როდის მიხვდა ერეკლე მეორე, რომ რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვას არ აპირებდა

როდის მიხვდა ერეკლე მეორე, რომ რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვას არ აპირებდა

გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წელი) დადების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. რუსეთმა ერეკლე მეორეს რეალური დახმარება არ აღმოუჩინა; გაღიზიანებული ირანი და ოსმალეთი ქართლ-კახეთის სამეფოს დასასჯელად ემზადებოდნენ; არ წყდებოდა კავკასიელ მთიელთა თავდასხმები. რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ გულდასმით ემზადებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს დასაპყრობად. რუსეთის ვერაგულ გეგმებზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

ბატონო ვახტანგ, რატომ გაუარესდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა?

– წამგებიანი საგარეო პოლიტიკური კურსი ყოველთვის აუარესებს ქვეყნის მდგომარეობას. ასე მოხდა ქართლ-კახეთის სამეფოშიც. რუსეთის საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის დაცვა რომ ჰქონოდა მიზნად, ის აქტიურ პოლიტიკას გაატარებდა. ეს არ მოხდა. ქართლ-კახეთის სამეფოში გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის ჯარის ორი ბატალიონის შემოსვლა ზღვაში წვეთი იყო. ეს მცირერიცხოვანი სამხედრო ძალა ქვეყანას, ცხადია, ირანისა და ოსმალეთის მოსალოდნელი აგრესიისგან ვერ დაიცავდა. უფრო მეტიც, რუსთა ორი ბატალიონი ჩრდილოკავკასიის მთიელთა თავდასხმების აღსაკვეთადაც კი არ კმაროდა. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ერეკლე მეორე რომ მოტყუებული დარჩა, ამას კარგად მიხვდნენ ირანსა და ოსმალეთში, გამოცოცხლდა ერეკლე მეორის ოპოზიცია – ქართლის თავადები. ისინი არც კი მალავდნენ, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში ქართლის სამეფოს ცალკე გამოყოფისა და ტახტზე მუხრანბატონთა სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლის აყვანისათვის იბრძოლებდნენ. საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ერთიანობა არ იყო სამეფო ოჯახშიც.

რა ღონისძიებები გაატარა ერეკლე მეორემ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით?

– პირველ ყოვლისა, ერეკლე მეორე ცდილობდა, როგორმე მიეღწია რუსეთის გააქტიურებისთვის სამხრეთ კავკასიაში. მან რამდენიმე ისეთი წინადადებით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს, რომელიც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებდა. რუსეთის საიმპერატორო კარი ერეკლეს მოკავშირედ არ განიხილავდა და, აქედან გამომდინარე, კავკასიური პოლიტიკის რეალიზებაში მას არანაირ როლს არ აკისრებდა. ამიტომ იყო, რომ ერეკლე მეორის ყველა ინიციატივა უპასუხოდ დარჩა.

ნუთუ პეტერბურგში არ აფიქრებდათ ის, რომ იმედგაცრუებული ერეკლე მეორე საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას შეცვლიდა, რაც გარკვეულ სირთულეებს შეუქმნიდა რუსეთს?

– ცხადია, რუსები ამაზე ფიქრობდნენ და გარკვეულ ღონისძიებებსაც ატარებდნენ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგის თავიდან აცილების მიზნით. გეორგიევსკის ტრაქტატის რატიფიკაციის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო კარს მოევლინა რუსეთის იმპერიის მინისტრი (რეზიდენტი), პოლკოვნიკი სერგეი ბურნაშოვი. რუსი რეზიდენტის უმთავრესი მიზანი იყო, თვალყური ედევნებინა ერეკლესთვის და, თუ ის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას შეეცდებოდა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა რუსეთის საიმპერატორო კარისთვის. ბურნაშოვი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს. მაგალითად, მას შეუტყვია, რომ რუსეთის მფარველობაში შესვლის მიუხედავად, ერეკლე მეორე ცდილობდა, დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირი დაემყარებინა ავსტრიის იმპერიასთან, რათა ავსტრია ისლამური სამყაროს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში გამოეყენებინა. სერგეი ბურნაშოვმა ყოველივე ეს სასწრაფოდ აცნობა პეტერბურგს. ბურნაშოვი აქტიურად ერეოდა ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო საქმეებშიც. ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: როდესაც იმერეთის მეფის – სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის სამეფო ტახტზე ერეკლე მეორის შვილიშვილის – დავით არჩილის ძის აყვანის საკითხი დადგა, სერგეი ბურნაშოვმა ერეკლეს პირდაპირ მიანიშნა, რომ რუსეთში ამას არ მოიწონებდნენ. ერეკლე იძულებული გახდა, რეზიდენტის „რჩევისათვის” ანგარიში გაეწია. ზემოთ ხსენებული ის ორი რუსული ბატალიონი, ვითარების გართულების შემთხვევაში, სერგეი ბურნაშოვს უნდა დახმარებოდა ქართლ-კახეთის სამეფო კარზე, კონკრეტულად, ერეკლე მეორეზე გავლენის მოსახდენად.

მაგრამ ერეკლეს ხომ შეეძლო საიდუმლო დიპლომატიის წარმოება ისე, რომ რუსი რეზიდენტი ვერაფერს მიმხვდარიყო?

– ეს ძალიან რთული საქმე იყო, რადგან სერგეი ბურნაშოვს ჯაშუშთა საკმაოდ დიდი ქსელი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ერეკლე, როგორც აღვნიშნეთ, ავსტრიის იმპერატორთანაც განაგრძობდა ურთიერთობას და ოსმალეთთანაც ცდილობდა მოლაპარაკებას. 1786 წელს თბილისში ჩამოვიდნენ ოსმალეთის ელჩები. მეფემ მათი მიღება თბილისის სასახლეში ვერ გაბედა და შეხვედრა საგარეჯოში შედგა. საგარეჯოს თათბირი აღსანიშნავია იმით, რომ ერეკლე მეორე სერიოზულად ფიქრობდა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გადასინჯვას. საბოლოოდ მეფემ რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტისგან მაინც თავი შეიკავა.

რა იყო ამის მიზეზი?

– მიზეზი რამდენიმე იყო, რომელთა შორის უმთავრესს ის წარმოადგენდა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა ისლამურ სამყაროში ერეკლესადმი ნდობის ფაქტორი, ფაქტობრივად, ნულამდე დასცა. რუსეთის იმპერატორის მფარველობაში შესული ქართლ-კახეთის მეფეს ადვილად არც ოსმალეთში და აღარც ირანში აღარ ენდობოდნენ და, თუ ენდობოდნენ, უპირველეს მოთხოვნად გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმებასა და ქართლ-კახეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდნენ. შეიძლებოდა, ერეკლე ამაზე წასულიყო კიდეც, მაგრამ მაშინ მას ირანისა და ოსმალეთისგან მყარი გარანტიები უნდა ჰქონოდა. ასეთ გარანტიებს, როგორც ჩანს, არც ირანი და არც ოსმალეთი არ იძლეოდნენ. რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა ირანისა და ოსმალეთის მხრიდან მყარი გარანტიების გარეშე კი სახიფათო იყო. საგარეჯოს თათბირის გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული. იყო კიდევ ერთი მიზეზი.

კერძოდ, რა მიზეზი?

– ერეკლე, როგორც პოლიტიკოსი, გრძნობდა, რომ სამხრეთ კავკასიაში ირან-ოსმალეთ-რუსეთის დაპირისპირება მაინც რუსეთის სასარგებლოდ დასრულდებოდა. თხუთმეტიოდე წლის შემდეგ ეს ვარაუდი გამართლდა. თუ რუსეთი საქართველოდან ირანსა და ოსმალეთს გააძევებდა, პრორუსული ორიენტაციის უარმყოფელი ერეკლე მეორე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომ იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფე პრორუსული ორიენტაციის შეცვლისგან თავს იკავებდა და ისევ და ისევ ცდილობდა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გააქტიურებისთვის მიეღწია.

რა შედეგი გამოიღო ამ მცდელობამ?

– რუსეთის საიმპერატორო კარი კარგად გრძნობდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ერეკლე მეორე. ამიტომაც, დათმობაზე არ მიდიოდა. ნაცვლად აქტიური პოლიტიკის წარმოებისა, 1787 წელს რუსეთმა საერთოდ გაიყვანა ჯარი საქართველოდან. ერეკლეს მომხდარი ასე აუხსნეს: რუსეთის ჯარის ყოფნა ქართლ-კახეთში აღიზიანებს ირანსა და ოსმალეთს, ჯარის გაყვანა კი ერეკლე მეორეს საშუალებას მისცემს, მოაგვაროს ურთიერთობა ამ ქვეყნებთანო. რუსეთის ჯარის გაყვანით ერეკლე უკვე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რას გულისხმობთ?

– 1791 წლისთვის რუსეთმა ოსმალეთი მორიგ ომში კვლავ დაამარცხა და, ამდენად, ოსმალეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე დროებით შენელდა. სამაგიეროდ, დიდი საფრთხე დაემუქრა ქართლ-კახეთს ირანის მხრიდან. ამ პერიოდისთვის ირანში ხელისუფლებისათვის ბრძოლაში გაიმარჯვა ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელმა აღა-მაჰმად-ხანმა. იგი ერეკლესგან პრორუსული ორიენტაციის უპირობო შეცვლას ითხოვდა. ცხადი იყო, რომ, თუ ერეკლე ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთზე გამოილაშქრებდა. ერეკლე მეორე უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქართლ-კახეთში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას კარგად გრძნობდნენ რუსეთში, მაგრამ მფარველობაში მიღებული ქვეყნის დაცვაზე არც ფიქრობდნენ.

რატომ გაწირა რუსეთმა ასე აშკარად ერეკლე მეორე?

– რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე ასე ფიქრობდა: თუ აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთს დაარბევდა, ერეკლე მეორე უფრო მორჩილი და, საბოლოოდ, რუსეთის იმპერატორის ხელის შემყურე უნდა გამხდარიყო, ანუ, არასოდეს აღარ უნდა ეფიქრა პრორუსული ორიენტაციის შეცვლაზე.

შეეძლო კი რუსეთს რეალურად შეეჩერებინა აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა ქართლ კახეთზე?

– შეეძლო და ძალიან ადვილადაც. ამისთვის რუსეთს საქართველოში ჯარის გამოგზავნა და ირანთან ომი არ დასჭირდებოდა – საკმარისი იყო აღა-მაჰმად-ხანის მკაცრი გაფრთხილება და იმის მინიშნება, რომ ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ომი რუსეთის წინააღმდეგ ომს ნიშნავდა. იმხანად აღა-მაჰმად-ხანი არც ისე ძლიერი იყო, რომ რუსეთთან ომზე წასულიყო. ქართლ-კახეთზე გამოლაშქრება მან მხოლოდ იმიტომ გაბედა, რომ დარწმუნდა, რუსეთი ერეკლე მეორეს ჯარით არ დაეხმარებოდა, ხოლო რუსეთისგან მიტოვებული ქართლ-კახეთის მეფის დამარცხება აღა-მაჰმად-ხანს, რომელსაც იმხანად 70-ათასიანი ლაშქარი ჰყავდა, არ გაუჭირდებოდა. ასე მოახლოვდა კრწანისის ტრაგედია, როგორც რუსეთის მოღალატური პოლიტიკის შედეგი.