სააკაშვილს, ბურჯანაძეს და ოქრუაშვილს დემოკრატიული არჩევნები არ სურთ

სააკაშვილს, ბურჯანაძეს და ოქრუაშვილს დემოკრატიული არჩევნები არ სურთ

რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანად მიიჩნევს რევოლუციას საქართველოში და აცხადებს, რომ სააკაშვილს, ბურჯანაძესა და ოქრუაშვილ-კიწმარიშვილის ტანდემს ერთნაირად აწყობთ რევოლუცია.

 

_ ნაციონალებმა არ დაიტოვეს ღირსეული გასასვლელი. მათ საკუთარ თავს მოუჭრეს გზა იმისა, რომ ღირსეულად წავიდნენ და თუნდაც ზეგ ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუ ხალხი მხარს დაუჭერს. მთელი პრობლემა ამაშია. ვინაიდან ადამიანს ღირსეულად წასვლის შანსი აღარ აქვს, ის სულ უფრო უღირსად იქცევა. სააკაშვილი რომ წარმოიდგენს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება პირველი პირი აღარ იყოს, ეს მისთვის სიკვდილზე მეტია. ამიტომ ამათ სიკვდილი ურჩევნიათ. აი, ეს არის მათი პრობლემა. ამიტომ არის, რომ მათთან ურთიერთობა მოითხოვს ძალიან დიდ გონიერებას, სიფრთხილეს, რომ კუთხეში მომწყვდეულ ვირთხასავით სახეში არ შემოგახტნენ და საზოგადოებას უარესი ვნება არ მოუტანონ, - აცხადებს დავით უსუფაშვილი და იქვე მიუთითებს, რომ სააკაშვილის წასვლა ჩვენი მოსაგვარებელია. რათა მისი უღირსი წასვლა ქვეყნისთვის ნაკლები დანაკარგების მომტანი გავხადოთ.

 

რაც შეეხება რუსულ ფულსა და რუსული ინტერესების განხორციელებას რევოლუციონერების მხრიდან, კიწმარიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენი პარტიის კურსია, ჩავიდინოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა და ტელეეთერებში მოვხვდეთ". რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ პიარ-სტრატეგიით მოქმედი გუნდისგან აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი. გთავაზობთ ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან:

 

ბატონო დავით, რა ვითარება შეიქმნა ოპოზიციურ ფლანგზე, როცა ერთმანეთის მიმართ ასეთი მძიმე და შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის?

- ოპოზიციური სპექტრი რას აკეთებს, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. რესპუბლიკურ პარტიაზე მკითხეთ, რაც გინდათ და გიპასუხებთ. ჩვენ გვინდა ისეთი პოლიტიკური პროცესი, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას. არსებული ვითარების გაუმჯობესება შესაძლებელია ამ ხელისუფლების ჩანაცვლებით უკეთესი პოლიტიკური ძალებით. ამასობაში მოცემული ოპოზიციური სპექტრი შედგება ხელისუფლებაზე უკეთესი და ხელისუფლებაზე უარესი ძალებისგან. შესაბამისად, ხელისუფლების უკეთესით შეცვლის პროცესი მე, პირადად, მაინტერესებს იმ კუთხით, ხელისუფლებაზე უკეთესი ძალები სწორ კურსს ირჩევენ თუ არა. ბუნებაში შეუძლებელია, რომ ხელისუფლებაზე უკეთესმა და უარესმა ძალებმა ერთობლივი ძალისხმევით შეცვალონ ეს ხელისუფლება უკეთესობისაკენ. ოპოზიციურ სპექტრში მუდმივად რაღაცები ხდება და ყოველთვის მოხდება. ზეგ ნაციონალური მოძრაობა იქნება ასევე ოპოზიციაში. ის რომ ოპოზიციაში იქნება, ის როგორ მოიქცევა? ვინმეს რამეში ხელს შეუწყობს თუ შეუშლის, ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. მე მაინტერესებს, უკეთესობისკენ შემცვლელი ძალები სწორად იქცევიან თუ არა. ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებაში უკეთესობის შემძლე ძალებმა თავი მოიყარეს ოპოზიციურ რვიანში და ისინი აბსოლუტურად სწორად იქცევიან. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ აქვთ თავიანთი მიზნები და ამოცანები. მათი მოქმედებები ხშირად უშლის ხელს თუ არა სწორი მიმართულებით ქვეყანაში ცხოვრების წამართვას? _ კი, უშლის ხელს, მაგრამ ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის თანამდევი აუცილებელი მოვლენა. ყოველ კონკრეტულ ვითარებაში ქვეყანაში იარსებებენ ძალები, რომლებიც, ჩემი შეფასებით, არასწორად იქცევიან.

 

რევოლუციურად განწყობილი ოპოზიციური ფრთის წევრები ამტკიცებენ, რომ ქართველ საზოგადოებაში იმატა ანტიამერიკულმა ანუ პრორუსულმა განწყობამ. ამას თქვენ ვერ გრძნობთ?

- მე, პირადად, პოლიტიკური პარტია არ წარმომიდგენია ისეთ ინსტიტუტად, რომელიც ზომავს მოსახლეობაში, რა განწყობებია და რა განწყობასაც უფრო პოპულარულად ჩათვლის კონკრეტულ მომენტში, იმ პოლიტიკურ კურსს ატარებს. პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, რა არის სწორი და როგორი განწყობების გაღვივებასა და დამკვიდრებას უწყობს ხელს საზოგადოებაში, შესაბამისად, კონკრეტულ მომენტში რა მხარდაჭერაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა. ჩემთვის პოლიტიკურად პრორუსული ორიენტაცია _ ჩემთვის და რესპუბლიკელებისთვის _ ეს არის არასწორ მიმართულება. ასე განწყობილი საზოგადოებას მე, პირადად, 3%-ს ვხედავ თუ 93%-ს, ჩემთვის ერთი და იგივეა. ვცდილობ, გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი საზოგადოებაში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ასეთი განწყობები მცდარი და არასწორია. თუ ვინმე ამბობს, რომ პრორუსული ორიენტაცია სწორია და მათ პოლიტიკური ძალებიც უჭერენ მხარს, გასაგებია. ჩვენ ასეთ ძალებთან თანხვედრა არ გვაქვს, მაგრამ, თუ პოლიტიკოსი ამბობს, რომ აღმოვაჩინე, პრორუსული განწყობები მატულობს ხალხში და მოდი, მეც იმას შევუწყობ ხელს, ეს აღარ არის პოლიტიკა და პოლიტიკოსი. მე რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ამ კუთხით, რომ პრორუსული განწყობები იზრდება, ვერ ვხედავ. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში არ ჩანს. ხალხი, რომელიც თვლის, რომ რუსეთთან ერთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში ცხოვრება უკეთესია ამ ქვეყნისთვის, არა მგონია, რომ მათი რაოდენობა გაზრდილიყო 1991-92 წლებთან შედარებით. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც თავისთავად დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო დარჩა ისეთივე თეორიულ თემად, როგორიც შეიძლება იყო 80-იანი წლებისთვის. არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც დღევანდელი გაჭირვების ფონზე ახსოვს რა საკუთარი ან მისი ოჯახის წევრების უკეთესი სოციალური ყოფა ძველ დროში, ასოცირებას აკეთებს იმაზე. აქ ლაპარაკია არა პრორუსულ ორიენტაციაზე, არამედ საბჭოურ ნოსტალგიაზე. არის ხალხის მესამე კატეგორია, რომელიც, უბრალოდ, თვლის, რომ ოღონდ შეწყდეს ომი და უბედურება, იქნებ რუსეთთან რაღაც მოგვარდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, მაგალითად, 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იყო პოლიტიკური ძალა, რომელიც პირდაპირ და ღიად რუსეთან ურთიერთობდა. ამ პარტიამ, როგორც მახსოვს, 7 თუ 8%-ზე მეტი ვერ აიღო საქართველოს მასშტაბით. ესაა ჩემი შეფასება. ამაზე არ და ვერ ვაგებთ რესპუბლიკელები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიას იქით ევალება, საზოგადოებას უთხრას, რა მიაჩნია სწორად.

 

ირაკლი ოქრუაშვილისა და ბურჯანაძის განცხადებებსა და მუქარანარევ ტონზე რას იტყვით?

_ ამ თვალსაზრისით, მე მგონია, რომ, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს, მეორე მხრივ, ბურჯანაძეს და მესამე მხრივ, ოქრუაშვილ-კიწმარიშვილის ტანდემს ერთნაირად აღელვებთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ეს ლიდერი და მათი გუნდები _ ვერც სააკაშვილი, ვერც ბურჯანაძე, ვერც ოქრუაშვილ-კიწმარიშვილი ვერ ხდებიან ქვეყნის ხელისუფალნი. სამართლიანი და ობიექტური არჩევნები მათთვის იმას ნიშნავს, რომ ექნებათ, ალბათ, გარკვეული წილი პოლიტიკურ სპექტრში, შეიძლება, პარლამენტში წარმომადგენლობა, მაგრამ ძალაუფლებას _ ხელისუფლებას სრულად ისინი ხელს ვერ მოჰკიდებენ. ამიტომ ამ ფლანგს, ერთი მხრივ, ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, რევოლუციური რიტორიკით დაკავებულ ხალხს, ერთნაირად არ სურთ თავისუფალი არჩევნებით ხელისუფლების საკითხის გარკვევა. ამიტომ მათ ბრძოლის ველად წარმოუდგენიათ ის მოვლენები, რაც ახლა ხდება.

 

თუმცა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მე რომ მდომოდა არაარჩევნების გზით მოსვლა, მოვახერხებდი, რად უნდა ამას წელიწად-ნახევარი მზადებაო. ჰქონდა

ამის შანსი?

- არ ვიცი. ეგ კომენტარი არ მომისმენია. მთავარია, ის ამბობს, რომ ჯერ უნდა გადავაყენო ეს ხელისუფლება და მერე ჩავატარო არჩევნები. ახლა თუ იმას გვამადლის, ამ ხელისუფლებას რომ გადავაყენებ, მერე არჩევნებს ჩავატარებ და ასეთი კარგი ვარო, უკაცრავად. იმედია, იმას მაინც არ იტყვიან, ხელისუფლებას რომ გადავაყენებთ, მერე საქართველოში არჩევნები აღარ იქნებაო. ამდენს რომ ვერ იტყვიან, ფაქტია. მთავარი ამ ყველაფერში არის პოლიტიკური მომავლის ვერდანახვა, იმ რანგის მომავლის, ქვეყნის უფროსობის შანსების ვერდანახვა სამართლიანი არჩევნების გზით. ამიტომ სააკაშვილი თვლის, თუ ახლა გამართავს გენერალურ ბრძოლას ქუჩაში და ამით მიასწორ-მოასწორებს აქაურობას, ქვეყნის შიგნით ოპოზიციას, ქვეყნის გარეთ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვებს, რომ პრორუსული ძალები მებრძვიან, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ძალები მებრძვიანო და ა.შ., მაშინ ჩათვლის, რომ გაინაღდა _ მომავალი არჩევნები იქნება მისი ძლევამოსილების სამართლებრივ-იურიდიული გაფორმება. ეს ძალები თვლიან, რომ ახლა თუ დაამარცხებენ სააკაშვილს, ვინც დაამარცხებს, მომავალი არჩევნები იქნება ისეთივე ტრიუმფით, როგორიც იყო სააკაშვილისთვის 2004 წლის მოვლენების შემდეგ უკვე 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები. აი, ამ დოღში ეს ხალხი ერთმანეთს ეჯიბრება. ოპოზიციურ ფლანგზე შიდაოპოზიციური შეჯიბრებაა. ოპოზიციურ-სახელისუფლებო ერთობლიობაში კი უკვე ეს მთელი უბედურებაა. ვფიქრობ, ეს ამ ქვეყანაში კარგს არაფერს მოიტანს, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ, რომელიმე მათი ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში, რა ფორმითაც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ქვეყანა იქნება იმაზე უარეს დღეში, ვიდრე დღეს არის.

 

ქვეყნის განვითარებისთვის რევოლუციური პროცესი სასურველი არ არის?

- ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ პროცესში, სააკაშვილი დაამარცხებს ამ ხალხს, მივიღებთ უარეს სააკაშვილს. ოქრუაშვილი დაამარცხებს სააკაშვილს რევოლუციურად, მივიღებთ უარეს ხელისუფლებას ოქრუაშვილისა და კიწმარიშვილის სახით, ხოლო ბურჯანაძე თუ დაამარცხებს სააკაშვილს რევოლუციური მეთოდით, მივიღებთ უარეს ხელისუფლებას ბურჯანაძის სახით. ამიტომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა, არ ჩანს. ამასთანავე, მხოლოდ ის ხომ არ არის საქმე, ვინ გაიმარჯვებს და ვინ _ არა. ეს ყველაფერი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს ქვეყანას, იმიტომ რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი დიდი ხნით შეფერხდეს. არის კიდევ უფრო რთული შესაძლო მოვლენები. ახლა ამაზე აღარ ვილაპარაკებ.

 

რევოლუციური სცენარი სააკაშვილს შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის აწყობს?

 

- როგორ მივა სააკაშვილი მიზნამდე, ახლა ამის თქმა შეუძლებელია. ბევრი შესაძლო სცენარი გაუჩნდება მას.

 

გარკვეული ოპოზიციონერები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა იგივე ტაქტიკა აირჩიოს ამ აქციების დროს, რომელიც აპრილის აქციების დროს გამოიყენა, ანუ მიუშვას ოპოზიციის ეს ნაწილი და რაიმე რადიკალურ ზომებს არ მიმართოს.

 

- მიუშვას... ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით. რა ფორმით წავა ეს პროცესები, ეს ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე სამთვიან ტალღასაც ვეღარ გაიმეორებს ანუ 2009 წლის 9 აპრილის მოვლენები, უბრალოდ, შეუძლებლად ჩანს, იმიტომ რომ ხალხის ცნობიერებაში ისევ წამოვა ის კადრები და იტყვიან, 3-4 კვირა თუ გაგრძელდა ეს პროცესი, რა ვქნათო, ანუ იმ სცენარის გამეორება შეუძლებელია, თუმცა, შეიძლება ჰქონდეთ ელემენტები.

 

უსამართლოდ გეჩვენებათ პრეტენზიები, რომლებიც რვიანის მისამართით ისმის, რომ რვიანის წევრები ხელს უწყობენ სააკაშვილს ხელისუფლების გახანგრძლივებაში და ..?

_ ეს პრეტენზიები უსამართლოა. ყველას აქვს უფლება, რაღაც თქვას ჩვენ შესახებ. თავისთავად ის, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ნორმალური ამბავია. მე ვთვლი, რომ რვიანის გზა სწორია. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი იმ ფაქტორების ერთობლიობის თავმოყრა, რომლებმაც წარმატებამდე უნდა მიგვიყვანოს. ესაა ოპოზიციური ერთობლივი ძალისხმევის ფორმატი და რვიანი არის საკმარისად ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება, ანუ ეს არ არის ერთი მიმართულებით მავალი ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ხომ არის ხოლმე საუბრები, გაერთიანდით და მიზანს მიაღწევთო. ვფიქრობ, რვიანი არის ეფექტიანი გაერთიანების ოპტიმალური მოდელი, იმიტომ რომ იქ რომ იყოს 28 პარტია, ის, უბრალოდ, ვეღარ იმოძრავებდა და არ ექნებოდა მოქმედების საშუალება. მე მგონია, რომ საკმარისად არის გაერთიანებული და ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. გაერთიანების გარდა, საჭიროა შიდა და გარე მხარდაჭერა. გარე მხარდაჭერა არის უზრუნველყოფილი უპრეცედენტოდ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ელემენტარულად, საქმეში ჩახედული მკითხველი კარგად ხვდება, რომ ჩვენ როდესაც საარჩევნო გარემოზე ვებრძვით ხელისუფლებას, მხოლოდ საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით არ ვუქმნით მათ პრობლემებს. მათ ვუქმნით გაცილებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემებს საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ იმიჯია, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ და ისინი ზოგადად სუსტდებიან, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ თემაზე. არის შიდა მხარდაჭერაც, საზოგადოების მხარდაჭერა, ხალხის გააქტიურება. ხალხის გააქტიურება გარე მხარდაჭერის გარეშე ჩვენ გაგვიკეთებია, მაგრამ შედეგამდე ვერ მივსულვართ. ახლა ჩვენ ეს ორი კომპონენტი ხელში გვიჭირავს. საჭიროა ხალხის გააქტიურება. ამიტომ ეს გზა არის არა მხოლოდ ნაკლებად სარისკო ქვეყნისთვის, არამედ მეტი შანსების მქონე წარმატებისთვის.

 

რვიანმა ხელისუფლებას ოფიციალურად წერილობით პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა მაისის ბოლომდე მისცა. რადიკალები მიიჩნევენ, რომ დღეს რვიანი ხელისუფლებას ეხვეწება, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდითო.

 

- როგორც გითხარით, ჩვენ პოლიტიკური ბრძოლა უნდა მოვიგოთ. ამ პოლიტიკური ბრძოლის მოგების პროცესში მოწინააღმდეგეს უნდა მივაყენოთ, საბრძოლო ტერმინოლოგიას ვიხმარ, დარტყმები სუსტ წერტილში, ანუ იქ, სადაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია. დღეში სამჯერ თქმა იმისა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებაზე უარს ამბობს, ეს მათ დღის განმავლობაში აყენებს სამ-ოთხ დარტყმას, იმიტომ რომ ამაზე ელაპარაკება მთელი დანარჩენი მსოფლიო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად შევხედოთ, 2010 წლის ოქტომბერი და 2011 წლის მაისი. რა შეიცვალა ამ პერიოდში ოპოზიციისთვის უარესობისკენ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით?! ანუ ის ყველაფერი, რაც ხელისუფლებას უნდა, კოდექსში უკვე უწერია. ამ პროცესის შედეგად ხელისუფლება სუსტდება, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო ვეღარ სცემს ამ კითხვებზე პასუხს, რატომ არ უნდა დაითვალოს ამომრჩეველი საქართველოში, რატომ უნდა ჰქონდეს მას 80%-იანი უმრავლესობა, თუ მიიღებს 40% ხმებს და ა.შ. ეს მაინც უფრო კომუნისტური წყობის გადმონაშთია. დღეს ისეთი ვითარებაა, ზეგის მერე არ ჩანს. ადამიანებს უჭირთ იმის დანახვა, რა იქნება ექვსი ან ერთწლიანი პროცესის შემდეგ. რაც უფრო სწრაფად გადახტები, მით უფრო ჩქარა ჩაიჩეხები. ამიტომ ეს პროცესი, რომელსაც რვიანი ახორციელებს, არანაირად არ არის წამგებიანი ამ ეტაპამდე.