ჰეიდარ ჯემალი: საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამხობის გეგმა მზადდება

ჰეიდარ ჯემალი: საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამხობის გეგმა მზადდება

რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე, პოლიტოლოგი  ჰეიდარ ჯემალი  28 აპრილს, აზერბაიჯანული სააგენტო “სალამნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ, არსებული მონაცემებით, საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა მზადდება: “საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა.”

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საელჩოში, მოქმედებს ცენტრი, რომელიც ამ საქმიანობას კურირებს და მასზე პასუხისმგებელი ბაქოში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ამერიკელი ქალია. იგი იმყოფება “შტაბში” და მის მოვალეობაში შედის აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან კონტაქტი.

 

ჰეიდარ ჯემალი ასევე აცხადებს, რომ ამ დროისათვის, საქართველოში ახალგაზრდა აზერბაიჯანელების რიგებიდან ფორმირდება დანაყოფი, რომლის სახელწოდებაც თარგმანში “წინააღმდეგობას” ნიშნავს. ისინი ელოდებიან ბრძანებას, დაიწყონ ხისტი და გადამწყვეტი მოქმედებები აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობად. “ვერსია” ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად და ზოგიერთი დეტალის გასარკვევად ჰეიდარ ჯემალის მოსკოვში დაუკავშირდა.

 

აზერბაიჯანული სააგენტოსალამნიუსისთვისმიცემულ ინტერვიუში თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამხობის გეგმა მზადდება. რას ეყრდნობა თქვენი განცხადება?

- დიახ, ასე განვაცხადე. საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამხობის გეგმა მზადდება. საიდან მაქვს ინფორმაცია, არ გავამჟღავნებ.

 

პირდაპირ ამტკიცებთ, რომ ამ საკითხზე პასუხიმგებლობა გიგა ბოკერიას დაეკისრა...

- დიახ, ასეა, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ინფორმატორს არ გავამჟღავნებ.

 

რატომ მაინც და მაინც ბოკერია?

- ინფორმაცია ასეთია და რატომ, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. ასეა თუ ისე, ეს ფაქტები უნდა გადამოწმდეს. მე რომ შეთქმულების მონაწილე ვყოფილიყავი, მაშინ ფაქტებით შემეძლო მელაპარაკა, მაგრამ მისი მონაწილე არ ვარ,  ამიტომაც უნდა გაადმოწმდეს.

 

აცხადებთ, რომ აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოში, ზის ქალი, რომელიც ამ საკითხებს კურირებს. მისი დასახელება მაინც თუ შეგიძლიათ?

- ის ამერიკელია და ძალიან კარგად იცის ქართული. მის მოვალეობაში აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან კონტაქტები შედის.

 

თქვენი განცხადებით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ახალგაზრდობასაც ამზადებენ ბაქოს ამბოხში მონაწილეობისთვის. ეს ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?

- დიახ, ასეა, მაგრამ ინფორმატორს ვერც ამჯერად გავამჟღავნებ.

 

მაშინ ეგებ ის მაინც გვითხრათ, რისი გამჟღავნება შეგიძლიათ?

- შემიძლია გაგიმეოროთ ის, რაც “სალამნიუსს” ვუთხარი. ეს ინფორმაციათა ის პაკეტია, რომელიც მე გამაჩნია. ინფორმაცია გადასამოწმებელია. თუ მისი თუნდაც 10% მაინც სინამდვილეს შეესაბამება, ეს ძალზე საგანგაშოა და აუცილებლად გადამწყვეტი ზომებია მისაღები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მხედველობაში მყავს საქართველოს პრეზიდენტი.

 

ბუნებრივია, ზომები მისაღებია აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდანაც, რადგანაც მსგავსი ტიპის პოლიტიკური თამაშები სამხრეთ კავკასიაში დაუშვებელია და ძალზე სახიფათო.

 

თქვენი მტკიცებით, ამ ყველაფრის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. რატომაა ვაშინგტონი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დამხობით დაინტერესებული?

- ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესებული არიან, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სიტუაცია ააფეთქონ.

 

ეს შეერთებული შტატების იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში “მართვადი ქაოსი” ჰქვია. ეს არის მცდელობა, რომ საერთო წესრიგის დესტაბილიზება მოახდინო და იმ გეგმიურ პროცესებში შექმნან სირთულე, რამაც აშშ-ს ის ხარჯები უნდა აარიდოს თავიდან, რომლებსაც განახორციელებდა, თუ შეეცდებოდა სიტუაცია პირდაპირ ემართა და ყველაფერი საკუთარი ინტერესების ქვეშ მოექცია. იმ შემთხვევაში, როცა  ყოველივე ეს უკვე მათთვის შეუძლებელი ხდება, სხვა ტაქტიკაზე გადადიან. კონკრეტულად, იწყებენ ომს ყველა-ყველას წინააღმდეგ, ანუ სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენენ და ამით გამოსავალს ეძებენ იმ გეოსტრატეგიული ჩიხიდან, რომელშიც აღმოჩნდნენ.

 

ვინ დგას ყოველივე ამის ამერიკის შეერთებულ შტატებში - სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თუ თავად პრეზიდენტი ობამა?

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რესპუბლიკური  ნეოკონსერვატიული ფრთის ინტერესებშია, რადგანაც სწორედ ისინი არიან დაინტერესებულნი ამერიკის შეერთებული შტატების ირგვლივ მწვავე დაძაბულობის შექმნით და ობამას  პოლიტიკის დისკრედიტირებით. მათ სურთ შექმნან ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ობამას არაკომპეტენტურობა გამოჩნდება, რათა მომავალ არჩევნებში უკვე მათ გაიმარჯვონ. ასეთია მათი გეგმები.

 

დავიჯეროთ, ობამა საპირისპირო ზომებს არ იღებს?

- ობამას ადმინისტრაცია გარკვეულწილად ხელ-ფეხშეკრულია, რადგანაც ამ სტრუქტურაში დემოკრატთა მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლებიც არიან.

 

კერძოდ?

- კერძოდ, თავად ჰილარი კლინტონი, რომელიც, პრაქტიკულად, რესპუბლიკელთა მოკავშირეა. იგი დემოკრატთა უკიდურესად მემარჯვენე ფრთაზეა. პრინციპში, მისი გეოსტრატეგიული თვალთახედვა ყოფილი პრეზიდენტის (ბუშის, - ავტ.) თვალთახედვისგან  დიდად არ განსხვავდება.

 

ინტერვიუში სომხეთიც ახსენეთ. ამ შემთხვევაში, ცხადია, არამარტო მას, არამედ, ალბათ, ამერიკის სომხურ ლობისაც გულისხმობდით?

- სომხეთი უფრო კონკრეტული დასახელებაა, ვიდრე არსებული რესპუბლიკა. თუმცა, ამ შემთხვევაში მხედველობაში მქონდა, უშუალოდ, სამხრეთ კავკასია, რადგანაც ის მოვლენები, რომლებიც აზერბაიჯანის მიმართულებით უნდა განვითარდეს, იგულისხმება ლოკალური სიტუაციები, ლოკალური კონფლიქტები, რომლებშიც დიასპორა უკვე, უშუალოდ, პირდაპირ როლს არ თამაშობს.

 

რაც შეეხება საქართველოს კავშირების განმტკიცებას სომხეთთან, იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანის მისამართითაც. მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბაქოში უფრო ხშირად ჩადიან. კერძოდ, ამჟამად იქ იუსტიციის მინისტრია ჩასული. თავდაცვის მინისტრი ერევანში რომ ჩავიდა, ამაში განსაუთრებულს რას ხედავთ?

- სრულიად გარკვევით ვთქვი კონკრეტულ ვიზიტზე. შეხვედრები, ბუნებრივია, მუშა გრაფიკით მიმდინარეობს და ეს არაფერს ცვლის. ცნობილია, რომ ლიბიაში ცნობილი მოვლენების დაწყებამდე კადაფის მშვენიერი ურთიერთობები  ჰქონდა სარკოზისთან და ბერლუსკონისთანაც. ამას ამ უკანასკნელებისთვის ხელი არ შეუშლია ამჟამად ლიბიისა და კადაფის რეზიდენციების დამომბვებში მონაწილეობის მიღებაში. 

 

საქართველო ხომ ბევრი რამით იგივე აზერბაიჯანზეა დამოკიდებული და რატომ უნდა ჩაუდგეს ალიევის საწინააღმდეგო მოძრაობას, რას მოიგებს ამით?

- საქართველო მხოლოდ წააგებს. სამწუხაროდ, ყველა გადაწყვეტილება, რასაც იღებენ ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. ბევრი გადაწყვეტილება გარე ფაქტორების ზეწოლით მიიღება.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, თინა ქეიდენაუს თბილისში ვიზიტსაც ამ საკითხს ხომ არ უკავშირებთ, რადგანაც იგი აქ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ამერიკის ელჩებსაც შეხვდა?

- დიახ. ამ ვიზიტის შესახებ საქმის კურსში ვარ. მათთან ასევე არიან “ფერადი რევოლუციების” საკითხებში სპეციალისტებიც. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი  ამასთანაა დაკავშირებული.

 

გამოდის, როგორც ინტერვიუში აღნიშნეთ, თუ რაიმე არ იღონა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, ოპოზიცია 28 მაისისთვის ალიევის დასამხობად აქტიურ მოქმედებებს დაიწყებს?

- 28 მაისისთვის იგეგმებოდა, ხოლო 29 მაისს, ლონდონში, აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდებოდა, რომელზეც ჰილარი კლინტონი უნდა გამოვიდეს, იქ მან აზერბაიჯანის ოპოზიციის ქმედებებს და იქ არსებულ მდგომარეობას, მთავრობასთან არსებულ სიტუაციას შეფასებები უნდა მისცეს.

 

მოვლენათა განვითარებაზე თქვენეული პროგნოზები როგორია?

- გადაუმოწმებელი ფაქტებიდან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება როგორ შემიძლია? ეს, უშუალოდ, კომპეტენტური ორგანოების ამოცანაა. სანამ ფაქტები არ გადამოწმდება, პროგოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ.