საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყოფილი ხელისუფლების წევრები დააპატიმრეს, საზოგადოება ელოდა, რომ ახალ ხელისუფლებას დამნაშავე მაღალჩინოსნების წინააღმდეგ უფრო მყარი არგუმენტები ექნებოდა...
- ამ ყველაფერს საზოგადოება ბრაზილიური სერიალებივით სიამოვნებით უყურებს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, საქართველოში სეირის მაყურებელი ბევრია. მითუმეტეს, რომ ჩვენს საზოგადოებას ჯერჯერობით მხოლოდ სანახაობა აქვს, პური კი - არა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდა, გამუდმებით გვესმოდა, რომ სხვადასხვა დარგში საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ. ყოფილი ხელისუფლების წევრებს იმდენი საშინელება აქვთ ჩადენილი, სერიოზული გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ძალიან მალე გაირკვეოდა. მაგალითად, ძალიან პრიმიტიულია, როდესაც სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილ ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთისთვის იჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს ფაქტი სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდებოდა, ვინაიდან იმ ქვეყანაში შს მინისტრსა და პრემიერს არ ექნებოდა იმდენი დანაშაული ჩადენილი, რამდენიც მერაბიშვილს, მათთვის პრემიერის მიერ ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის ფაქტიც კი კატასტროფა იქნებოდა. არადა, მე თუ მკითხავთ, ყოფილ ხელისუფლებაში ყველა დასაჭერია.
მაგალითად, ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ „გენიალური“ რამ თქვა: არ გვეგონა, ხელისუფლებაში რომ მოვიდოდით, ამდენი საქმე თუ იქნებოდაო. იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც 16 წელი ელჩად მუშაობდა, ასეთი განცხადება დანაშაულის ტოლფასია. რას ჰქვია, არ ელოდა, რას აკეთებდა 16 წლის განმავლობაში? აბა, რა ეგონათ, საჭორაოდ და გასართობად მოდიოდნენ ხელისუფლებაში? როგორც ჩანს, ხელისუფლება მზად არ იყო, მართვის სადავეები აეღო ხელში. მავანი იტყვის, რომ ძალიან ცოტა დროა, რაც ახალი ხელისუფლება ავირჩიეთ და ვაცადოთო, რადგან ძალიან ცოტა დროა გასული, რომ შავი და თეთრი გამოჩნდეს.
მართლაც, ბევრს ხომ არ ვითხოვთ? ახალი ხელისუფლება, ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ქვეყანას მართავს...
- გეთანხმებით, ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების შესაფასებლად ასდღიანი ვადაა მიჩნეული. ჯერ ასი დღე არ გასულა და საზოგადოებაც არ უნდა იყოს კატეგორიული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ, თავის მხრივ, არც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს სულელური განცხადებები. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ასი დღის გასვლას არც დაელოდა, გამოვიდა და განაცხადა, რასაც დაგპირდით, ვერ შეგისრულებთო. მაშინ რატომ გვპირდებოდა მთელი წლის განმავლობაში ტარიფების განახევრებას? ხალხი უკვე იმდენად ვეღარ იტანდა სააკაშვილს, რომ სულ არაფერს დაპირებოდა, მაინც ივანიშვილს მისცემდა ხმას, რადგან ვნახეთ, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერაფერი გააკეთეს - გამოიყვანდნენ ხალხს ქუჩაში და ამით ევაჭრებოდნენ ხელისუფლებას. გვახსოვს გაჩეჩილაძეების ისტორიაც, როგორ გადაუხადა მათ სააკაშვილმა ფული და რევოლუციაც ჩაიშალა. კი, ბატონო, ვაცადოთ, ჯერ სამი თვე არ გასულა, მაგრამ ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია არ ჩანს.
ხალხს სულ არ აინტერესებს და ადარდებს არც ევროკავშირი და არც ნატო, ხალხს აინტერესებს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები, დასუფთავების გადასახადი მიბმული იქნება თუ არა შუქზე, საწვავის ფასი დაიკლებს თუ არა და ა. შ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებამ ფაქტობრივად წერტილი დაუსვა ყველაფერს და ამით საზოგადოების თვალში მისი იმიჯი ძალიან გაფერმკრთალდა.
„ნაციონალების“ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი აქვთ, მაგრამ რამდენად აქვს ყოფილ ხელისუფლებას დაბრუნების შანსი?
- დღეს „ნაციონალებს“ არავითარი შანსი არ აქვთ და ასე იქნება 6 თვის და ცოტა მეტი ხნის განმავლობაშიც, მაგრამ, თუ ბიძინა ივანიშვილი დაპირებებს არ შეასრულებს, არ გაუმჯობესდება სოციალური პირობები, არ დააპატიმრებენ დამნაშავეებს, მაშინ მათი დაბრუნებაც არ არის გამორიცხული. გახსოვთ, როგორ ეტრფოდნენ სააკაშვილს, როცა შევარდნაძე გადააგდეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ დაიწყეს შევარდნაძის გახსენება და დღეს ისე იხსენებენ, თითქოს მაშინ ყოველგვარი სიბოროტის სულისჩამდგმელი ეს ადამიანი არ იყო.
ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ არენაზე ძირითადად ორი პოლიტიკური ძალაა გამოკვეთილი - „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“. თუ მათი განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ საკთხებში მათი პრიორიტეტები ბევრ საკითხში ემთხვევა. მოსალოდნელია თუ არა ახალი, განსხვავებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამოჩენა?
- როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მე მაშინვე ვსაუბრობდი მესამე პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე. ვინაიდან საზოგადოება არ უნდა დადგეს მარტივი არჩევანის წინაში - ან ხელისუფლება, ან მისი მოწინააღმდეგე „ნაციონალები“. ახალ, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად აუცილებელია ახალი სახეების გამოჩენა, რადგან პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია. არსებული პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდნენ და უკვე კვდომის პროცესში არიან. მათი რეანიმირება შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია ახალი ძალის გამოჩენა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობაზეც“ და „ქართულ ოცნებაზეც“ უკეთესია.
პოლიტიკოსებმა დაყვეს პოლიტიკა საშინაო და საგარეო პოლიტიკად, თორემ ერთმანეთზეა ორივე გადაჯაჭვული. საშინაო პოლიტიკის დაკვეთის რეალიზაცია ხდება სწორედ საგარეო პოლიტიკაში. პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, მინდა ვაშლისა და მწვანილის რეალიზაცია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მთელ მსოფლიოს მოედო, შესაბამისი ბაზარი ვერ იპოვა. ერთადერთი ასეთი ბაზარი რუსეთია, მაგრამ რუსეთთან უკვე გააფუჭა ურთიერთობა. საგარეო პოლიტიკაში ახალი და ძველი ხელისუფლების მიმართულება ერთი და იგივეა, განსხვავება არის მხოლოდ საშინაო პოლიტიკასა და სამართლიანობის აღდგენაში. ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოში გაწვერიანებაც უნდა, ამერიკასთან უერთიერთობაც, ევროპაც და რუსეთიც, მაგრამ თანახმა იქნება ამაზე რუსეთი? შეიძლება ეს სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა: „როდესაც მივხვდებით, როგორ უნდა მოვიქცეთ, არ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოსთან კონტაქტები გაფართოვდეს“. რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, რას ელოდებიან რუსეთში?
- ელოდებიან, როგორ მოიქცევა საქართველო. ჯერჯერობით საქართველო არ იქცევა ისე, როგორც რუსეთს სურს. ვიდრე საქართველო არ გაითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს შემდგომ შექმნილ რეალობას, როცა რუსეთმა აღიარა ჩვენი ავტონომიების დამოუკიდებლობა, პოლიტიკური დიალოგი არ შედგება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან არ ექნება პოლიტიკურ ურთიერთობა, ვიდრე ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საელჩოები იქნება. ეს უკვე ულტიმატუმია. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ულტიმატუმის ენას ვერ იგებს. მისთვის მიუღებელია იმ პოზიციაზე დაბრუნება, რომელიც იყო 2008 წლის აგვისტომდე.
საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული მარცხი განიცადა, როდესაც ომი წამოიწყო, ამიტომ კეთილი უნდა ინებო და შეეგუო დამარცხებულის პოზიციებს.
რა დათმობაზე შეიძლება იყოს საუბარი საქართველოს მხრიდან?
- გაჯიუტება და ლაპარაკი, რომ მე არ დაველაპარაკები რუსეთს და არ შევხვდები რუსეთის ხელისუფლებას, ვიდრე მას ეყოლება თავისი წარმომადგენლები სოხუმსა და ცხინვალშიო, არასწორია. დათმობაზე ჩვენი ხელისუფლება უნდა წავიდეს, კეთილი უნდა ინებოს, რუსეთშიც ჩავიდეს და რუსეთის ხელისუფლებასაც დაელაპარაკოს. მით უფრო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რაღაც გასაღები. მხოლოდ ზურაბ აბაშიძის დანიშვნა სიტუაციას ვერ შეცვლის, რატომ გაგიჟდებოდა რუსეთი სიხარულით აბაშიძის დანიშვნის გამო, გაუგებარია.
ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ პირდაპირ დაველაპარაკებით აფხაზებსა და ოსებსო. ეს განცხადება შეცდომა იყო, რადგან ეს არც მოხდება. ამას გარდა, ზაქარეიშვილმა ჯერ განაცხადა, რომ აფხაზეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი უნდა გავხსნათო, შემდეგ კი თქვა, რომ ეს საკითხი დაიხურა, რადგან აფხაზებს არ უნდათო. აფხაზებს კი არა, ამერიკელებს არ სურთ რკინიგზის აღდგენა, ვინაიდან რუსეთის გავლენა გაიზრდება კავკასიაში.
რატომ აფასებენ ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წევრების დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად და რატომ არ აფასებდნენ ასევე მკაცრად წინა ხელისუფლების ქმედებებს?
- სააკაშვილი ასრულებდა ყველა დავალებას, რომელთაც ამერიკისა თუ ევროპის გარკვეული წრეებისგან იღებდა, ამიტომ დასავლეთი ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. საქართველო იყო ის მტკიცე პლაცდარმი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დასავლეთი რუსეთის საწინააღმდეგოდ და კავკასიაში თავისი პოზიციების გასამყარებლად იყენებდა. ასე უცებ არ მოხდება სააკაშვილიდან-ივანიშვილზე ტრანსფორმირება, ამას დრო სჭირდება. ამას გარდა, ივანიშვილს გაცილებით ნაკლებად ენდობიან, ამიტომ აკრიტიკებენ ივანიშვილის ხელისუფლებას ცნობილი ევროპული თუ ამერიკული გაზეთები. ვფიქრობ, დასავლეთისთვის სააკაშვილის წაგება კატასტროფა იყო, არ ელოდნენ, რომ ის დამარცხდებოდა.
რატომ არ ელოდნენ, არ ჰქონდათ ყოფილი ხელისუფლების მიმართ ხალხში არსებული განწყობის შესახებ ინფორმაცია?
- გამოდის, არ ჰქონიათ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოიგებდა სააკაშვილი არჩევნებს, ისევე, როგორც ის ფიქრობდა ბოლო წუთამდე, რომ მოგებული იყო. ამერიკას არ სურდა სააკაშვილის წაგება. ახლა დასავლეთს დიდი თავსატეხი აქვს, მოვიდა ივანიშვილი, რომელთანაც, მართალია, არიან პროდასავლური ძალები, რესპუბლიკელებისა და ირაკლი ალასანიას სახით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის დასავლეთისთვის. გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ასრულებდა ამერიკელების ყველა დავალებას, მოქმედებდა მერკანტილური ინტერესებიც. აწყობილი სისტემა მუშაობდა, რომელიც დაინგრა. ჩამოყალიბდება კი ახლა ივანიშვილთან ასეთივე სისტემა? მე, მაგალითად, მეეჭვება.
თუ მათ მითითებებს არ გაითვალისწინებს, არსებობს თუ არა საშიშროება საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდეს?
- კი, განცხადებები და შეფასებები მკაცრია, მაგრამ საერთაშორისო იზოლაციაში საქართველო მაინც ვერ აღმოჩნდება. ამ სიმკაცრით სურთ, ივანიშვილი მოდრიკონ და „თავისიანად აქციონ“. ამას გარდა, დასავლეთს არ სურს სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების დაპატიმრება, რადგან ამერიკა უფრთხილდება თავის პრესტიჟს: როგორ შეიძლება „დემოკრატიის შუქურა“ ციხეში იჯდეს? სააკაშვილი ხომ ამერიკული პროექტი იყო? ამას გარდა, სურთ, ივანიშვილს ხელი ააღებინონ რუსეთთან ურთიერთობაზე, თორემ საქართველოს იზოლაციაში არავინ მოაქცევს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში იმხელა საელჩო ააშენა, რაღაც არ მგონია, საქართველო ასე იოლად მიატოვოს. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს, ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის ადგილზე, საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ამ სტატიებს, გავაგრძელებდი ჩემს პოლიტიკას და ხვალ თუ არა ზეგ ჩემს სიმართლეს გაიგებდნენ, რადგან ივანიშვილი ანგარიშვალდებულია არა WASHINGTON POST-ის, არამედ საკუთარი ხალხის წინაშე. სააკაშვილის ხელისუფლებას დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი. ანალოგიური დანაშაული რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებს ჩაედინათ, მათ, დიდი ხანია, ელექტროსკამზე დასვამდნენ.