ხოშტარიას და ფოფხაძეს მოშივდათ და დაიშალნენ

ხოშტარიას და ფოფხაძეს მოშივდათ და დაიშალნენ

ოპოზიციურ პარტიებს შორის შანტაჟი - „შიმშილი გამძლეობაზე“ - ჩავარდა. ელენე ხოშტარიამ 30 ივნისს შიმშილი შეწყვიტა, ვინაიდან 8 ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ აპირებდნენ, თავიანთი უარი კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს „თავგადადებულ“ კოლეგას.

„მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას“ - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას შიმშილობასა და მის მიმართვებს უპასუხა.

ხოშტარიას განცხადებამ, რომ შიმშილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტდა თუ ოპოზიცია ერთიანად ბოიკოტს გამოუცხადებდა არჩევნებს, ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირება გააღრმავა. კრიტიკული ტონი გაჟღერდა როგორც „ლელოს“, ისე გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან.

გიორგი გახარიას და „ლელოს“ პარტიების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ამ 8 პარტიის ლიდერებთან ერთად არ გამოჩენილან.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტი არის ხელისუფლების დელეგიტიმაციის ერთადერთი სწორი ფორმა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა – მისი ლეგიტიმაციის მექანიზმი.

„თუ ვამბობთ, რომ დელეგიტიმაციაზე ვმუშაობთ, ბოიკოტი არის მისი ფორმა. არჩევნებში მონაწილეობა კი – ლეგიტიმაციის ფორმა. ეს ისეთივე მარტივი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია. პოლიტიკაში ყველაზე არასწორი საქციელი არის თავის მოტყუება. რეჟიმს უნდა ებრძოლო თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ – ეს იძლევა შედეგს. კეკლუცობა და მისი ლეგიტიმაცია კი იძლევა ცუდ შედეგს და აძლიერებს რეჟიმს“,-ამბობს ის.

ფოფხაძე ხაზს უსვამს, რომ ბოიკოტს კამპანიური და სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია წყვეტს შიმშილობას და პოლიტიკურ პროცესში აღარ მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია.

„ხოშტარიას მოქმედება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც შიმშილობა არა ხელისუფლების, არამედ თავად ოპოზიციური ბანაკის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად, კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდი განვითარება. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ოთხი პარტია, 40 ენჯეო, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი“, ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 „ქართველი ხალხი“ გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი კიდევ უფრო ცხადყოფს ოპოზიციური სპექტრის სუსტ კოორდინაციას და სტრატეგიულ უთანხმოებებს. ერთ მხარეს დგას ხოშტარიას მოწოდება - მკვეთრი, ბოლომდე მისაყვანი პოზიცია ბოიკოტის გზით, მეორე მხარეს კი პარტიები, რომლებიც საპროტესტო პოტენციალის შენარჩუნებას არჩევნებში მონაწილეობით ცდილობენ.

ოპოზიციის უაზრო ქცევები, გადაწყვეტილებები და შეცვლილი პოზიციები უკვე პოლიტიკურ გაკოტრებასაც კი აღარ განეკუთვნება. ეს არის ბოლო ეტაპი, როცა არჩევნები გახდება საშუალება, ყველამ ხელი ვკრათ და ვთქვათ უარი მოჩვენებით ოპოზიციაზე, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელია“, – აღნიშნავს ქადაგიძე.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური ძალა სამწუხაროდ არ წარმოადგენს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და ეს პროცესები 2003 წლიდან დაიწყო.

„ოპოზიცია უკვე წლებია ემსახურება მხოლოდ უცხო ძალებს, მოქმედებს მათი მითითებებითა და დღის წესრიგით. ხოშტარიასა და ფოფხაძის ე.წ. შიმშილობა, ალბათ, ახალი ქართული ინოვაციაა – როცა ოპოზიციის წევრები შიმშილობენ ოპოზიციის წინააღმდეგ. მიხვდნენ, რომ ეს აბსურდი იყო და სასაცილოდაც არ ეყო არავის. ახლა თითქოს შიმშილობა შეწყვიტეს, რადგან 8 ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებსაც 1%-იანი მხარდაჭერაც არ აქვთ, არჩევნების ბოიკოტს მიაღწიეს. და ახლა იმ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უნდა შეიქმნას რაღაც პლატფორმა? ვინმეს საერთოდ აინტერესებს ეს ხალხი?“ – ამბობს ქადაგიძე.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რადიკალური პოლიტიკური კლასი ისეთ მარაზმშია ჩავარდნილი, რომ მათი მორალური სახე საზოგადოებისთვის სრულად ჩანს.

„პოლიტიკის ხიბლი პატრიოტიზმია, პრინციპულობა, ღირსებაა. საქართველოში კი დღეს აგენტოკრატია, უპრინციპობა და დეკლარირებული ღალატია. ოპოზიციური ლიდერების ნაწილი თაღლითია და ეს ხალხმა კარგად იცის უკვე წლებია. ნაწილი კი პირდაპირ აცხადებს, რომ აგენტები არიან. ზოგი ამერიკის აგენტობას ადასტურებს ღიად და ამბობს, ამ ქვეყნის აგენტობა გვირჩევნიაო სხვა ქვეყნისას. ესენი არიან მორალურად გაკოტრებული, უღირსი პოლიტიკოსები, რომლებსაც ელემენტარული პრინციპიც არ გააჩნიათ. გუშინ ერთმანეთს ლანძღავდნენ და ქვებს ესროდნენ, დღეს ერთმანეთს ხელს ართმევენ და ეხვევიან.

წარმოიდგინეთ, რა ზიზღს იწვევს ეს ხალხში. ეს მოიტანა მიშიზმმა, აგენტოკრატიამ, როცა ხელისუფლებას პირდაპირ უცხოეთიდან ნიშნავენ. ახლა კი ოპოზიციაც დანიშნულია, მათი ღირებულებები და ინტერესები ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს არ ემთხვევა, რასაც საზოგადოება შესანიშნავად ხედავს. ამიტომ მათი შიმშილობა და შემდეგ მისი შეწყვეტა ერთ დიდ მასკარადს ჰგავს, რომელსაც ხალხი მოსიარულე ცირკივით უყურებს და ერთობა“, – ამბობს ქადაგიძე.