ძალას. მაშინ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების, და არა მხოლოდ ახალგაზრდების, უმრავლესობამ არაფერი იცოდა მერაბ კოსტავას შესახებ.
საბჭოთა პროპაგანდა და ცენზურა არა მხოლოდ "არასასურველ" ისტორიულ გმირებს (მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილს) "უმალავდა" საზოგადოებას, არამედ ცოცხალთა ხსენებასაც კრძალავდა. მერაბ კოსტავას სახელი მხოლოდ "არაფორმალთა" ვიწრო წრისათვის და მისი მეგობრებისა და ახლობლებისათვის იყო ცნობილი. სამშობლოში დაბრუნების დღიდან ბორითის გზაზე მომხდარ კატასტროფამდეც სულ სამიოდე წელია, არადა, მისი გოროზი პროფილის ჩრდილშია მოქცეული არა მხოლოდ მაშინდელი დრამატული მოვლენები, არამედ მთლიანად, მისი თაობის ყველა საუკეთესო და ამაღლებული საქმე და ოცნება.
ნათქვამია, უბედურია ერი, რომელსაც გმირი სჭირდებაო. "უბედურებაში", ალბათ, იმ განსაცდელს გულისხმობენ, რომლისგანაც გმირმა ერი უნდა იხსნას, უნდა შეეწიროს, მაგალითი მისცეს. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო მართლაც მძიმე იყო ქვეყნისათვის. თუ განსაცდელი არსებობს, განსაცდელი სწორედ ეს იყო - გოგონები და ქალები დაგვიხოცეს. სანუგეშოდ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ განგებამ ზემოთ ნახსენები "ბრძნული გამონათქვამი" სრულად აგვიხდინა და გმირიც გვიბოძა - მართლა გმირი.
პირადად, ასე, ახლოს ერთხელ მინახავს. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოდიოდა ხალხით გარშემორტყმული. სპილენძისფერ სახეზე ერთი ნაკვთიც არ ერხეოდა - ის გოროზი გამომეტყველება ჰქონდა შეყინული (არა, მეორეჯერაც ვნახე, მანქანაში წინა სავარძელზე იჯდა. ჩაძინებული იყო და თავი წინ ჰქონდა ჩაკიდებული). ხმა, საუბრის მანერაც შესაბამისი ჰქონდა - პათეტიკური, ამაღლებული. სულერთი იყო, რაზე საუბრობდა და რამდენ კაცს ელაპარაკებოდა (ერთხელ მიტინგზე ტელეფონის ნომრის გამოცხადება სთხოვეს. ხელი შემართა და რიცხვებიც ჩვეული რიხით წარმოთქვა, რაზეც შემდეგ თავადაც ბევრი იცინა). პირველად ხილვისას დაგაბნევდა კიდეც მისი ასეთი ქცევა. თუმცა სულ მცირე დრო იყო საჭირო, მიმხვდარიყავი, უფრო კი გეგრძნო, რომ შენ წინაშე "სხვა", ამაღლებული სულის ადამიანი იდგა, კაცი, რომლისთვისაც ამგვარი მდგომარეობა არსებობის ერთადერთი შესაძლებელი და სასურველი ფორმა იყო.
პირველად ჩვიდმეტი წლისა დააპატიმრეს – მეგობრებთან ერთად ანტისაბჭოთა პროკლამაციები გაავრცელა. მაშინ ყმაწვილებს პირობითი სასჯელი და საჯარო ლანძღვა-გინება აკმარეს. იმ ყმაწვილებიდან პოლიტიკური, ანდა როგორც მაშინ ეძახდნენ, დისიდენტური მოღვაწეობა, მხოლოდ ორმა – მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ განაგრძეს, რისთვისაც 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს. სასჯელი ამჯერად რუსეთის იმპერიის საუკეთესო ტრადიციების შესაფერი გახლდათ, - მერაბ კოსტავამ ათი წელი ციმბირში გაატარა. თავიდან 5 წელი მიუსაჯეს, შემდეგ პროვოკაცია მოუწყვეს და კიდევ 5 დაუმატეს. ამ დროის განმავლობაში მისი ციმბირული "თავგადასავლები" ლეგენდებივით აღწევდა სამშობლოში. ციმბირულ ყინვაში როგორ შეაგდეს სველი ტანსაცმლით კარცერში, რათა შეწყალების თხოვნა ამოეგლიჯათ პირიდან. არაფერი გამოუვიდათ - კარცერიდან უგონოდ გამოიყვანეს. როგორ გადაკვეთა აკრძალული ზონა (რისთვისაც შეეძლოთ გაუფრთხილებლად დაეხვრიტათ), რათა დაძაბუნებული უცნობი თანამემამულისთვის ეთქვა, "გამაგრდი, იცოდე, შენ ქართველი ხარ" (უშიშროების დოსიეში ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გარდა, პიროვნული თვისებების გრაფაში ქართველი პატიმრის შესახებ აღნიშნული იყო: "განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამაყობს ნაციონალური წარმომავლობით"). რა გულმოდგინედ იწმენდდა საკნის შესასვლელში დაგდებულ ტილოზე ფეხსაცმელს ან როგორ გაიფიცნენ პატარა ციმბირელი მოსწავლეები, რომლებსაც მიმაგრებაში მუსიკას ასწავლიდა, როდესაც მათი საყვარელი მასწავლებელი ისევ ციხეში მიაბრუნეს.
ამას კი პირადად შევესწარი: წარმოიდგინეთ ტატუებით აჭრელებული ათლეტური შუახნის მამაკაცი. საშინელი, სასტიკი გამომეტყველებით და "შავებისათვის" დამახასიათებელი ლექსიკით, მათი "კანონებით" მცხოვრები, რუსთაველზე, ერთ-ერთ კაფეში იჯდა. კოსტავა ახალგარდაცვლილი იყო და ახალგაზრდებმა მისი სურათი ჩაატარეს. ამან ქუჩისკენ გაიხედა და თქვა, შევხვედრივარ, კარგი კაცი იყოო ცხონებული.
რაში დაგვჭირდა ასეთების გახსენება? გმირი უხინჯო უნდა იყოს, საიდანაც უნდა "შემოუარო", ნაკლი ვერ უნდა უპოვო. მერაბ კოსტავა მთაწმინდის უბანში გაიზარდა, პირველი სკოლა დაამთავრა, შემდეგ კონსერვატორია. ებრძოდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან იმპერიას, ებრძოდა აშკარად, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე. ჩვეული პირდაპირობითა და ამაღლებული ტონით. მაგალითად, ზემოთ რომ პროვოკაცია ვახსენეთ, ის ამბავი ასე მოხდა: მიმაგრებაში გზაზე მიმავალს ნაცნობი მიუახლოვდა, საუბარი გაუბა, უცებ მიწაზე გაგორდა და ფართხალი დაიწყო. კოსტავა ყველაფერს მიხვდა. იმ უბედურისთვის არც შეუხედავს, დადგა და ხმამაღლა სკანდირება დაიწყო: Долой советский союз! ("ძირს საბჭოთა კავშირი!")
გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა ვაჟიშვილმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. ანუ საფუძველი და პირობა იმისა, რომ სადღაც ოდესმე რამე შეშლოდა ან მცირე სისუსტე მაინც გამოეჩინა, უამრავი ჰქონდა. მისი არჩეული ცხოვრების გზიდან გამომდინარე ათასი ბუნებისა და მოდგმის ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, სიყმაწვილიდან აღსასრულამდე არავინ გამოჩნდა მასზე აუგის მთქმელი, საბჭოთა სუკ-ის თანამშრომლებიც კი გაოცებული ჰყვებიან ამ "უცნაური" კაცის "ახირებული" ქცევის შესახებ.
ეს ყველაფერი სულაც არ იყო მერაბ კოსტავასთვის იმ ბედნიერების მომტანი, პირადს რომ უწოდებენ. ცხოვრებაში სიხარულზე მეტი ტანჯვა შეხვდა. თუმცა, ეს მისი არჩევანი იყო, რომელიც ყოველგვარ პირადულს გამორიცხავდა.
ერთია, როდესაც ისტორიის ფურცლებიდან მოთხრობილ საგმირო ისტორიებს, გმირთა სახელებს ეცნობი, მეორე, როდესაც თვალნათლივ ხედავ და რწმუნდები, რომ გმირები მართლა შეიძლება არსებობდნენ.