მარად განსხვავებული და რადიკალური შეხედულებების მქონე, აკაკი ბობოხიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი “ვერსიამ” რამდენიმედღიანი დევნის შემდეგ მოიხელთა. ემოციური განცხადებები მისგან, ალბათ, აღარავის უკვირს, თუმცა ამჯერად, მმართველი გუნდის წევრი ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი “ბრწყინვალე კოჰორტით” იმდენად აღშფოთებულია, მზადაა, მათთან ერთად გამსახურდიას საწინააღმდეგო მოძრაობაში საკუთარი მონაწილეობაც გაიხსენოს და “ერის მამობის” მსურველთა მოღვაწეობას ქრონოლოგიურად ჩამოყვეს. “ვერსიისთვის” საკუთარი გუნდის განაყოფების, ბურაჯანაძე-ოქრუაშვილის შესაძლებლობებს აკაკი ბობოხიძე აფასებს:
- ვხედავ, რომ ხალხს უჭირს. გაჭირვებაა ყველგან, მთელ საქართველოში, მაგრამ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ერთი, ელემენტარული მიზეზის გამო არ არის: როგორც ჩანს, ხალხი ოპოზიციაზე გაცილებით ბრძენია და ხვდება, რომ ასეთივე მძიმე მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში და ეს მხოლოდ წმინდა ქართული მოვლენა არაა. ნეტა, მაგალითად, ახმეტაში ყოფილიყავით, როცა ადგილობრივებს შევხვდი. საოცრად ბევრი პრობლემა დაგვახვედრეს, მაგრამ არავის უთქვას, ცუდები ხართ, უნდა მოშორდეთო. აღმოჩნდა, ქართველ გლეხს ყველაფერი კარგად ესმის მაშინ, როცა ოპოზიცია ლამის აპოკალიფსურ სურათს ხატავს, თუნდაც ჰიბრიდულ სიმინდზე. თურმე, ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტია, რომელსაც ხალხს თავს მთავრობა ახვევს და ამით ქართული სიმინდი გადაჯიშდება. ახმეტელ გლეხს კი ეცინება, სიმინდი ისედაც ამერიკული კულტურაა და ქართული სიმინდი როგორ უნდა გადააჯიშოსო. თორემ, ქვეყანას რომელიღაც ერთი პროგრამა რომ ვერ უშველის, ნათელია. არასდროს, არცერთხელ არ გვითქვამს, არიქა, ეშველა ქვეყანასო.
სწორედ კახეთიდან დაიწყო ოპოზიციის მიერ თქვენს წინააღმდეგ ხალხის მობილიზება. არ ფიქრობთ, რომ ამჯერად მუხტს მთელ საქართველოში მართლა ასწევენ?
- მეეჭვება, კახელ გლეხს ახლა მიტინგისთვის ეცალოს. მშრომელი კაცი დილას ცას გაჰყურებს, მზე რომ ამოვიდეს, მიწა გაშრეს და სამუშაოდ გავიდეს. ამ დროს კი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანაში ხელოვნური დაძაბულობა შექმნას. ასეთი მართლა რომ არსებობდეს, ოპოზიციის მეთაურობა კი არ დასჭირდებოდა, ხალხისგან ბუნებრივად წამოვიდოდა.
ახლა თქვენ მეუბნებით, ყველგან იგრძნობა გაჭირვება და არსად - დაძაბულობა?
- ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და არა - პოლიტიკური. ხალხი არც მზადაა რევოლუციისთვის და არ სურს ეს. ნებისმიერი ლიდერი, ვინც საქართველოში არასტაბილური სიტუაციის შექმნას ცდილობს, საკუთარი საზოგადოებისა და სახელმწიფოს პირდაპირი მტერია. დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა დღეს საქართველოსთვის ზურგში მახვილის ჩარტყმაა. ამით არც თავს ვიმშვიდებ და არც პასუხისმგებლობას ვიხსნი შექმნილ მდგომარეობაზე. უბრალოდ, ყველას კარგად ესმის, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. სწრაფი ცვლილებები ყველას სჭირდება, ოღონდ უკეთესობისკენ და არა - პირიქით. საკმარისია, ეს ხელისუფლება შეიცვალოს, რომ საქართველო სულ რამდენიმე საათში შევარდნაძის დროინდელ აღებ-მიცემობასა და მექრთამეობას დაუბრუნდება.
უკაცრავად, შეცვლას არ აპირებთ, თუ როგორაა თქვენი საქმე?
- ვაპირებთ, მაგრამ გააჩნია - როგორ. ერთია, როცა რევოლუციით იცვლები და მეორე - არჩევნებით. სხვათა შორის, ამერიკელებს ვეთანხმები, საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მმართველობა სხვას მშვიდობიანად უნდა გადააბაროს, მაგრამ ვინ იქნება ეს “სხვა”, ამას ქართველი ხალხი არჩევნებზე გაადაწყვეტს. მიშა რომ პრეზიდენტი აღარ იქნება, ამას ახლავე გიდასტურებთ. სააკაშვილის შეცვლას მე კი არა, კანონი აპირებს. ისე, ჩემი ნება რომ იყოს, მიშა პრეზიდენტი ჯერ დიდხანს იქნებოდა, ალბათ, კიდევ ორი-სამი მოწვევა.
არც პრემიერი იქნება, თუ მაგას ვეღარ მიდასტურებთ?
- გაპრემიერდება, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, თუ სხვა ვინმე, ეს იმ პოლიტიკური ძალის საქმეა, რომელიც გაიმარჯვებს. თუ დღევანდელი ოპოზიცია მოიგებს, მაშინ სააკაშვილი ოპოზიციური პარტია, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდება.
იმის მიუხედავად, რომ ჩემი გავლენა ათჯერ და მეტჯერ ნაკლები იყო, ვიდრე, ვთქვათ, ოქრუაშვილისა, ამ ქვეყნის შექმნაში სერიოზული მონაწილეობა მაქვს მიღებული. პასუხისმგებლობაც ყველაფერში მეკისრება, ავშიც და კარგშიც. ახლა რა სისტემაცაა შექმნილი, ამაზეც პასუხისმგებელი ვარ. მაპატიეთ რა, მაგრამ გნებავთ მას, გნებავთ, ბურჯანაძეს, ასეთი განსხვავებული შეხედულებები თუ ჰქონდათ, ან თუნდაც რაიმე სერიოზული პოლიტიკური მოტივი, ამდგარიყვნენ და ცოტა ადრე წასულიყვნენ. თუმცა, განსხვავებები ჩვენს შორის უკვე გამოჩნდა. დღეს ყველასთვის ყველაფერი კარგადაა ცნობილი, ამიტომ რაღაც მოლოდინი უკვე არსებობს, ვინ რისი გამკეთებელი ვართ.
ახლა ის უფრო მაინტერესებს, თქვენ რას ელით თქვენივე ხელისუფლების განაყოფებისგან. გავრცელებული ვერსიით, “ქართული პარტია” თბილისში დაპირისპირების რამდენიმე ხელოვნურ კერას შექმნის, ყურადღების გასაფანტად და ამ დროს ოქრუაშვილი ცხინვალიდან მოგვევლინება. როგორ ფიქრობთ, ამის გამკეთებელი არის?
- ეს არარეალურად მიმაჩნია. პირველ რიგში, ირაკლი არც იმდენად უჭკუო მგონია და ჯერ არც იმდენად სინდისგარეცხილი, რომ მართლა ცხინვალიდან მოგვევლინოს. ორივე კრიტერიუმით, ჭკუითაც და სინდისითაც ვინმეს ცხინვალიდან მოვლინება, უზნეობაცაა და უტვინობაც. მე კი არა მგონია, ხალხი უზნეო და უტვინო კაცს გაჰყვეს. სამწუხაროდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ჩვენს ოპოზიციას მხოლოდ ცუდი მაგალითი დაანახა. თურმე, შეიძლება, ამტვრიონ, ლეწონ, ტყვიაც ისროლონ და მაინც მსოფლიოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. მაგრამ არა! საქართველოს ხელისუფლება კადაფისგან აბსოლუტურად განსხვავდება - იგი არჩევნების გზითაა მოსული!
ბურჯანაძე, კრება და შეფიცულები გააქტიურებას 21 მაისს გეგმავენ. არც მათგან ელით რაიმე განსხვავებულს?
- ჯერ ერთი, მაისში საერთოდ არაფერს ველი, გარდა დესტაბილიზაციის ხელოვნური მცდელობისა. ალბათ, მათი ყველაზე დიდი გამარჯვება ის იქნება, რომ გამოაცხადებენ, ნახეთ, სააკაშვილს 26 მაისს აღლუმი არ ჩავატარებინეთო. აბა, ვერ ვხვდები, მაშინ 21 მაისი აქტიურობის თარიღად სხვა რა პრინციპით შეარჩიეს, მაგრამ ხელისუფლება გამოძებნის საშუალებას, რომ მათთან დაპირისპირებაში არ შევიდეს.
აღლუმს ბათუმში ჩაატარებს და ესაა გამოსავალი?
- არსადაც არ ჩაატარებს, თუკი ეს ოპოზიციას თავის ყველაზე დიდ გამარჯვებად მიაჩნია. აი, რაც შეეხება კრებასა და შეფიცულებს, ეს ხალხი ერთხელ უკვე ნანახი მყავს. მათ საზოგადოება “თბილისელი” ერქვა, 1992 წელს ფილარმონიაში შეიკრიბნენ და რატომღაც, თავს უფლება მისცეს, თვითონ დაემყარებინათ წესრიგი ქვეყანაში - ეს ნიშნავდა პოლიტიკური ნიშნით ზვიადისტების დევნას. მათ მიერ დაცული წესრიგიც ნანახი მაქვს.
დააკონკრეტეთ, ვისზე საუბრობთ ან დღეს კრების რომელი წევრი დევნის ხალხს პოლიტიკური ნიშნით?
- სახეებს შეხედეთ! ესენი არათუ მათი მსგავსები, არამედ სწორედ ის ადამიანები არიან. მეტსაც გეტყვით, ესენი თბილისელი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები გახლავთ. მე, უბრალოდ, კასეტა ვერ ვნახე, თორემ ტელევიზიაში მივიტანდი და მთელს საქართველოს ვაჩვენებდი ოთარ მეღვინეთუხუცესის, ჩემი, გიორგი შენგელაიას, გოგა ხაინდრავას და სხვათა ტურნეს გამსახურდიას წინააღმდეგ. ნახეთ, მეღვინეთუხუცესის ლაპარაკის ტონი მაშინ და დღეს, ეს დათა თუთაშხიას როლიდან ვერგამოსული ტონია.
ადამიანები, ვინც დემოკრატიას გამსახურდიასგან და სააკაშვილისგან ითხოვდნენ, ასევე ითხოვდნენ, ზვიადისტების ხოცვას, თანაც, ჯოხის ბაკუნით. ესენი იყვნენ გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ჯანსუღ ჩარკვიანი და ყველა ის საზოგადო მოღვაწე, რომელიც დღეს თავს “ერის მამობაზე” დებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა შვილები მათ ჭკუაზე დავდივართ. საკმარისია, ეს აღარ გავაკეთოთ, ჩვენი განადგურებისთვისაც კი მზად არიან. რეზო ესაძე დამავიწყდა! ბოდიშს ვიხდი, რომ ამ “ბრწყინვალე კოჰორტიდან” გამომრჩა.
ისიც ხომ იმათი წარმომადგენელია, ვინც საოცრად აქტიური იყო დემოკრატიისთვის ბრძოლაში, შემდეგ თბილად გაიყუჩა შევარდნაძის ფრთებქვეშ და დღეს ისევ “ერის მამობა” მოუნდა. მე ამ ადამიანებისა არც მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ!
ახლა ისეთი ირონიით საუბრობთ, თითქოს გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა რიგებში ერთად არ იყავით. არ ფიქრობთ, რომ ეს ხალხი გააქტიურებამდე თავად მიიყვანეთ?
- ირონია კი არა, ეს საშინელებაა! მეამაყებოდა, მათ გვერდით რომ ვიდექი მანამ, სანამ მათი ნამდვილი სახე დავინახე. გამსახურდია ამათ კარგად იცნობდა, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ნომეკლატურული ინტელიგენცია. ახლა გამახსენებენ, კი მაგრამ, ჩემი ლექსი, ჩემი დადგმული სპექტაკლიო? ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ პოეტის ლექსი და მისი შინაგანი სამყარო ყოველთვის ერთნაირი არაა და მსახიობი სცენაზეც თამაშობს და მერე კარგი კაცის როლის თამაშს ცხოვრებაშიც აგრძელებს. არ მინდა, ხალხი შეცდომაში კიდევ ერთხელ შეიყვანონ.
ე.ი. მაინც აღიარებთ, რომ მათ ხალხიც გაჰყვება.
- არა, უკვე ვხედავ, რომ ამას ვერ შესძლებენ.
რამდენიც უნდა უარყოთ, აშკარაა, რაღაცას მაინც ელოდებით, მით უმეტეს, საფრთხეები ქვეყნის შიგნითაც ბევრია და გარეთაც. ამის თავიდან ასაცილებლად როგორ ემზადებით?
- ამას მზადება არ სჭირდება. ყველა მცდელობა, ჩვენი თითოეული ნაბიჯით ხალხს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს, ისედაც მზადებას ნიშნავს. თუმცა დარწმუნებული ვარ, გარე ფაქტორის იმედი ბევრს აქვს. ეს ე.წ. მეხუთე კოლონაა. ჩემს ბავშვობაში ერთი ანეგდოტი იყო პოპულარული - დილას გამოვუცხადოთ ომი ამერიკას და საღამოს დავნებდეთო. ასეა, ამათი საქმეც, ოღონდ მონაწილე ქვეყანა ამერიკის ნაცვლად, რუსეთია. დილას ომს გამოუცხადებენ და საღამოს დანებდებიან, ესაა ამათი ოცნება. არ სურთ არჩევნები, მაგრამ სურთ, იმის საშუალება ჰქონდეთ, რომ ყოველი ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. მინდა, ჩვენმა ოპოზიციამ კარგად გაითავისოს, რომ აფრიკისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებით, აქ სხვა მდგომარეობაა. ჩვენ ვართYხელისუფლება, რომელიც მზადაა, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს არჩევნები და თუ ეს ხალხს სურს, ქვეყნის მმართველობა სხვა პარტიას გადააბაროს.
და ხართ ხელისუფლება, რომელმაც “გაჭედა” საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკების პროცესი, რაც ვიღაცას კიდევ ერთხელ ათქმევინებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
- არა, არა! ვიცი, რომ რაღაც გერმანულ მოდელს გვთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, პირობითად, არჩევნებზე 40%-ი რომ ავიღოთ, მაგრამ ყველა მაჟორიტარული ოლქი მოვიგოთ, პარლამენტში მაინც 40%-ი გვეკუთვნის, ანუ 60 ადგილი. არის კიდევ ერთი შემოთავაზება ბიომეტრულ პასპორტებზე. პირადად მე, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა როგორ ჯდება, თვითონ დათვალონ. ჩემს მეგობრებს კი ვურჩევ, ეს შეთავაზება მიიღონ. მიმაჩნია, რომ “რვიანის” პოლიტიკური პოზიცია სწორია, თუმცა გულში რას ფიქრობენ, არ ვიცი. უბრალოდ, გუშინწინ “რვიანი” შემადგენელი ზოგიერთი პარტია არჩევნებს უარყოფდა, ზოგს კი საერთოდ, საპრეზიდენტო მმართველობა არ მოსწონდა. ამ შემთხვევაში, გაცილებით უკეთ მესმის ნათელაშვილის, რომელიც თან პარლამენტშია, თან არა, თან ხელფასს იღებს და ამბობს, ამ ფულით ხალხს უნდა ვემსახუროო. მიდი და გაიგე მერე, ხალხს ემსახურება თუ - თავის თავს. სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიცია არ გვყავს. ყველანი იმაზე არიან გადართულნი, რევოლუცია როგორ მოახდინონ, რადგან არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის შანსს ვერ ხედავენ.
ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, “რვიანსა” და “რადიკალებს” აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, როგორც ამბობენ.
- ფაქტია, მაინც ერთად არიან. ახლა, გნებავთ, “რვიანი” დაარქვით, გნებავთ “ცხრიანი”. უბრალოდ, თვითონ პროცესია ჯანსაღი, სამწუხარო კი ისაა, რომ ამ პროცესში თითოპროცენტიანი პარტიები მონაწილეობენ, რომელთაც ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის შექმნა არ შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებაც მაქსიმალურად უნდა წავიდეს კომპრომისზე. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ვალდებულია, მოქალაქეთა უფლებებიც ისევე დაიცვას, როგორც მომიტინგეთა უფლებებს იცავს. ასევე ვფიქრობ, 7 ნოემბერს მიწასთან გასწორებულ ოპოზიციას ამ მოქმედებით სული ჩაბერეს. შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, რადგან უფრო რადიკალური ვარ, ხოლმე. დღეს კი მწამს, მაისში ხელისუფლების გადაწყვეტილებები განვითარებული მოვლენების ადეკვატური უნდა იყოს.