ვის დარჩება კაზინო ,,აჭარა'' და რატომ იყო ჩამოსული საქართველოში დავით იაკობაშვილი

ვის დარჩება კაზინო ,,აჭარა'' და რატომ იყო ჩამოსული საქართველოში დავით იაკობაშვილი

რატომ გააუქმეს სამორინეში ,,ვიპ-ოთახი'' და ვინ ცდილობს ,,აჭარის'' ჩაძირვას  

კაზინო ,,აჭარას'' გარშემო ატეხილი სკანდალი თითქოს მიწყნარდა, მაგრამ რეალურად ბრძოლა კულუარებში გრძელდება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაზინო ,,პარტერშია'' გადაყვანილი და მისი ჩაძირვის პროცესი მიმდინარეობს. ოფიციალურად კი გაიხსნა და სტუმრებსაც ელის, მაგრამ... გახსნის მეორე დღეს სამორინეში 4 სათამაშო მაგიდა და 34 აპარატი აიღეს. ეს კი იმის გამო გააკეთეს, რომ მიმსვლელთა რიცხვი ძალიან შემცირდა. ჯერ ერთი, ამდენი ხნის განმავლობაში დაკეტილ კაზინოს მუდმივი კლიენტები აღარ სწყალობენ და მათ სხვა კაზინოები არჩიეს და მთავარი - ,,აჭარას'' ოფიციალურად აუკრძალეს ე.წ ვიპ-ოთახის გახსნა. ,,ვიპ-ოთახი'' ყველა კაზინოშია და ის განსაკუთრებული კლიენტებისთვის არის განკუთვნილი. ცნობად სახეებს, ან უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან დიდ ფულზე სურს თამაში, არ უნდათ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ამიტომ, ,,ვიპ-ოთახს'' ამჯობინებენ, სადაც მხოლოდ თავად და კრუპიე იქნებიან, თუმცა... 
,,ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ,,ვიპ-ოთახის'' გახსნა, აგვიკრძალეს, ის გახლავთ, რომ თურმე გარედან არ ჩანს ვინ თამაშობს ამ ოთახში. არადა, მთელი ხიბლი სწორედ ის არის, რომ არ ჩანს, ვინ თამაშობს, რადგან ადამიანებს, ვისაც არ სურთ გამოჩენა, არანაირად არ უნდათ, ,,ვიპში'' გარედან ჩანდნენ და ყველამ შენიშნოს. ამის დასტურად შეგვიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები შემოვიდნენ, თითომ ათი ათას დოლარზე მეტი დაახურდავა, მაგრამ როგორც კი ვუთხარით, რომ ,,ვიპ-ოთახი'' არ გვქონდა, თანხა დაიბრუნეს და სხვაგან წავიდნენ'', - გვითხრა კაზინოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. მანვე განმარტა, რატომ აიღეს სათამაშო მაგიდები და აპარატები: ,,თითო აპარატზე კვარტალში 8 ათასი ლარია გადასახდელი, თითო მაგიდაზე კი - 30 ათასი. რულეტკის მაგიდის გადასახადი 48 ათასია. იმის გამო, რომ კლიენტები აღარ დადიან, აპარატები და მაგიდები უქმად იდგა და ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეღო, რათა ხარჯი შევამციროთ. ამასთან, იმ თანამშრომლების ნაცვლად, რომლებიც სამსახურიდან მიდიან, ახლებს ვერ ვიღებთ, რადგან არც საჭიროება გვაქვს და არც შენახვის თავი. კაზინო ,,აჭარა'' იძირება და სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ, სხვა მფლობელი ეყოლება, რომელსაც ,,ვიპ-ოთახსაც'' გაახსნევინებენ და ფინანსურიდან ერთბაშად 40 თანამშრომელიც არ დაესხმება თავს''. 
კაზინოს წარმომადგენელმა ისიც გაგვიმხილა, რომ გასულ კვირას, საქართველოში კაზინოს მფლობელი, დავით იაკობაშვილი იყო ჩამოსული და რამდენიმე შეხვედრა გამართა, თუმცა საიმედო ვერაფერი მოისმინა. მისი ვარაუდით, ლიცენზიას, რომელსაც ვადა წლის ბოლოს გასდის, აღარ გაუგრძელებენ და თუ გაუგრძელებენ, ,,აჭარას'' ისეთ პირობებში ჩააყენებენ სხვა კაზინოებთან მიმართებაში, რომ აზრი არ ექნება მუშაობას. 
,,ჩვენი ინფორმაციით, კაზინო შესაძლებელია კიდევ ერთხელ გაიყიდოს. ამბობენ, რომ მისი ხელში ჩაგდება იმ პირებს სურთ, რომლებიც ენერგეტიკის მინისტრთან, კახა კალაძესთან მეგობრობენ. მეტიც, იაკობაშვილს პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე დაჰყვებოდა კახას მეგობარი და თუ ვინმე ამიხსნის რატომ, კმაყოფილი ვიქნები'', - განმარტავს ,,ვერსიის'' წყარო. უკვე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იაკობაშვილი კაზინოში თავადაც იყო მისული და მენეჯერებთან საიდუმლო თათბირი გამართა. თათბირს მხოლოდ მენეჯერები ესწრებოდნენ და იაკობაშვილმა ოთახიდან დაცვის წევრებიც კი დაითხოვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ბიზნესმენს საქართველოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ყოფილი ,,ლიჩნიკები'' იცავენ და მუდმივად გვერდით დაჰყვებიან. იაკობაშვილი კი ამბობს, კაზინო მთლიანად ჩემია, კეზერაშვილისგან წილი სრულად გამოვისყიდეო, მაგრამ ფაქტია, რომ მას თავდაცვის ექსმინისტრთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დაცვის ყოფილ წევრებს საკუთარ სიცოცხლეს არ ანდობდა. კაზინოს თანამშრომლები აქტიურად ეძებენ ახალ სამუშაო ადგილებს, რადგან კულუარულად იციან, რომ ახალი წლის შემდეგ, სამორინეში, როგორც თანამშრომელთა, ისე მენეჯმენტის ახალი წარმომადგენლები შევლენ.