ჯავახეთი მეორე მთიანი ყარაბაღი არ გახდება

ჯავახეთი მეორე მთიანი ყარაბაღი არ გახდება

ბოლო დროს აქტიურად ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ შეიძლება ჯავახეთში არეულობა დაიწყოს. სხვადასხვა პერსონები ამ რეგიონში მეორე მთიან ყარაბაღს გვიწინასწარმეტყველებენ. მათი მტკიცებით, აქ ვითარება ძალიან მალე აირევა.

 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი დარწმუნებულია, რომ ჯავახეთში არაფერი არ მოხდება. მას სჯერა, რომ რუსეთის მცდელობა ამაოდ ჩაივლის და ამიერკავკასიაში ომი არ იქნება. რა აძლევს ამის თქმის საბაბს ამის შესახებ ვან ბაიბურთი “ახალ თაობას" ესაუბრება.

 

რუსულ მედიაში ჩნდება ცნობები, რომ მალე ჯავახეთში არეულობა დაიწყება. აქ იგივე პროცესების განვითარებას ელოდებიან, რაც თავის დროზე მთიან ყარაბაღში მოხდა. თქვენი აზრით ასეთი რამე შესაძლებელია?

- მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვინ აკეთებს ასეთ განცხადებებს. არ ვიცი ვინ მიაწოდა რუსულ მედიას ეს ინფორმაცია. სამაგიეროდ კარგად მახსოვს, რომ ამ თემაზე პირველებმა ლაპარაკი რუსებმა დაიწყეს. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. მაშინ მოსკოვში მავანმა და მავანმა თქვა ჯავახეთშიც იგივე იქნება, რაც ყარაბაღში  იყოო.

 

ვინ გააკეთა ეს განცხადება, რუსმა პოლიტიკოსებმა, სომხურმა დიასპორამ თუ კიდევ ვინმე სხვამ?

- ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთი სომხური დიასპორის წარმომადგენელმა. რომელსაც რუსეთში მცხოვრებ სომხურ დიასპორებთან არანაირი კავშირი არა აქვთ.

 

ეს როგორ უნდა გავიგოთ?

- ისე რომ ამ ორგანიზაციას კი ჰქვია სომხური დიასპორა, მაგრამ ის სინამდვილეში სომხური დიასპორა არ არის.

 

ამ დიასპორაში სომხები არ არიან?

- როგორ არ არიან, მაგრამ ისინი რუსეთის სპეც-სამსახურებს წარმოადგენენ. რუსეთს ყველა ერში ჰყავს თავისი აგენტები. სწორედ ამიტომ გააკეთებინეს ამ დიასპორის წარმომადგენლებს ჯავახეთთან დაკავშირებით ასეთი განცხადება. ასეთი განცხადებები გამუდმებით გაკეთდება. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების გეგმა, რომელსაც მისი თანამშრომლები აქტიურად ახორციელებენ. მე სომხურ დიასპორაზე მოგახსენებდით, არის ასეთი ორგანიზაცია მოსკოვის ჯავახეთის დიასპორა. ამ ორგანიზაციაში საერთოდ ჯავახეთიდან არ არიან. ამ ორგანიზაციაში ერთადერთი კაცი არის ჯავახეთიდან. ის დღეს მოსკოვში ცხოვრობს, ტაქსისტია, წარმოშობით ახალციხიდან არის. ამ ვითომდაც ჯავახეთის დიასპორის სახელით ის ძალიან აქტიურობს. ანტიქართულ და ამავე დროს ანტისომხურ განცხადებებსაც აკეთებს.

 

ეს ტაქსისტი კაცი, როგორ მოხდა ამ გაუგებრობაში?

 - ის დიდ პრობლემებში გაეხვია და ამის შემდეგ გახდა ასეთი.

 

რა პრობლემებში გაეხვია?

- ცნობილია, რომ მას მოუვიდა ავტოავარია. ამის შემდეგ ის აღმოჩნდა ამ დიასპორაში. მე ასე ვთვლი, რომ ავარიის შემდეგ ამ კაცს რუსეთის სპეც-სამსახურები სათავისოდ იყენებენ. მას აკეთებინებენ პროვოკაციულ განცხადებებს ჯავახეთთან დაკავშირებით. არადა მას ჯავახეთთან არანაირი კავშირი არა აქვს.

 

რატომ არა აქვს? თქვენ ხომ გვითხარით წარმოშობით ახალციხიდან არისო...

- საქმეც მაგაშია, რომ ახალციხიდან არის. ახალციხე კი ჯავახეთი არაა. ახალციხე არის სამცხე. ეს კაცი გამოდის და ჯავახეთის სახელით ლაპარაკობს. ეს ჯავახელების უკმაყოფილებას იწვევს.

 

რატომ იწვევს მათ უკმაყოფილებას. რაკი ჯავახეთიდან არ არის და მისი სახელით ლაპარაკობს?

 - მათ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ის სიცრუეს ლაპარაკობს. ჯავახეთში და მთლიანად საქართველოში ყველა კარგად ხვდება თუ რას ემსახურება ეს განცხადებები.

 

რას ემსახურება?

- რუსეთის ხელისუფლებას ყურადღების გადატანა სურს. მათ ჩრდილოეთ კავკავკსიის ტერიტორიაზე ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. რუსეთის მოსახლეობა დაიღალა ამ ომით. ყოველდღე რაღაცა საშინელებები ხდება. ამიტომ უნდათ, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან სადმე სხვაგან გადაიტანონ ყურადღება. მე ძალიან გამაკვირვა იმ განცხადებამ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაკეთდა. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ საქართველო აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.

 

თქვენ ჰეიდარ ჯემალის განცხადებაზე საუბრობთ?

 - მის განცხადებაზე ვსაუბრობ. მან ერთ-ერთ მედიასაშუალებას ინტერვიუ მისცა. სადაც ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველო აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობას აპირებდეს. ეს განცხადება რუსულმა მედიამ ძალიან ფართოდ გააშუქეს. ჰეიდან ჯემალი რუსეთში ძალიან პოპულარული ადამიანია. ის გახლავთ ამ ქვეყნის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე. ის რომ ასეთ განცხადებას აკეთებს შემთხვევითი არაა. რუსეთს რაღაცა ძალიან ცუდი აქვს ჩაფიქრებული. თავად ჯემალის რაც შეეხება, ის ყოველთვის აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას. საუბარია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ახორციელებდა. ახლა ჩეჩნეთი დაავიწყდა და საქართველოზე დაიწყო საუბარი. მისი ინტერვიუ რომ წავიკითხე ეს კაცი ვეღარ ვიცანი. ის არა როგორც ისლამური კომიტეტის თავკაცი, არამედ როგორც რუსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ლაპარაკობდა. ხომ გეუბნებით კრემლს ერთი მიზანი აქვთ, უნდათ რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ყურადღება სხვაგან გადაიტანონ. ამ შემთხვევაში სამიზნედ სამხრეთ კავკასია ამოიღეს. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ როგორმე რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. უნდათ, რომ ყველა ყველას დაუპირისპირდეს.

 

ეს ჰეიდარ ჯემალი რა ეროვნების კაცია?

- მოსკოველია. და თუ არ ვცდები წარმოშობით დაღესტანიდან არის. ის ბრწყინვალედ, უაქცენტოდ ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ის ძალიან ჭკვიანი ფილოსოფიური მოღვაწეა. რომელიც როგორც უკვე გითხარით მკაცრად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში. თავისი განცხადებებით მან რუსეთის ხელისუფლებას დედა უტირა.

 

ახლა ჩრდილოეთ კავკასიაზე საერთოდ აღარ საურობს?

- ძალიან იშვიათად. ახლა როგორც ჩანს პროფილი შეიცვალა. უფრო დიდი ალბათობაა, რომ შეაცვლევინეს.

 

ვინ შეაცვლევინა?

- რა თქმა უნდა რუსეთის სპეცსამსახურებმა.  მათ აღარ უნდათ, რომ მოსახლეობა შიდა პრობლემებზე ფიქრობდეს. ოფიციალური რუსეთიც კი ვეღარ უარყოფს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ომია.

 

როდის აღიარა რუსეთმა რომ იქ ომი მიდის. ამბობენ რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ.

 - იქ ყოველდღე 3-4 ადამიანს მაინც კლავენ. ხან მსხვრპლის რაოდენობა კიდევ უფრო დიდია. ამას ოფიციალური რუსეთიც კი ვერ უარყოფს. ამით ის აღიარებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიდის ომი. ამით მოსახლეობა დათრგუნულია. გადაწყვიტეს ყურალღება გადაიტანონ მოგონილ თემებზე. თუმცა ეს ყველაფერი მარტო ყურადღების გადასატანად არ არის. აქ უფრო შორს მიმავალ გეგმებთან გვაქვს საქმე.

 

რა გეგმებთან?

- ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ამიერკავკასიაში გადამწყვეტ როლს აღარ თამაშობს. აქ მისი გავლენა ყოველდღე სუსტება. რაც დრო გავა ეს გავლენა კიდევ უფრო შემცირდება. კრემლს ამასთან შეგუება არ უნდა. ცდილობენ რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო დაატაკონ ერთმნეთთან. აქ არეულობა თუ იქნა რუსეთმა შეიძლება თავისი გავლენა ისევ დაიბრუნოს. რასაც არც თბილისი, არც ბაქო და არც ერევანი არ დაუშვებენ.

 

მოდით ისეთ ჯავახეთთან დაკავშირებულ განცხადებებს დავუბრუნდეთ. ამ განცხადებებს შეიძლება მოჰყვეს რაიმე პროვოკაცია?

- ჯავახეთთან დაკავშირებული განცხადებები ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მათ სურთ, რომ საქართველოში ანტისომხური განწყობა გაჩნდეს. უნდათ, რომ ქართველები და სომხები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენი ერები ამას არ იზამენ. რუსეთისგან კი პროვოკაცია ყოველთვის მოსალოდნელი. მათ პროვოკაციების გარეშე არ შეუძლიათ. თუმცა ამჯერად მათ ჯავახეთში პროვოკაციის მოწყობა ძალიან გაუჭირდებათ.

 

რატომ გგონიათ, რომ გაუჭირდებათ?

- იმიტომ რომ ამ რეგიონს საქართველოს ხელისუფლება სათანადო ყურადღებას უთმობს. ჩადით და ნახეთ, როგორ გზები დააგეს იქ. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები... უამრავი კარგი რამე გაკეთდა. ხალხი ძალიან კმაყოფილია. იქ სადაც მოსახლეობა კმაყოფილია პროვოკაციის მოწყობა ძალიან ძნელია.

 

რუსეთისთვისაც ძნელი იქნება?

- ძალიან ძნელი იქნება. ისინი თავისას ალბათ მაინც ეცდებიან. ოღონდ უნდა იცოდნენ, რომ არაფერი არ გამოუვათ. ჯავახეთში საქართველოს საწინააღმდეგო განწყობა არ არის.

 

რაღაცა გამოსვლები ხომ იყო ამ რეგიონში?

- ამ გამოსვლებზე რამდენჯერ მაქვს განცხადება გაკეთებული. ეს იყო რუსების სპეცსამსახურების პროვოცირებული. ისიც კარგად ვნახეთ, რომ მოსახლეობამ მათ მხარი არ დაუჭირეს. მხარდაჭერა მათ არც მომავალში ექნება. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი ჯავახეთში არეულობას ვერ გამოიწვევს. ჯავახეთი მეორე მთიანი ყარაბაღი არ გახდება. ამის თქმის საბაბს მე იქაური მოსახლეობის განწყობა მაძლევს. ამ საკითხზე ასეთ თამამად იმიტომ ვსაუბრობ, რომ არეულობაზე განცხადებებს მარტო რუსეთში კეთდება. ან ის ძალები აკეთებენ, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული.

 

ოფიციალური ერევანი რას ფიქრობს ჯავახეთის პრობლემასთან დაკავშირებით?

- რა პრობლემასთან? ჯავახეთში პრობლემა არ არსებობს. ადრე იყო პრობლემები, რომლებსაც სოციალური ხასიათი ჰქონდა. საქართველოს ხელისუფლებამ ესყველაფერი მოაგვარა.

 

თქვენ არ მიპასუხეთ, როგორია ოფიციალური ერევნის პოზიცია?

- ოფიციალური ერევნის პოზიცია საქართველოსთან მიმართ არის მხოლოდ დადებითი. სომხეთის ხელისუფლებამ ბევრჯერ განაცხადა, რომ მას საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა.

 

პოლიტიკური პარტიების პოზიცია როგორია?

- ისეთივე როგორიც ხელისუფლების. პარტიების 99%-ს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურთ. ომი და დაპირისპირება ამიერკავკასიაში არავის არ უნდა, არც თბილისს, არც ბაქოს და არც ერევანს. ომი ამ რეგიონში მხოლოდ რუსეთს აწყობს. პროვოკაციების მოწყობას ურჩევნიათ საკუთარ ქვეყანას მიხედონ. ასევე კარგი იქნება თუ პლაგიატობას დაანებებს თავს მათი ხელისუფლება.

 

ამაში რას გულისხმობთ?

- ამ დღეებში გამოვიდა მედვედევი და თქვა ტექდათვალიერება რუსეთში არ უნდა იყოსო.

 

მერე ეს არის პლაგიატობა?

 - პლაგიატობაა აბა რა არის. ამაზე ჩვენმა პრეზიდენტმა 6 წლის წინ გააკეთა განცხადება. ტექდათვალიერება ჩვენ უკვე დაგვავიწყდა. მედვედევმა კი ახლა დაიწყო ამაზე საუბარი. საქართველოში ხომ არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამსახური. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიმართოს.

 

რის გამო მედვედევი ტექდათვალიერების გაუქმებას რომ ითხოვს?

- მარტო ამიტომ არა. საკმარისია, ჩვენმა ხელისუფლებამ გაატაროს რამე რეფორმა რომ ისინიც იმეორებენ.

 

გინდათ თქვათ, რომ რუსებს არა აქვთ რეფორმების გატარების უფლება?

- როგორ არა აქვთ. ოღონდ ფაქტია, რომ ყველაფერს ჩვენი მიბაძვით აკეთებენ. გააკეთონ, მაგრამ თქვან რომ საქართველოში გატარებული რეფორმის საფუძველზე ვაკეთებთო. ამ პლაგიატობაზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ხმა უნდა ამოიღოს. მითუმეტეს მაშინ როცა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აპირებს გაწევრიანებას. ეს ქვეყანა პროვოკაციების მოწყობაზე დიდ ფულს ხარჯავს. ურჩევნიათ ეს ფული თავიანთი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. უბრალოდ სირცხვილია ის გზები, რაც მათ აქვთ.

 

რა გზები აქვთ ამისთანა?

- მოსკოვს როგორც კი გასცდები 40 კილომეტრში საშინლად დანგრეული გზებია. ადამიანი ვერც კი იფიქრებ, რომ 21 საუკუნეში ცხოვრობ. სხვა ქვეყნებში სიტუაციის არევას ჯობია ამას მიხედონ. რუსეთი ყველასთვის სახიფათოა. მე მჯერა, რომ ამიერკავკასიაში ისინი ვერაფერს ვერ გახდებიან.