ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ შესაძლოა, მერვე მოწვევის პარლამენტში მესამე თანამდებობა შეითავსოს. for.ge-ს ინფორმაციით, ვოლსკი შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად დაინიშნოს.
წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ ვოლსკის ფრაქციის თავმჯდომარისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის პოსტების გარდა, უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაც ჩააბარონ.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, უმრავლესობის ლიდერის პოსტის დაკავების სურვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძეც გამოთქვამს, მაგრამ იმის გამო, რომ მას გუნდში „დიდი გავლენა“ არ აქვს, სავარაუდოდ, ის ამ თანამდებობის გარეშე დარჩება.
თავად ვოლსკის სურს თუ არა უმრავლესობის ლიდერობა, ამის გარკვევას for.ge უშედეგოდ შეეცადა, რადგან ვოლსკი კვაჭანტირაძესთან ერთად, ამჟამად სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის ლიდერის პოსტზე ვოლსკის კანდიდატურას მისი თანაგუნდელები მიესალმებიან. როგორც for.ge-ს დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემურ ჭკუასელმა განუცხადა, უმრავლესობის ლიდერობა ძალიან რთული საქმეა და ეს თანამდებობა იმ ადამიანმა უნდა დაიკავოს, რომელსაც პატივს სცემენ.
„მხოლოდ ძლიერი პოლიტიკოსობა საკმარისი არ არის. დავით საგანელიძე კარგი ლიდერი იყო და მისი შეცვლა ასე ადვილი არ იქნება. უმრავლესობაში ადამიანები არიან, რომელთაც ამ ტვირთის გაწევა შეუძლიათ, მაგრამ მათ ამის დიდი სურვილი არ აქვთ. გია ვოლსკის ამ პოსტის დაკავება სურს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუკი მას ამას პარტია დაავალებს, მას მხარს დავუჭერთ“, - აცხადებს ჭკუასელი, რომლის მსგავსად, ვოლსკის მხარდაჭერას აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე.
for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე აცხადებს, რომ ის ვოლსკის კანდიდატურას მიესალმება.
„უმრავლესობაში კოორდინაცია უნდა იყოს და საკითხი ვის სასარგებლოდაც არ უნდა გადაწყდეს, მან გუნდი უნდა შემოიკრიბოს, რათა საქმე გაკეთდეს“, - განაცხადა ფოფხაძემ, რომლის მსგავსად, for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მას ვოლსკის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
სანიკიძე ფიქრობს, რომ უმრავლესობის ლიდერის თაობაზე გადაწყვეტილება კოალიციურ რეჟიმში მიიღება, ხოლო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ წამყვანი სიტყვა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ტყემალაძე ირწმუნება, რომ საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა.
„საგანელიძე სხვა პოსტზე გუშინწინ გადავიდა და არ მგონია, რომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად უნდა მიგვეღო. „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდება და კანდიდატს გვეტყვიან“, - განუცხადა for.ge-ს ტყემალაძემ, რომლის მსგავსად, თემურ მაისურაძემ არ იცის, ვინ იქნება უმრავლესობის ლიდერი.
მაისურაძის თქმით, უმრავლესობის ლიდერის შესახებ გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს.
„ჩემთვის ვოლსკის კანდიდატურა მისაღებია, რადგან მასთან მუშაობის პრობლემა არ მაქვს. მასთან ყველა სფეროში მუშაობა ადვილია“, - დასძენს მაისურაძე.
უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია უმრავლესობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს. როგორც for.ge-ს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, საგანელიძის წასვლა არაფერს შეცვლის და „ქართულ ოცნებას“ ისევ კოორდინაციის პრობლემა ექნება.
„საგანელიძე ლიდერი არც არასოდეს ყოფილა, ხელისუფლებას და უმრავლესობას ერთი ლიდერი ჰყავს“, - დასძინა ჯაფარიძემ, რომელსაც მხედველობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გახდა, რომლის დაწიანურებაზეც for.ge ჯერ კიდევ მაისის ბოლოს წერდა.