სინამდვილეში რა გახდა ნიკო ფიროსმანის სიკვდილის მიზეზი

სინამდვილეში რა გახდა ნიკო ფიროსმანის სიკვდილის მიზეზი

ისტორიკოსი მანანა ხომერიკი წლების განმავლობაში იკვლევს ნიკო ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს. მისი თქმით‚ ნიკალა დაიბადა 1865 წელს, სოფელ შულავერში, ხოლო გარდაიცვალა 1918 წლის 4 მაისს, მიხეილის საავადმყოფოში‚ ტუბერკულოზით. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნიკალა აღდგომის წინა დღეს გარდაიცვალა, რადგან იმ წელს აღდგომა ახალი სტილით 5 მაისს იყო. წელს სრულდება მისი გარდაცვალების 95 წელი და აღდგომაც ზუსტად 5 მაისს არის.

ნიკალას დაბადების თარიღი და ადგილი

მანანა ხომერიკი: ამ საკითხების კვლევის დროს, უპირველეს ყოვლისა‚ ყურადღება მივაქციე ნიკალას დის – ფეფეს ნაამბობს. 1922 წელს მისგან ორი მოგონება ჩაწერეს შალვა დადიანმა და ნინა თარიშვილმა. ფეფე ერთ ჩანაწერში ამბობს, რომ ნიკალაზე 2-3 წლით ვარ უფროსიო, მეორეში კი ასაკობრივ სხვაობას 4 წლამდე ზრდის. პირველი მოგონების თანახმად, ფეფეს იმერელ სიძეს (დის ქმარს), ობლები დედასთან ერთად წაუყვანია თბილისში. იმ დროს ფეფე 9 წლის ყოფილა, ნიკო კი – შვიდის. მეორე მოგონების მიხედვით კი, სიძეს (ალექსის) მხოლოდ 8 წლის ნიკო წაუყვანია თბილისში და ქალანთაროვებისთვის მიუბარებია. ცხადია, რომ აღწერილი მოვლენები ფეფეს ზუსტად არ ახსოვს; არც უფროსი, გარდაცვლილი დის სახელი იცის. უტყუარია მხოლოდ მშობლების სახელები – ასლან ფიროსმანაშვილი და თეკლა ტოკლიკიშვილი; ასევე‚ ის ფაქტი, რომ ფეფე ნიკალაზე უფროსი იყო. ვინაიდან მხატვრის დაბადების ჩანაწერი არ მოგვეპოვება, დიდ მნიშვნელობას იძენს ფეფეს დაბადების თარიღი. მამია ჩორგოლაშვილმა 1979 წელს დაადგინა, რომ ფეფუცა, იგივე ნატალია‚ დაბადებული იყო 1863 წელს. ცხადია, რომ ნიკალა თავის უფროს დაზე ადრე ვერ დაიბადებოდა. ამიტომ, თუ ადრე მხატვრის დაბადების თარიღად 1862 წელი იყო მიჩნეული, ნელი კობიაშვილმა სამართლიანად ივარაუდა, რომ ნიკალა 1866 წელს უნდა ყოფილიყო დაბადებული. არსებობს ფიროსმანაშვილების ოჯახის სხვა წევრების როგორც საეკლესიო ჩანაწერები, ასევე, კამერალური აღწერაც.

ყველაზე ძველი დოკუმენტი, რომელშიც მხატვრის წინაპრები არიან დაფიქსირებულები, 1817 წლის კამერალური აღწერაა. თუმცა‚ მე სხვა დოკუმენტებსაც მივაკვლიე. სხვა მკვლევრებისა და ჩემ მიერ მიკვლეული დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხატვრის მამას, ასლან ნიკოლოზის (იგივე კიკოს) ძეს ორი ცოლი ჰყავდა. პირველთან – მართა გოგიას ქალთან, მას სამი ქალიშვილი ჰყავდა. ხოლო მეორე მეუღლესთან, რომელიც მართას გარდაცვალების (1839 წელი) შემდეგ შეირთო, ოთხი შვილი ჰყავდა: ივანე (დაბადებული 1847 წელს), ელისაბედი (დაბადებული 1857 წელს), ნატალია, იგივე ფეფე (დაბადებული 1863 წელს) და ნიკოლოზი, რომლის დაბადების ჩანაწერი დღემდე არ არის მიკვლეული. ეს ყველა ჩანაწერი კი გაკეთებულია, სოფელ მირზაანის საეკლესიო წიგნებში. ამავე წიგნების მიხედვით‚ ცნობილია, რომ 1860 წლიდან 1872 წლამდე მირზაანში 4 ნიკო ფიროსმანაშვილია დაბადებული, მაგრამ, მათ შორის არც ერთი არ არის ასლანისა და თეკლას შვილი. ნიკალას ოჯახში შეკრებილი ცნობების თანახმად, ასლანი მირზაანიდან შულავერში გადასულა, ახვერდ ქალანთაროვთან მეზვრედ დაუწყია მუშაობა და ოჯახიც თან წაუყვანია. ეს კი შეიძლება მომხდარიყო არაუადრეს 1863 წლისა (როდესაც ასლანსა და თეკლას მირზაანში ქალიშვილი შეეძინათ) და არაუგვიანეს 1870 წლისა, როდესაც ასლანი შულავერში გარდაიცვალა. 1864 წლიდან 1870 წლამდე ფიროსმანაშვილები შულავერში ცხოვრობდნენ და სწორედ იქ შეეძინათ ნიკალა. ასლანი მაშინ დაახლოებით 60 წლის იქნებოდა, ხოლო თეკლა – გაცილებით ახალგაზრდა. შულავერში გარდაიცვალა ნიკალას უფროსი ძმა, რომელიც‚ ქალანთაროვების ბუნდოვანი მოგონებების თანახმად‚ გარდაცვალების დროს 15 წლის იყო. როგორც ჩემ მიერ მიკვლეული ჩანაწერიდან ჩანს, ივანე ფიროსმანაშვილი 1847 წელს იყო დაბადებული. თუ ის 15-16 წლის ასაკში შულავერში გარდაიცვალა, ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ნიკალას დაბადების დროისთვის, ანუ, დაახლოებით 1865 წლისთვის, მათი ოჯახი შულავერში ცხოვრობდა. ასლანის გარდაცვალების შემდეგ ავად გამხდარა და შულავერში გარდაცვლილა მისი მეუღლე – თეკლა. 1873 წლის კამერალური აღწერიდან ჩანს, რომ ცოლ-ქმარი ცოცხალი აღარ იყო. ავადმყოფ თეკლას ქალანთაროვები უვლიდნენ. მომაკვდავმა სწორედ მათ ჩააბარა საკუთარი შვილი: „თქვენ გაბარებთ ჩემს შვილს‚ ნიკალას და უპატრონეთ“. ახვერდ და ეფროსინე ქალანთაროვების ქალიშვილმა – ანამ მომავალი მხატვარი შულავერიდან თბილისში წამოიყვანა და თავის ოჯახში გაზარდა. ჩვენ არ გვაქვს ნიკალას დაბადების ჩანაწერები, მისი მშობლებისა და ძმის გარდაცვალების ჩანაწერებიც არავის უნახავს. ისინი ერთი და იმავე ეკლესიის სამეტრიკო წიგნებში უნდა ყოფილიყო შეტანილი. ჩვენს საისტორიო არქივში კი შულავერის საეკლესიო წიგნები არ არის. როგორც შევიტყვე, ისინი თავის დროზე სომხეთისთვის გადაუციათ, სომხეთის ცენტრალურ არქივში კი მხოლოდ შულავერის სომხური ეკლესიის სამეტრიკო წიგნები დამხვდა.

შემდეგ მოვიძიე 1890-იანი და 1900-იანი წლებით დათარიღებული მასალები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში შულავერში მართლმადიდებლური ეკლესია აღარ არსებობდა და 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, შულავერის მელიქს‚ ქალანთაროვს, ქართველ მეფეთა ციხესიმაგრე და ფერისცვალების ეკლესია დაუნგრევია. მათ ადგილზე იმავე ქვებით აუგია თავისთვის სახლი და სხვა შენობები. 1897 წლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ შულავერში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მართლმადიდებლები სიკვდილის წინ მოკლებულნი იყვნენ ზიარების შესაძლებლობას. როგორც ჩანს‚ იგივე ბედი ეწიათ ფიროსმანის მშობლებსაც. ნიკალას მოსანათლავად‚ შესაძლოა‚ მღვდელი სხვა სოფლიდან მოეყვანათ, მაგალითად, ოფრეთიდან. ოფრეთის ეკლესიის სამეტრიკო წიგნიდან კი მხოლოდ  1865 წლის წიგნია დაკარგული. შულავერში კი ეკლესიის არარსებობის პირობებში, არც სამეტრიკო წიგნი იარსებებდა. აი, რატომ არ გვაქვს მხატვრის დაბადებისა და ნათლობის ჩანაწერები. როგორც გაირკვა, ეს ქალანთაროვების „დამსახურებაა“. 

ნიკალას გარდაცვალების თარიღი, საფლავის ადგილი

არქივში მოკვლეულმა დოკუმენტებმა საშუალება მომცა, დამედგინა ფიროსმანის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც დღემდე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. პირველი ვერსიის თანახმად, ნიკალა მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა და კუკიის სასაფლაოზეა დასაფლავებული; მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც მხატვარი არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა და შესაბამისად, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, ვასო ჩაჩანიძის მოგონებებს ეყრდნობა. ვასო ჩაჩანიძე იხსენებდა, რომ 1918 წელს, როდესაც თბილისში „ისპანკის“ ეპიდემია მძვინვარებდა, ერთ დღეს ის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო. ამ დროს საავადმყოფოში მიცვალებულები მოასვენეს. ერთ-ერთი თითქოს ნიკალა ყოფილა, საღებავებით დასვრილი ტანსაცმლით. ვასომ მოიყვანა მღვდელი სამადალაშვილი, რომელმაც ჩაატარა წირვა და საფლავი აკურთხა. მას შემდეგ ძმები ვასო და დავით ჩაჩანიძეები ამ კონკრეტულ საფლავზე მიუთითებდნენ, მაგრამ, ყველას როდი სჯეროდა ეს. 2006 წელს ამ ვერსიამ  დამაჯერებლობა შეიძინა. ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, თითქოსდა არქივში ინახება პეტრე-პავლეს ეკლესიის მღვდლის, ალექსი სამადალაშვილის მიერ შედგენილი გარდაცვლილთა სია, სადაც წერია: „უცნობი ნიკოლოზი, 1919 წელი“. ამ ჩანაწერის საფუძველზე დაასკვნეს, რომ იგულისხმება ფიროსმანი და რომ ის პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა დაკრძალული. ამ ვარაუდის საფუძველზე, საფლავის გათხრაც კი დააპირეს. ჩვენ ამ აზრს ვერ გავიზიარებთ. თან‚ აქ არის უზუსტობა: ჩაჩანიძეები ნიკალას გარდაცვალების თარიღად 1918 წელს ასახელებენ, ეს დოკუმენტი კი 1919 წელს არის შედგენილი. მხატვარი 1919 წლის გაზაფხულზე კი არ გარდაიცვალა, არამედ, 1918 წელს. რაც მთავარია, საარქივო დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს ვინმე ნიკოლოზი ნავთლუღის სასაფლაოზე დაუკრძალავთ. პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მისი ძვლების ძებნა უაზრობა იქნება. ცხადია, რომ ეს უცნობი ნიკოლოზი ფიროსმანი არ არის. ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტი ეწინააღმდეგება თავად ჩააჩანიძეების ვერსიას. დღეს ფიროსმანზე დაიწერა მხატვრულ-დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები, სადაც წერია: „მომდევნო, 14 მარტს‚ დილით ტფილისის ლაზარეთში დაუდგენელი დიაგნოზით გარდაიცვალა უცნობი, სახელად ნიკოლოზი, ის  ოთხი ფიცრისგან შეკრულ ღარიბულ კუბოში ჩაასვენეს“. ანუ‚ იმავე დღეს დამარხეს, რადგან, უპატრონო მიცვალებულებს იმავე დღეს მარხავდნენო. თან, მითითებულია: 1918 წელი, 14 მარტი. რადგან უპატრონო იყო, მაშინვე დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზეო. აქვე მითითებულია, რომ თითქოს იმ დღეს დამარხეს 4 უპატრონო მიცვალებული, რაც საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. უპატრონო მიცვალებულებს აგროვებდნენ, ორ ან სამ კვირას აჩერებდნენ მორგში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოიხსენიებდნენ, მერე ნავთლუღის სასაფლაოზე მიასვენებდნენ. 14 მარტს დაკრძალული ვინმე ნიკოლოზი სინამდვილეში 23 თებერვალს არის გადაცვლილი. 14 მარტს კი 59 მიცვალებულს აუგეს წესი და შემდეგ გადაასვენეს ნავთლუღში. ასე რომ‚ ეს ვერსიები მხოლოდ და მხოლოდ რეალობისა და კვალის არევაა. თუ ვინმეს ფიროსმანის ძვლების დანახვა სურს, ეს არარეალურია, რადგან, ჯერ თავიდან არ ჰქონდა მის საფლავს ნიშანი, ახლა კი მისი ზუსტი ადგილის დადგენა წარმოუდგენლეია. რაც მთავარია‚ მტკიცდება, რომ  ის დაკრძალულია კუკიაზე და ეს უტყუარია.

დღეს დარწმუნებით შემიძლია მტკიცება, რომ არქივში დაცული მიხეილის საავადმყოფოს სარეგისტრაციო წიგნში ფიროსმანის გარდაცვალების ჩანაწერს მივაკვლიე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნიკალა 1918 წლის აღდგომის წინა დღეს გარდაიცვალა, მაგრამ, თვე და რიცხვი არავის დაუზუსტებია. აღდგომის თარიღად შეცდომით 18 აპრილს ასახელებდნენ. როგორც დავადგინე, 1918 წელს აღდგომა ახალი სტილით 5 მაისს ყოფილა. აქედან გამომდინარე კი‚ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკალა 4 მაისს წაუყვანიათ საავადმყოფოში. მაგრამ, რომელში – „მიხეილის“ თუ  „არამიანცის“ – ეს არ იყო ცნობილი. 4 მაისს კი თბილისში ერთადერთი უპატრონო მიცვალებულია გატარებული და ისიც მიხეილის საავადმყოფოში. თან‚ ფიროსმანი ამ საავადმყოფოსთან უფრო ახლოს ცხოვრობდა და იქ მისი მიყვანა ლოგიკურია. საარქივო დოკუმენტის მიხედვით, „1918 წლის 4 მაისს, ანუ აღდგომის წინა დღეს‚ „მიხეილის“ საავადმყოფოში მიუყვანიათ „უცნობი წოდების“ მამაკაცი. საავადმყოფოს რეგისტრატორს არ სცოდნია‚ თუ ვინ და საიდან მოიყვანა ეს ავადმყოფი, რომელიც იმავე დღეს გარდაცვლილა. „ავადმყოფი მოსაცდელში იმყოფებოდა. როდესაც მის გასასინჯად გამგზავნეს, ის უკვე მკვდარი დამხვდა“‚ – წერს მორიგე ექიმი. 1918 წლის მაისში შესული ყველა ავადმყოფის ვინაობა ცნობილია, გარდა ზემოხსენებული მამაკაცისა. მოუვლელი და მომაკვდავი ნიკალა გაცილებით ხნიერი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო, რის გამოც ექიმებს, რომლებმაც მისი გასინჯვაც ვერ მოასწრეს, 70 წლის ჰგონებიათ. მისი ცხედარი 5 მაისს გაკვეთეს. ოქმი შედგენილია 7 მაისს, საიდანაც ჩანს, რომ მას დაავადებული ჰქონდა: გული, ღვიძლი, ელენთა, თირკმელები, ხოლო ორივე გაკვეთილი ფილტვიდან მოედინებოდა „ქაფიანი სითხე დიდი რაოდენობით“. ოქმის მონაცემები ემთხვევა იმ ჩივილებს, რის გამოც ფიროსმანმა 1893 წელს რკინიგზის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ხოლო, ცოტა ხნით ადრე იძულებული გახდა‚ შვებულება აეღო და აბასთუმანში წასულიყო სამკურნალოდ. როგორც ირკვევა‚ ის ტუბერკულოზით იყო დაავადებული. საისტორიო არქივში ფიროსმანის დაკრძალვის ჩანაწერებიც მოვიძიე. მიხეილის საავადმყოფოში ეკლესიის სამეტრიკო წიგნში დაფიქსირებულია 1918 წლის 4 მაისს გარდაცვლილი „უცნობი წოდების“ მამაკაცი, რომელიც 9 მაისს დაუკრძალავთ. გარდაცვალების მიზეზი – ტუბერკულოზი. ბოლო გრაფაში – „ვინ აღუგო ანდერძი და სად არიან დასაფლავებულნი“ – აღნიშნულია: საავადმყოფოში გარდაცვლილ უპატრონო მიცვალებულთათვის კუკიის სასაფლაოზე გამოყოფილი ადგილი. ამრიგად‚ ფიროსმანის გარდაცვალების თარიღი არის 1918 წლის 4 მაისი, ხოლო დაკრძალვის ადგილი – კუკიის სასაფლაო. 1918 წლის მაისში საავადმყოფოში არც ერთი უპატრონო ავადმყოფი არ გარდაცვლილა. ყველა გარდაცვალებულის სახელი და გვარი ცნობილია. ეჭვს გარეშეა, რომ 4 მაისს გარდაცვლილი უცნობი სწორედ მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილია. ვინ უნდა ყოფილიყო ის, თუ არა ფიროსმანი? თუ სხვა იყო, მაშინ ნიკალა სად გაქრა? ეს ინფორმაცია პირველად 2003 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მეშვეობით გავაჟღერე. 2004 წელს გამოვეცი ბროშურა „ფიროსმანი“. ბოლოს, 2010 წლის 15 ნოემბერს, საგაზეთო ინტერვიუში ვთქვი, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახლახან შეიძინა იოსებ იმედაშვილის არქივი, სადაც არის ცნობა, რომ ფიროსმანი 1918 წლის 4 მაისს გარდაიცვალა, რასაც მე წლების წინ ვამტკიცებდი. წელს კი ნიკალას გარდაცვალებიდან 95 წელი სრულდება და, რაც მთავარია‚ აღდგომაც 5 მაისს არის – ისევე‚ როგორც ნიკალას გარდაცვალებისას.