[რეზონანსი]
"პირადად ჩემთვის მაისი არ არის ის თვე, რომ რაღაცითვიყო შეზღუდული," - აცხადებს ოპოზიური რვიანის წევრი დაკონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელსაც ოპოზიციური რვიანის გეგმებსა და დაანონსებულ აქციებზე ვესაუბრეთ.
ზვიად ძიძიგური: საერთაშორისო მხარდაჭერა მოპოვებული გვაქვს და ყველაზე უფრო სკეპტიკოსებიც კი დარწმუნდნენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ნატოს წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირისა და კიდევ უამრავი ორგანიზაციისა თუ ლიდერის ცალსახა მხარდაჭერით ვსარგებლობთ. ახლა უნდა გადაიდგას მეორე ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რადგან სრული ინფორმაციული ვაკუუმია. ადამიანებმა არ იციან, რა ხდება, რა გეგმები აქვს ოპოზიციურ რვიანს. პროცესი უნდა გადავაქციოთ პოლიტიკურ კამპანიად, მთელი საქართველო უნდა მოვიცვათ, რათა საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა ვეძებოთ. ხელისუფლება რომ თავისი ნებით არ ჩაგვაბარებს ძალაუფლებას, ეს ყველას კარგად გვესმის.
“რვიანის” მხრიდან მოსახლეობის მეტი ინფორმირება აქციების დაწყებას ხომ არ მოასწავებს?
-ხალხი თუ არ დავიხმარეთ, მარტო მაგიდასთან ჯდომით ეს პროცესი ვერ მოგვარდება, ასეთი გულუბრყვილო რვიანში არც-ერთი არ ვართ.
ანუ აქციებს დაიწყებთ?
- არა მხოლოდ აქციები, პეტიციების შედგენა, სასამართლო პროცესებზე დასწრება. ძალიან ბევრი იარაღია პოლიტიკურ არსენალში და ამის ათვისებას ვგეგმავთ.
რამდენად ექნება საარჩევნო გარემოს ცვლილებას მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა? ქუჩაში მოსახლეობა ძირითადად სოციალურ პრობლემებს გამოჰყავდა ხოლმე...
- მახსოვს, ასეთივე სკეპტიკური დამოკიდებულება იყო 1990 წელს, როდესაც ”მრგვალმა მაგიდამ” არჩევნების გზა აირჩია, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა ეს კოლაბორაციონიზმად შერაცხეს. იყო ძალიან სერიოზული კრიტიკა, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს იყო სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად. მაშინ ხელისუფლებამ სცადა მოეტყუებინა მრგვალი მაგიდის წარმომადგენლები, პოლიტიკურ შეთანხმებებს გადაუხვია, თუმცა, სწორედ აქციების გზით შეძლო “მრგვალმა მაგიდამ” სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს ამბავი საქართველოში უკვე მოხდა და ახალი არაფერია.
ოპოზიციის საკმაოდ რადიკალურად განწყობილი ნაწილი,რევოლუციით იმუქრება. რა შანსები არსებობს?
- გაცილებით მეტი შანსები იქნებოდა, რომ ყოფილიყო რადიკალურ ფლანგზე ერთობა. პარტიებს ერთამანეთთან კი არ უნდა დაეწყოთ კონფლიქტი, უნდა შეთანხმებულიყვნენ და ერთიანი ფრონტით ეცადათ გეგმის განხორციელება. მიგვაჩნია, რომ არჩევნების გზაა პრიორიტეტული და საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც არასოდეს არ ჰქონია ოპოზიციას ბოლო წლებში, უკვე სახეზეა. რაც შეეხება რევოლუციას, შორს არაა 21 მაისი და ყველა დაინახავს, რაც იქნება. მიმაჩნია, რომ სწორედ ოპოზიციური კინკლაობის გამო გრძნობს თავს ხელისუფლება მყარად.
რატომ ვერ გაერთიანდნენ რადიკალურად განწყობილი ადამიანები ერთ ფლანგზე?
- ყველა ამბობს, რომ ისაა ერთადერთი, განუმეორებელი, ყველა არის ცისფერთვალება... მე ვიცი ერთი რამ, რომ რევოლუციას და უკმაყოფილო ხალხის კონცენტრირებას ერთი მოთხოვნის ირგვლივ იწვევს ოპოზიციური ერთობა. როდესაც ერთობა არაა, ძნელია ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა. რაც უფრო აქტიურად იქნებიან პოლიტიკური პარტიები პროცესებში ჩართული - ეს იქნება ქუჩის აქციები თუ საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკება და შეიქმნება ერთგვარი ტოტალური ფრონტი, ხელისუფლება დასუსტდება.
როგორ ფიქრობთ “სახალხო კრება” და “ქართული პარტია”ხელისუფლების შეცვლას, თანაც ცალ-ცალკე, შეძლებენ?
- ყოველ შემთხვევაში ორი რევოლუციის მოლოდინს ერთი რევოლუციის მოლოდინი სჯობს, რევოლუციურად განწყობილი ადამიანებისათვის. ჯერ, ერთი რევოლუცია ბურჯანაძემ მოაწყოს და მეორე - კიწმარიშვილმა, არადამაჯერებელია. სჯობს ერთიანი შტაბი, ერთი შეფცულთა რაზმი და ერთი გუნდი ყოფილიყო. ვფიქრობ, მათ მოუწევთ გეგმების გადახედვა.
“რვიანი” ფიქრობს მათ მხარდაჭერაზე?
- ჩვენ გვაქვს ჩვენ პოლიტიკური გეგმა, მათ კი თავიანთი, თუმცა, ვფიქრობ რომ ეს გეგმები ერთმანეთს არ ეწინააღმდგება.
თუმცა, არც კვეთს...
- თუკი სერიოზული აქციები იქნება მათი მხრიდან, შეიძლება ეს რვიანს გამოადგეს კიდეც და ხელისულება იქნება დამთმობი. ვფიქრობ, რომ ეს კარგად იციან რევოლუციის მომხრე პარტიებმა. რომ გითხრათ ისინი ჩვენი კონკურენტები არიან-მეთქი, არ იქნება სწორი. ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს. თუ სამართლიან არჩევნებს მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ რევოლუციურად განწყობილი პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას.
რა შემთხვევაში შეუერთდებით მათ აქციებს?
- ვერ გეტყვით. ვიცი, რომ რვიანს აქვს კონკრეტული გეგმა, დასაწყები გვაქვს პოლიტიკური კამპანია და ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. მოსახლეობასთან ჩვენი გეგმით მივდივართ. არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე რევოლუციით ცვლილებას. ამას არ ვამბობ ჩემი ინტუიციით, ამას მოსახლეობასთან შეხვედრები ადასტურებს.
მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს რევოლუციას? მესამედი? მეოთხედი თუ უფრო ნაკლები?
- ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის მხარდამჭერი რამდენჯერმე აღემატება რევოლუციის მომხრეთა რიცხვს.
თუკი ხელისუფლებამ შემოდგომისათვის გადაავადა მოლაპარაკების პროცესი, ამ შემთხვევაშიც არ დაიწყებთ აქციებს?
- პირადად ჩემთვის მაისი არ არის ის თვე, რომ რაღაცით ვიყო შეზღუდული. ჩვენთვის ხელისუფლების დათმობებზე წამოყვანა არის პოლიტიკური პროცესი და აქ მთავარია, რომ არ გავჩერდეთ და არ ვიყოთ პასიურები. რამდენადაც ეფექტურად მოვახერხებთ ამ ამოცანის შერულებას, ხელისუფლება იმდენად სწრაფად წამოვა დათმობებზე. მაისი იმიტომ ითქვა, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საკმარისი იყო 5-6 თვე ამ ცვლილებებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ხელისუფლებას მოუწოდებს ცვლილებებისკენ, “ნაცმოძრაობა” პოლიტიკური თვალსაზრისით იდიოტურ მდგომარეობაშია, ვერ ხსნიან თუ რატომ აღარ მიდიან დათმობებზე.
თუმცა, ყველა მოლაპარაკებას აქვს თავისი ვადა. როდის ელოდებით მოლაპარაკებების დასრულებას?
- როგორც კი “რვიანი” იმდენად აიყოლიებს მოსახლეობას, რომ ხელისუფლება საშიშროებას დაინახავს, ისინი დათმობენ. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურად აქტიურ ნაწილზე. ახლაც ვერ გეტყვით როდის დავსვამთ წერტილს.
რა შანსები არსებობს, რომ აქციები რომელიც მაისში დაიწყება, დაპირისპირებაში გადაიზარდოს?
- ვერ გეტყვით ვერაფერს. არ ვიცი რა რესურსების აქვთ იმპარტიებს, რომლებიც რევოლუციაზე ლაპარაკობენ. მესმის, რომ ხსნიან ოფისებს აყალიბებენ შეფიცულთა რაზმებს, თუმცა მეტი მათზე არაფერი ვიცი. 2007-08 წელს, როდესაც ქვეყანა აზვირთებული იყო, აქციის პროპაგანდისათვის 200 მანქანით დავდიოდით და არა ხუთით. დღეს ასეთი ტიპის ერთობას და ხალხში ამ განწყობას ვერ ვხედავ. თუ ვიმემ ნახა, კი ბატონო, სიამოვნებით გამოვაცხადებ, რომ შევცდი.