“ქართული პარტია” კახეთის შემდეგ აქციების სერიას უკვე აჭარაში გამართავს. პირველი აქცია კი პარტიის ლიდერებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს დაამთხვიეს და კახეთის რეგიონში გამართა. ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის მონახულების შემდეგ, პარტიის ლიდერები აქტივისტებთან ერთად კახეთისკენ გამეგზავრნენ და დღის ბოლოსთვის მოსახლეობის აქტიობით კმაყოფილები დარჩნენ.
“ქართული პარტიის” ავტოკოლონა საგარეჯოში გუშინ შუადღისას შევიდა. სოფელ პატარძეულში მათ სოფლის გამგებელი ვალერიან ტუხაშვილი დახვდა. თავდაპირველად პარტიის ლიდერებმა ტუხაშვილი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის არ აძლევდა სოფლის მაცხოვრებლებს საშუალებას, შეერთებოდნენ მათ აქციას. ამიტომ, “ქართული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, თავად მივიდა ტუხაშვილთან და სთხოვა მას, რომ ავტომანქანიდან გადმოსულიყო და მხარდაჭერა გამოეხატა “ქართული პარტიისთვის”, რაზეც გამგებელს უარი არ უთქვამს.
გამგებელი შეუერთდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც იმ დროისთვის პატარძეულში “გმირთა სავანესთან” იმყოფებოდნენ.ვალერიან ტუხაშვილს “სამოქალაქო ფრონტის” ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა “სამოქალაქო ფრონტის” ემბლემიანი გამოსახული ყელსაბამი გაუკეთა და გადასცა ბროშურა, სადაც ეწერა, რომ ხელისუფლებას დანაშაულები არ შერჩება.
მოგვიანებით კი გამგებელმა სხვადასხვა მედია საშუალებებთან საუბრისას კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ “ქართულ პარტიას შეუერთდა”. მისი განცხადებით, ის ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად თანამშრომლებთან ერთად “გმირთა სავანესთან” იმყოფებოდა, როდესაც “ქართული პარტიის” წევრები მივიდნენ.
მოგვიანებით ავტოკოლონამ გურჯაანში გადაინაცვლა, სადაც აქცია გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, უახლოეს დღეებში კახეთსა და მთელს საქართველოს დაუძახებენ თბილისში, რათა ხელისუფლება შეცვლონ. თუმცა როდის, არ კონკრეტდება.
გურჯაანში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა. სოზარ სუბარმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ომის ვეტერანებზე და იმ ღვაწლზე, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე.
“9 მაისს მათ იხსნეს კაცობრიობა იმ ბოროტებისგან, რასაც ფაშიზმი ერქვა, მათ კი დღეს ეუბნებიან, რომ ეს დღე თურმე არ არსებობს,” - განაცხადა სუბარმა.
გურჯაანში იმყოფებოდა გადაცემის “აკრედიტაციის გარეშე” წამყვანი შალვა რამიშვილი, აქციის მსვლელობისას რამიშვილის მიერ დასმულ კითხვას, “მზად ხართ თუ არა შევარდნისთვის”, სუბარმა ასე უპასუხა: “დღეს - არა, თუმცა ცოტა ხანში - კი.”
ამის შემდეგ რამიშვილი “შევარდნისთვის მზადყოფნის” საკითხზე აქციის მონაწინეებს დაეკითხა, რომლებმაც სუბარის მსგავსად, ამისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა ლევან გაჩეჩილაძეც. მან კახელებს იმ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომელიც “ქართულმა პარტიამ” დაიწყო.
“ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ შიში და კერძო ინტერესები და ერთად ბრძოლით შევუტიოთ სააკაშვილის ამ ბინძურ და ჯალათურ რეჟიმს.”
“ქართული პარტიის” ლიდერებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მონაწილე მოინახულეს. 91 წლის არჩილ ბარბაქაძეს სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ეროსი კიწმარიშვილმა და კახა მიქაიამ ტკბილეული მიუტანეს და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
მოხუცმა ოპოზიციონერი ლიდერები გულთბილად მიიღო და ჰკითხა მათ, თუ რა ხდება ქვეყანაზე. მას შემდეგ რაც მოისმინა ინფორმაცია, რომ “ქართული პარტია” დღეიდან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს, არჩილ ბარბაქაძემ ცალსახად განაცხადა, რომ სტალინი ყველას სჯობდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გურჯაანში “ქართული პარტიის” აქციაში 700-მდე ადამიანი მონაწილეოდა, რომელთა უმრავლესობა ავტობუსებით თბილისიდან იყო ჩაყვანილი.
ცენტრის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების სიმრავლის გამო გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალის ახტალის მონაკვეთი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო. გზის გახსნას საპატრულო პოლიცია ცდილობდა. შეკრების ადგილზე კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ხალხს ათვალიერებდნენ.
“ქართული პარტიის” ავტოკოლონა გურჯაანის შემდეგ თელავისკენ დაიძრა, სადაც ერეკლე მეორის მოედანზე მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.
“შიში თუ სამშობლო” - ასე მიმართა ლევან გაჩეჩილაძემ თელაველებს და განაცხადა, რომ იმ საქმისთვის, რომელიც ”ქართულმა პარტიამ” დაიწყო, ღირს თავის შეკვლა და ტყვიაზე წასვლა.
“ყველას დაგლოცავთ და ერთად ჩავუხტეთ, მუხრან ბატონს არვიტყვი და ჩათლახების ბატონს...”
თელაველებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმაც მიმართა. მან ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ომის ვეტერანების მიმართ დამოკიდებულების გამო და აღნიშნა, რომ ამ ”არაკაცებს ჰგონიათ საქართველოს ისტორია 2004 წლიდან იწყება”.
საგულისხმოს ისიც, რომ გუშინ “ქართული პარტიის” ახმეტის რაიონულმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმეტის პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათ აქტივისტებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
აქციის ბოლო პუნქტი ყვარელი იყო. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, “ქართულმა პარტიამ” დაგეგმილი მანიფესტაციის შესახებ თვითმმართველობის ორგანოს შეტყობინება არ გაუგზავნა. სუბარმა კი განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, რომ აქციები სანქცირებული იყოს.
“სამოქალაქო ფრონტის” ორგანიზებით, აქცია იგეგმებოდა ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის საცხოვრებელ სახლთან. თავდაპირველად მათ ადეიშვილის სახლს ვერ მიაგნეს და პიკეტი მის მეზობლად მოაწყეს, რამაც იქ მცხოვრებთა უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის სახლს მიაგნეს და აქციაც გაიმართა.
ზურაბ ადეიშვილის სახლს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები ადეიშვილის სახლში იყვნენ მობილიზებულები, ქუჩაში კი ყვარლის კრიმინალური პოლიცია პატრულირებდა.
ყვარელში გამართულ აქციაში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მანიფესტაციის მსვლელობის დროს “ქართულიპარტიის” აქტივისტებმა თეატრალიზებული აქციაც მოაწყეს. ისინი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრების, ნინო ბურჯანაძის სურათებით გამოვიდნენ და პოლიტიკოსები გააქილიკეს.
აქციებზე მისული ადამიანთა რადენობით “ქართული პარტიის”ლიდერები კმაყოფილნი დარჩნენ და დაანონსეს, რომ მომავალი შეხვედრები აჭარაში გაიმართება.