“თავისუფალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, ყოფილი პოლიტპატიმარი, ირაკლი ციკოლია, რომელიც 4 აპრილს წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე 10 მონაწილესთან ერთად დააკავეს და ახლახან გამოვიდა, ”ახალ თაობას” უყვება ყველაფერს, რაც დაკავებამდე და მის შემდეგ გადახდა თავს. ციკოლიას თქმით, ის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ გიორგი გეგეჭკორის დავალებით დააკავეს და 20-დღიანი პატიმრობაც მისი სურვილით შეუფარდეს.
- ყველას კარგად ახსოვს, რომ 4 აპრილის მშვიდობიანი და სანქცირებული აქცია რუსთაველის ძეგლთან დაიწყო და შემდეგ უზენაესი სასამართლოს შენობისკენ წავედით. აქცია დაახლოებით ნახევარი საათი მიმდინარეობდა. აქციის დასრულებიდან დაახლოებით 5 წუთში მოულოდნელად ჩვენი ”საამაყო” პატრულის თანამშრომლები გამოჩნდნენ, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაერივნენ. მე აქციის მონაწილეებისგან მოშორებით, დაახლოებით 20-30 მეტრში ვიდექი, როდესაც ჩამავლეს ხელი და სხვა დაკავებულ ადამიანებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადამიყვანეს. დაკავების დროს 9 აპრილი და როდიონოვი მახსენდებოდა. ამაზე უარესი როდიონოვს არც არაფერი გაუკეთებია. მაშინ ქართველების ამწიოკებლებს რუსეთისა და როდიონოვის რაზმები ერქვათ, დღეს მერაბიშვილისა და სააკაშვილის პატრული ჰქვიათ.
ბრალი პოლიციის წინააღმდეგობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წაგიყენეს, არადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაგიწევია და კვერცხებიც არავისთვის დაგიშენია, ხომ? შენი აზრით, რატომ მოხდა მაინცდამაინც შენი დაკავება მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებისგან საკმაოდ მოშორებითაც კი იდექი?
- მე კვერცხები არც არავისთვის დამიშენია, პოლიციისთვისაც არანაირი
შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც წინააღმდეგობა გამიწევია. უდანაშაულო ადამიანები სულ ტყუილად დაგვაპატიმრეს. ჩემი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციას დავალებული ჰქონდა, ვინ უნდა დაეკავებინა და ვინ - არა. მათი მხრიდან იმ პოლიტიკური პარტიის წევრების მიმართ მიმდინარეობს ტერორი, რომლებიც სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს რეალურად ებრძვიან.
ჩვენ 5 საათის განმავლობში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში ვყავდით გამოკეტილები. ჩვენი ”საამაყო” საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, გეგეჭკორი, იგივე როდიონოვი, რამდენჯერმე მოვიდა ჩვენთან, დაგვხედა, ცინიკურად გვიყურებდა. სასამართლოს შენობაში დაახლოებით 12-ის ნახევარზე გადაგვიყვანეს. იცით, სრულიად სხვა ადამიანებმა დაგვაკავეს, სასამართლოში მომხსენებლებად კი სულ სხვა ადამიანები მოიყვანეს - ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გეგეჭკორის მითითებებს ასრულებდნენ. გეგეჭკორმა ჩვენი თანდასწრებით უბრძანა პოლიციის თანამშრომლებს, ვისთვის რა უნდა შეეფარდებინათ. ამას ჩემი ყურით ვისმენდი. ფორმალური სასამართლო 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსამართლე კობა გოცირიძეც გეგეჭკორის დავალებებს ასრულებდა. რაც გეგეჭკორმა ბრძანა, მოსამართლემაც ზუსტად ის შეასრულა, ანუ ის სასჯელები ჩამოგვირიგა, რომლებიც გეგეჭკორს სურდა.
ანუ თქვენს ბედს რეალურად არა მოსამართლე, არამედ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გეგეჭკორი წყვეტდა?
- დიახ, კობა გოცირიძე მოსამართლე კი არა, გეგეჭკორის ყურმოჭრილი მონა აღმოჩნდა. ჩვენმა ადვოკატებმა ფირი მოითხოვეს, რომელიც როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე ჟურნალისტებსაც ჰქონდათ, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რას დააკმაყოფილებდა, ამ ფირში ხომ რეალობა, ანუ უდანაშაულო ადამიანების დაკავება იყო აღბეჭდილი. ათივე ადამიანს ერთსა და იმავე რამეს გვდებდნენ ბრალად, თუმცა, გეგეჭკორის ნება-სურვილით 6 დაკავებულს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, სამს 20-დღიანი პატიმრობა შეგვიფარდეს, გენადი კეკელიას - 25-დღიანი. ფორმალური სასამართლო ღამის 5 საათზე დასრულდა და დროებითი დაკავების იზოლატორში გადაგვიყვანეს, სადაც ამ იზოლატორის უფროსი, ცნობილი ჯალათი, უდანაშაულო ადამიანების მკვლელი, დათო კაკაურიძე დაგვხვდა.
კაკაურიძემ პირად კონტროლზე აგვიყვანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მოგვაყენა. ის ჩვენთან ოპოზიციის ლიდერებსაც აგინებდა, ბურჯანაძე-გაჩეჩილაძეს ცოცხალი და მკვდარი ამოუტრიალა. 4 ადამიანი 13 კვადრატულ მეტრში გამოგვკეტეს, სადაც არც ჰიგიენური საშუალებები იყო და წყალი დღეში ერთხელ, 20 წუთით მოდიოდა. 4 ადამიანს დღეში ერთ პურსა და ერთ ძეხვს გვაძლევდნენ, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დიდი რაოდენობით საკვებს გვიგზავნიდნენ. ერთი ადამიანი ავადმყოფი იყო, რომელიც რამდენჯერმე გახდა ცუდად. ჩვენ ექიმი მოვითხოვეთ და ექიმის ნაცვლად ბადრაგისგან შეურაცხყოფა მივიღეთ.
არანაირი ექიმი არ მოიყვანეს, არადა, ადამიანი ძალიან ცუდად იყო. მინდა გითხრათ, რომ ასევე სასტიკად ეპყრობიან ერთ-ერთი დაკავებულის ძმას, პოლიტპატიმარ ზვიად ხარებავას. ამ ადამიანს ერთ მილიონ დოლარს ედავებიან. ეუბნებოდნენ, ზურაბ ნოღაიდელის წინაღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცი და გაგათავისუფლებთო. ზვიად ხარებავა პირადად ზურაბ ადეიშვილის პატიმარია.
ამბობთ, ერთსა და იმავე რამეს გვდებდნენ ბრალადო. თქვენი აზრით, სხვადასხვა სასჯელი რატომ ჩამოგირიგეს?
- დევნილთა გამოსახლების დროს რამდენიმე აქციის ორგანიზატორი ვიყავი და ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. დაკავებიდან ორი დღით ადრე კი ფოცხოში ვიმყოფებოდი დევნილებთან და მათ თბილისში ჩამოყვანს ვაპირებდი. ჩვენ ნანა ფიფიას მკვლელ სუბელიანის უწყებასთან კარვების გაშლას ვგეგმავდით. აი, ესეც გახდა ჩვენი დაკავების ერთ-ერთი მიზეზი. ფოცხოში დევნილები შიმშილით იხოცებიან და მათ თბილისში ჩამოყვანა გვთხოვეს, გვითხრეს, ჩამოსვლა გვინდა და მგზავრობის ფული არ გვაქვსო. ისინი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ არც მიწის ნაკვეთი აქვთ, არც სამსახური და თვიდან თვემდე 22 ლარის ამარა არიან. 22 ლარით როგორ უნდა იცხოვრონ, ხომ ვერ მეტყვით? იქ არც სკოლაა და არც საავადმყოფო. ზუგდიდში რომ ჩავიდნენ, მგზავრობა 5 ლარი დაუჯდებათ და ამას, ბუნებრივია, ვერ ახერხებენ. მათ ასევე არც წყალი, არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი არა აქვთ. იქ 40 ოჯახიდან 18-ღაა დარჩენილი და ისინიც კარგა ხნის ჩამოსულები იქნებოდნენ, მგზავრობის ფული რომ ჰქონოდათ.
ამ ადამიანების თბილისში ჩამოყვანას ახლაც აპირებთ?
- დიახ, ამ ადამიანებს თბილისში აუცილებლად ჩამოვიყვანთ. ფოცხოში მცხოვრები დევნილები 21 მაისისთვის თბილისში იქნებიან. მაინცდამაინც 21 მაისს იმიტომ, რომ ეს დღე რეჟიმთან ბრძოლის დაწყების თარიღად გამოცხადდა. ”ახალი თაობის” საშუალებით მინდა მივმართო აფხაზეთის მთავრობას, რომლის მოვალეობაც დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვაა და ვუთხრა მათ, რომ კეთილი ინებონ და იზრუნონ ამ ადამიანებზე. სხვათა შორის, ერთ-ერთი დაკავებული იყო ადა მარშანია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ამაზე აფხაზეთის მთავრობა ხმას არ იღებს. აფხაზეთის მთავრობა მოქმედებს პრინციპით: დუმილი იცავს სკამს და არის კუბო, რომელსაც დევნილები და არა მარტო ისინი ძალიან მალე თავსახურს დააფარებენ და ენგურს გააყოლებენ. დღეს ბაღაფში უფრო მეტს აკეთებს დევნილი მოსახლეობისთვის, ვიდრე თბილისში მოკალათებული აფხაზეთის მთავრობა. აქვე მინდა, ერთი რამ გითხრათ - ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანებში 180 ჩასახლებიდან დევნილთა გამოსახლება იგეგმება. კერძოდ, გახოკიძის N8-დან ვარკეთილში მდებარე ე.წ. აგურის სახლებიდან, გურამიშვილის N64-დან და ა.შ. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის მთავრობა ხმას ამაზეც არ ამოიღებს.
თუმცა, სუბელიანის უწყებამ გავრცელებული ინფორმაცია დევნილების მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ უარყო...
- კობა სუბელიანი მსგავს ინფორმაციებს ადრეც უარყოფდა, მეორე
დღეს კი დევნილებს ასახლებდა.