“სახალხო კრებისა” და მოძრაობა “არას” აქტივისტების დაკავებასა და შემდგომ მათ გასამართლებას “სახალხო კრების” წევრი ირაკლი ბათიაშვილი მათი საქმიანობის ნეიტრალიზაციის მიზნით წინაწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.
დაკავებულთა ადვოკატი კი მიჩნევს, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო. უზენაეს სასამართლოში ამბობენ, რომ ყველა დაკავებულს სასჯელი საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით შეუფარდეს.
შეგახსნებთ, ორი დღის წინათ რუსთავში “სახალხო კრებისა” და”არას” აქტივისტები ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის ვალერი დუღაშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავდნენ. იქ მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა, რომლებსაც რუსთავის სასამართლომ ბრალი იმავე ღამეს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წაუყენა და შესაბამისი სახდელებიც დააკისრა.
სასამართლომ ლევან ჩიტაძეს, გოჩა თედორაძეს და ვასილ ბალახაძეს - თავისუფლების 30 დღით აღკვეთა, დავით დალაქიშვილსა და შალვა მახარაშვილს - 15 დღით, გია ნოზაძეს, გელა ნაკაშიძეს და კახა სალუქვაძეს კი 7 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ნიკა სამხარაძეს, მირიან ჯანიაშვილს, გიორგი ფარესაშვილს და არასრულწლოვან ნიკა ლაპიაშვილს სასამართლომ მათ 400-400ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
“მხილების აქცია” აქამდეც არაერთხელ ჩატარებულა იმ პოლიციელების სახლთან, რომლებზეც დაზუსტებულად ვიცით, რომ სისტემატიურად იღებდნენ მონაწილეობას ხალხის დარბევებში 2007-2009 წლების ნოემბრის, აპრილის თვეებში და ა. შ. - ამბობს ”სახალხო კრების” წევრი ირაკლი ბათიაშვილი, - ერთ-ერთი ასეთი აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, დაახლოებით 30 კაცის შემადგენლობით, იმართებოდა რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის ვალერი დუღაშვილის სახლთან. მასზეც გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ მონაწილეობდა სხვადასხვა დროს ხალხის დარბევაში. როგორც ჩანს, შსს პროვოკაციისათვის წინასწარ მოემზადა, შემოაგზავნეს პიროვნება, რომელმაც მოსვლისთანავე აქციის მონაწილეებში აღძრა ეჭვი, იქვე მოვიდნენ ჯერ პატრულის ქალი თანამშრომლები. ერთ-ერთ მათგანს ამ პიროვნებამ შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა. ვიდეო ჩანაწერში ისმის კიდეც დავით დალაქიშვილის ხმა, რომელიც ამბობს, რომ ეს პიორვნება არის პროვოკატორი. შემდეგ ეს უცხო ადამიანია გაიქცადა არავინ დაინტერესებულა მისით. ამის მერე მოვიდა დიდი რაოდენობით პოლიცია და დაიწყეს ჩვენი აქტივისტების დაკავება. იქ არავითარი შეხლა-შემოხლა არ მომხდარა”.
ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ “სახალხო კრება” საქმეს მსვლელობას აუცილებალდ მისცემს. განაჩენს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
“მომხდარი მეტყველებს, რომ ხელისუფლება არის აგონიაში 21 მაისის აქციების მოლოდინის გამო. ის, რაც მოხდა, ისტერიკაა ”სახალხო კრების” შიშის გამო. ამ რეჟიმმა, კერძოდ, შსს-მ გადაწყვიტა, მიმართოს ყოველგვარ პროვოკაციას “სახალხო კრების” ნეიტრალიზების მიზნით. ჩვენ ველოდებოდით მსგავს პროვოკაციებს და მომავალშიც ველით ყველანაირ ტეროროს. თუმცა, ჩვენ გეგმის მიხედვით მივდვივართ 21 მაისამდე, როდესაც ხალხი შეიკრიბება თბილისსა და ბათუმში”, - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.
მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, შსს-სთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. რამოდენიმე დაკავებულის ადვოკატი მანანა კობახიძე კი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი, რომელიც იმავე დღეს, გვიან ღამით შედგა, მტკიცებულებების გათვალისწინების გარეშე მიკერძოებულად წარიმართა. ადვოკატის თქმით, სამართალწარმოების პროცესში დაირღვა კონსტიტუცია, ასევე კანონები “გამოხატვის თავისუფლების”, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ და ევროკონვენცია.
“მათი დაკავება მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ, რადგან მშვიდობიან აქციას მართავდნენ კონსტიტუციის, შეკრებისა და მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ფარგლებში, არ ყოფილა არავითარი წესრიგის დარღვევა. ამას ადასტურებს ვიდეო ჩანაწერი და იქ მყოფი მოქალაქეების ჩვენებები, რომლებიც დაიკითხნენ. ვიღაც უცხო პირმა, რომელიც არ იყო აქციის მონაწილე, იქ მოსულ პოლიციის თანამშრომელს მიაყენა შეურაცხყოფა. პოლიციის მანქანის მოსვლაც საეჭვოა იმიტომ, რომ წესრიგის დარღვევა არ ყოფილა და გაუგებარია, რატომ უნდა მოსულიყო ამ შემთხვევაში. თანაც ის, ვინც პოლიციელ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა, გაიქცა, სამართალდამცავებს არ შეუკავებიათ და თავისუფლად მოახერხა გადაადგილება. სამაგიეროდ, დააკავეს 12 ადამიანი, ამ აქციის აქტიური მონაწილე. შემდეგ კი ეს დარღვევები გააგრძელა სასამართლომ. საქმის განხილვას არ დაურთეს ვიდეო მასალა, რომელიც არის ძირითადი მტკიცებულება, გარდა ამისა, მოვითხოვე 15 მოწმის დაკითხვა, აქედან დაიკითხა მხოლოდ 5. თუმცა ისინიც კი ამბობდნენ, რომ რაიმე კანონდარღვევა, წინააღმდეგობა ხულიგნობა, დაუმორჩილობლობა არ ყოფილა.
პოლიციელები მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტებებით შემოიფარგლნენ. მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა დაკითხა პოლიციის მიერ წარდგენილი ერთი მოწმე. მან საკუთარი ბინის მისამართი ვერ დაასახელა, თქვა, რომ იყო ნასვამი, რომ აქციაზე ვიღაცეები იგინებოდნენ, მსჯავრდებულებზე კი თქვა, რომ მათ შორის ესენი არ იყვნენ, არც ვიცი, ვინ არიანო. რეალურად ეს ადამიანი მოწმეც არ იყო და რისთვის წარმოადგინეს, საერთოდ გაუგებარია. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ერთსა დაიმავე გაზეპირებული ჩვენებების, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, თანაც ეს პოლიციელები ისინი იყვნენ, ვინც დაკავებაში თავად მონაწილეობდნენ. ეს ნიშნავს, იმას, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული და საქმე არასწორად განიხილა. თანაც იყო საკმაოდ მკაცრი სახდელები. ზოგს შეუფარდეს 30 დღე, ზოგს - 15, ზოგს - 7.
ნაწილი კი ჯარიმით გაათავისუფლეს, მათ შორის არასრულწლოვანი ლაპიაშვილი, რომელიც კანონმა დაიცვა, თორემ მასაც დააპატიმრებდნენ. არადა, ყველა დაკავებული აბსოლუტურად იდენტურ მდგომარეობაში იყვნენ. გოჩა თევდორაძემ ყველაზე მწვავე ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ პოლიციის განყოფილების უფროსი ვალერი დუღაშილი მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდადა, როგორც თევდორაძემ თქვა, შეაფურთხა კიდეც პოლიციის უფროსმა. ყველაზე მკაცრები სწორედ მის მიმართ იყვნენ. თანაც, 12 ადამიანის საქმე ერთად, ერთ მოსამართლეს უნდა განეხილა, ვინაიდან ეს იყო ერთი ფაქტი, ერთი იყო მტკიცებულებებიც, საქმის დაშლაც განპირობებული იყო, რომ ადვოკატებს ხელი შეშლოდათ დაცვის განხორციელებაში. არადა, ყველას გვქონდა ორდერი, ყველა დაკავებული დაგვეცვა. შექმნეს სამართლებრივი და ტექნიკური ბარიერები. იარაღიანი პირები შემოვიდნენ დარბაზში, მოსამართლე რომ სათათბიროდ იყო გასული, დარბაზი სავსე იყო ფორმიანი თუ სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი პოლიციელებით. რეპლიკები იყო არაკორექტული და გადამეტებული. დროზე გამოვიდეს ეს გადაწყვეტილება, ერთი სული მაქვს, როდის წავიყვან ამათ ”კაპეზეშიო”, ამბობდნენ დარბაზში მყოფი პოლიციელები. თავიანთი გამაღიზიანებელი ქცევით, თითქოს იქ მყოფი ადამიანების გამოწვევას ცდილობენ. დაბოღმილი პოლიციელების სახეები ვნახე იქ”, - ამბობს კობახიძე.
უზენაესი სასამართლოს პრეს სამსახურის ხემძღვანელის, ნანა ვასაძის თქმით, ყველა დაკავებულს სასჯელი საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით შეუფარდეს.
“პოლიციის უფროსის მიერ გამოთქმული აზრის გამო არავინ დაუპატიმრებიათ, შეხლა-შემოხლა იყო და ხელით შეხების ფაქტები, თითოეულ დაკავებულს ისე შეუფარდა სასამართლომ სასჯელი, რა მასალებიც იქნა წარმოდგენილი საქმეში. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ სასამართლომ არ დაკითხა წარდგენილი მოწმეებიდან ყველა, ან არ გაითვალისწინა არსებული მტკიცებულება-ვიდეოჩანაწერი, ახლა ვერაფერს გეტყვით, შესაძლოა,მოწმე იქნა წარდგენილი, მაგრამ სასამართლომ რატომ უთხრა უარი ან რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ მოწმის ჩვენება სასამართლოსთვის, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. რადგან არიან მოწმეები, რომლებიც იმ კონკრეტულს საქმესთან დაკავშირებით არაძლევენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შეეხება იმას, რომპოლიციელების მხრიდან წარდგენილი მოწმე იყო მთვრალიპიროვნება, მე არ ვიცი, რეალურად საქმეში რა წერია. თუ სამშაბათს ისევ იქნება ინტერესი, მაშინ უკვე გადაწყვეტილება მექნება ხელთ და იმაზე დაყრდნობით უფრო დეტალურ კომენტარს გავაკეთებ. რადგან ახლა არის დასვენების დღე და ამაზე მეტი შეუძლებელია, გითხრათ”, - უთხრა “მთელი კვირა” ვასაძემ.