ქართულმა პოლიტელიტამ გართობის ახალ ხერხს მიაგნო - როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, პოლიტიკური “ფეისები” “უიქენდებს” ბათუმში ატარებენ. “ქართული სიტყვის” ბათუმელი ინფორმატორის ცნობით, დასვენების დღეებში ბათუმის ორი დიდი სასტუმროს - “შერატონისა” და “ინტურისტების” ავტოსადგომები შავი “ჯიპებით” ივსება.
“ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლი “მძიმე” სამუშაო კვირის შემდეგ, ოჯახთან ერთად სტუმრობს აჭარას. ზოგისთვის კი, ოჯახისაგან დასვენება უფრო მისაღებია და “გამრთობებებთან” ერთად ჩამოდის”, - ამბობს ინფორმატორი.
მართალია, არც საზღვაო სეზონია და არც - დასვენებისთვის ხელსაყრელი ამინდები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბათუმური ღამის კლუბები მაინც გადაჭედილია და კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისელი “ცნობადი სახეა”. ერთ-ერთი ღამის კლუბის დიჯეი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ ისეთი ხალხმრავლობა, როგორიც შაბათ-კვირას მის კლუბშია, სეზონის დროსაც არ ახსოვს.
“სტუმრები, ძირითადად, თბილისელები არიან, ქალებთან ერთად მოდიან და დროს მშვენივრად ატარებენ. მათი უმეტესობის სახელი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ტელევიზიით ხშირად ვხედავ და ვიცი, რომ ზოგი მთავრობის, ზოგიც პარლანმენტის წარმომადგენლია.
მათი თანმხლები ქალბატონებიც გეცნობათ?
- ხშირად მათი სახეებიც მეცნობა, თუმცა უმეტესად უცნობი ქალბატონები ახლავთ. ზოგჯერ თბილისელები ღამის კლუბში ბათუმელი ქალების თანხლებითაც შემოდიან...
ჩინოსნები როგორ იქცევიან? მორიდებულები არიან?
- რატომღაც ჰგონიათ, რომ ბათუმი სხვა ქვეყანაა, მათ არავინ იცნობს და ხშირად უფრო თამამადაც იქცევიან, ვიდრე თურქები, რომლებსაც “მიაქვთ” ბათუმური კლუბები.”
“ნაციონალთა” “ბათუმურ ღრეობებზე” არანაკლებ ინფორმაციას ფლობს “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც ბათუმიდან ახლახანს დაბრუნდა.
თემურ შაშიაშვილი: “იმის თქმა, რასაც ახლა გეტყვით, არ მიხარია, მაგრამ არ ვიცი, ასეთი თავხედი და საკუთარი ქვეყნის მტერი ხელისუფლება საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ჰყოლია თუ არა. ამ ამბავს, ალბათ, ბოლშევიკების მოსვლის პირველ პერიოდს თუ შევადარებთ, თუმცა ამათ ბოლშევიკებსაც გადააჭარბეს. ამ ხალხისთვის აჭარა საქართველო უკვე აღარაა - აჭარაში ისე მიდიან, ისინი როგორც - უცხოეთში. ბათუმში ორი დღე ვიყავი და იმის გამო, რაც საჯარო შეხვედრებზე მოვისმინე, უაღრესად დამძიმებული ვარ!
ასეთი რა მოისმინეთ?
- პროსტიტუციის დონე ბათუმში ძალიან მაღალია. ქალები არა მარტო ქუჩაში არიან გამოსულნი, არამედ, მათ თურქები სცემენ და იმ ფულსაც არ უხდიან, რასაც მომსახურებისთვის შეჰპირდნენ. პოლიცია კი, თურქებს კი არა, ამ ქალებს იჭერს. ამის შესახებ ის ადგილობრივები ჰყვებიან, ვინც პატარა-პატარა სასტუმროებთან ცხოვრობს...
ამ დროსთვის ბათუმში, რელურად, 18 ათასი თურქი ცხოვრობს. იქ ყველაფერი თურქების მიერაა აშენებული. თუქრების პატრონი და დიდი მხარდამჭერი პრეზიდენტის დედაა. ხალხი ითხოვს, სადაც იუნკრები არიან დასაფლავებულნი, იქ მეჩეთს ნუ ააშენებთო, მაგრამ ხალხს ყურს არავინ უგდებს და მეჩეთს ქალაქის ცენტრში აშენებენ. ამ ადგილს თურქები “თურქულ უბანს” ეძახიან, ძველ ბათუმს კი - “ახალ სტამბულს”. ახლა აჭარის პარლამენტი, თურმე, ჩაქვში გადააქვთ და პარალამენტის შენობას ყიდიან, რომელსაც თურქი ყიდულობს. თურქები თვითმფრინავის იმ რეისს, რომელიც ბათუმიდან სტამბულში სრულდება, “შიდა რეისს” უწოდებენ. თურქეთის წინანაღმდეგი არ ვარ, ღმეთმა მისცეს საქართველოს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც თურქეთისთვის ერდოღანია, მაგრამ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ.
ისე, იცით, რომ ჩვენი ჩინოვნიკები ბარსელონა-რეალის თამაშზე პერსონალური თვითმფრინავებით მიდიან? მაინტერესებს, ხელისუფლებაში მოსვლამდე ფეხბურთზე საქართველოში თუ ყოფილან? ცხოვრება მოიწყვეს და არ მგონია, რომ ასე რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ცხოვრობდეს. ხშირად ამბობენ, საქართველოში წესრიგიაო. თუ წესრიგია, ასეთი დაცვით რატომ დადის პრეზიდენტი? თუ წესრიგია, ბობოყვათში, გზის ორასმეტრიან მონაკვეთზე რატომ უყენია ორმოცკაციანი დაცვა? თუ წესრიგია, იქ, სადაც პრეზიდენტის დედა და ბებია ცხოვრობს, დაცვა რატომ დგას? თუ საქართველოში წესრიგია, ბარამიძის შვილი მასწავლებელთან დაცვით რატომ დადის? პრეზიდენტო, დაცვით რომ დადიხარ, ისეთს რას აკეთბ, რომ ხალხის გეშინია?
ალბათ, გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება გვქონდა მე და ასლან აბაშიძეს, მაგრამ ხალხი ამბობს, ასლან აბაშიძემ ერთი კვადრატული მიწა არ გაყიდაო. საერთოდ, მასზე ისეთ რაღაცებს ამბობენ, რომ ლამისაა, აბაშიძე შემიყვარდეს! ხალხს ასლან აბაშიძე რომ მოენატრება, ეს არ არის დაქცეული ქვეყანა?”
მოკლედ, როგორც “ქართული სიტყვის” ინფორმატორები იუწყებიან, ბათუმში შავი “ჯიპების” გამოჩენა, ადგილობრივებს შიშის ზარს სცემს. როგორც ბათუმელები ამბობენ, ადრე ცენტრალური ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის ჩასვლა ახარებდათ, რადგან მაშინ მათი გამოჩენა თბილისსა და დანარჩენ საქართველოსთან დაახლოებას ნიშნავდა, ახლა კი ეს ვიზიტები მხოლოდ გართობასთან და ადგილობრივების, როგორც იტყვიან, “არაფრად ჩაგდებასთან” ასოცირდება.
კიდევ ერთი პარადოქსი - ხელისუფლება გამჭვირვალობაზე ლაპარაკობს და ლამის მთელი ქვეყანა შუშის შენობებით აავსო, თუმცა ამ გამჭვირვალობის მიუხედავად, “ნაციონალები” შავ “ჯიპებს” ვერ ელევიან. ასეთი ავტომანქანები კი, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, იდუმალებასა და უნდობლობსათან ასოცირდება.
თემურ შაშიაშვილი: “ყველაზე გამჭვირვალე შენობებში ყველაზე ბნელი ძალები სხედან. ესაა სწორედ მოჩვენებითობა, რაც ხალხს შიშს ჰგვრის. ამასწინათ, ხაშურში ვიყავი. ქალაქის ცენტრში, პოლიციის შენობის გარდა, არაფერია აშენებული. დააკვირდით: საქართველოში ყველაზე კარგ და ნათელ ადგილებზე ციხე, პოლიციისა და პროკურატურის შენობებია აშენებული... არისტოტელე ამბობდა, ყველას უნდა ეშინოდეს ბრბოს ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსისო და ეს ყველაფერი სწორედ ბრბოს ენაზე მოლაპარაკე ხელისუფლებამ გააკეთა!”