რუსთაველის გამზირზე 29 ივნისს გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ექს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა, რადგან მოეჩვენა, რომ „რეჟიმი ვეღარ იმარჯვებს“. თუმცა მისი მიმართვა ოპოზიციის ნაწილისგან სკეპტიკურად იქნა შეფასებული – არანაირი ახალი იდეა, არანაირი კონკრეტული სამოქმედო გეგმა და კიდევ ერთი შემთხვევა, როცა საზოგადოება მხოლოდ ფუჭი სიტყვების მოსასმენად დაიბარეს.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული ოპოზიციური აქცია კიდევ ერთი მძიმე მარცხი იყო, რადგან საზოგადოება ისევ ტყუილით გამოიყვანეს ქუჩაში. მამრაძის თქმით, საუბარი ოპოზიციის ერთიანობაზე, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, აბსურდულია.
მისი შეფასებით, ოპოზიციაში არ არსებობს არც პოლიტიკური ხედვა, არც ერთიანი სტრატეგია, რაც მათ გაერთიანებას ყოველთვის უშედეგოს ხდის. მამრაძე პოლიტიკურ ლიდერებს დეზორიენტირებულებად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ „პოლიტპატიმრის“ იმიჯით მოსარგებლე ლიდერების ნაწილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მოქმედებას თავს არიდებს.
ზურაბიშვილმა აქციაზე გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტისთვის და აღნიშნა, რომ „ოცნების“ რეჟიმი კრახის ბოლო ფაზაშია“ - შიდა დაპირისპირებით, უნდობლობით და ელიტური კორუფციის თემების გახსნით მმართველ პარტიაში. მისი თქმით, მხოლოდ ერთიანობას შეუძლია ხელისუფლების შეცვლა და არა არჩევნებში მონაწილეობას, ბოიკოტს თუ შიმშილობას.
„ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა – გეგმა არის ერთობა. არანაირი სხვა გზა არ არსებობს“, – თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა: „მე მაქვს ერთადერთი ამბიცია – ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ!“
მან გააკრიტიკა დასავლეთთან ხელისუფლების ურთიერთობა, დაახასიათა „ოცნება“ როგორც იზოლაციაში მყოფი ძალა და განაცხადა, რომ მისი დისკრედიტაციის მცდელობაც აღარ გაამართლებს, თუ საზოგადოება ერთობას შეინარჩუნებს.
თუმცა სწორედ აქ ჩნდება კითხვა, რომელსაც ოპოზიციის შიგნით ნაწილიც საჯაროდ სვამს - რა შედეგს ემსახურება პერიოდულად ხალხის შეკრება რუსთაველზე, თუ არ არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა?
ზურაბიშვილის მორიგმა სიტყვამ, ისევე როგორც წინა აქციებმა, ვერ შესთავაზა საზოგადოებას ახალი სტრატეგია. აქციებს აქვს მკვეთრად სიმბოლური და ვიზუალური ხასიათი, რაც ნაწილობრივ დასავლეთისთვის სიგნალის გაგზავნას ემსახურება, თითქოს პოლიტიკური წინააღმდეგობის წინა ხაზზე ჯერ კიდევ არის მობილიზაცია. თუმცა ამ გზავნილებს ნაკლებად მოჰყვება შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, ხოლო ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა ფრთა კვლავ უკოორდინაციოდ მოქმედებს. ამიტომ პერიოდული მასშტაბური შეკრებების მიზანშეწონილობაზე კითხვები ოპოზიციაშივე ჩნდება - აქციები ტარდება რეალური პოლიტიკური წნეხისთვის, თუ მხოლოდ შიდაპარტიული დღის წესრიგის გასაძლიერებლად?
ამ ეტაპზე ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ზურაბიშვილის შესაძლებლობების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზვიად კუპრავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ, დასასვენებლად წასვლას ურჩევს.
„ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო, სადმე მშვიდ კურორტზე რომ დაისვენოთ და მიუშვათ ხალხი, არ გინდათ?“ - წერს ზვიად კუპრავა ფეისბუკზე.
„გირჩის“ ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ოპოზიცია შეცდომებს უშვებს და არასწორი მიმართულებით მიდის: „გეგმა მალე იქნება“; „გეგმა არაა“; „გეგმა ვართ ჩვენ“; „გეგმა არის ერთობა“. ისე, საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? რამდენი უშინაარსო გამოსვლა, „ბრძოლის ფაზა“ და „მარშია“ საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს? ან საერთოდ არის ამის შანსი?“.
პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ეს აქცია იყო კიდევ ერთი დიდი კრახი ოპოზიციისთვის: „ეს ერთობა, რაზეც ზურაბიშვილმა ისაუბრა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს ოპოზიცია საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ეროვნულ ინტერესებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსაც კი უპირისპირდებიან პირადი ამბიციების გამო. ამ პირობებში, როცა არავითარი პოლიტიკური მრწამსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, არავითარი მიზანი და პროგრამა არ აქვთ, მათ დღის წესრიგში მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა. ამიტომ არის, რომ ოპოზიციისთვის გაერთიანება, საერთო სიაზე და ქვეყნის სასარგებლოდ, ერთიან ინტერესებზე საუბარი, ყოველთვის აქილევსის ქუსლი და წინააღმდეგობა იყო. ვინ უნდა იყოს პირველ ადგილზე და პირველ ათეულში, აქ წყდება ყველაფერი, რადგან ამ ანტიეროვნულ ძალებს, არაფერზე შეთანხმება არ შეუძლიათ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
რაც შეეხება ზურაბიშვილს და მის გარშემო რაიმე გაერთიანებას, მამრაძე ამბობს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი ხასიათით ისეთი ტიპისაა, რომ არსებულ ერთობასაც კი დაშლის – რა სახის ერთიანობაზე შეიძლება საუბარი იყოს?!
„ამ ქალბატონს უკვე დიდი ხანია, ყველამ იცის, რომ არ შეუძლია რაიმეს შემოქმედება თავისი ურთიერთობებით, კომუნიკაციით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი წლები დიპლომატად მუშაობდა, მას არ აქვს რესურსი და ქარიზმა იმისთვის, რომ პარტიების ლიდერებთან მოახერხოს შეთანხმება, რათა რაიმე ერთობაზე იყოს საუბარი. ის ამ ყველაფერს მხოლოდ სიტყვიერად ახმოვანებს – ამის იქით მას სხვა არაფერი შეუძლია. ვინ, თუ არა ოპოზიციამ, ყველაზე კარგად იცის, რომ ზურაბიშვილს ლიდერის არანაირი თვისება არ გააჩნია. ეს არაერთხელაც უთქვამთ, რომ ეს ადამიანი არაფრად გამოდგება. იქნება ეს ქარტია თუ სხვა რაღაცა გეგმა, რომელიც აქამდე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა და ოპოზიციას მის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა – არაფერმა არ გაამართლა“, – ამბობს მამრაძე.
რაც შეეხება ოპოზიციის სხვადასხვა მიდგომას პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიაზე, მამრაძე ამბობს, რომ ესეც კიდევ დამატებითი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ოპოზიცია დეზორიენტირებულია.
„ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან სრულიად სხვა მოწოდებებს აკეთებს, „ნაციონალები“ და ხოშტარია საერთოდ სხვა რადიკალური ქმედებების მომხრეა, სალომე ზურაბიშვილი ერთობაზე საუბრობს, სააკაშვილი „ვივამედიდან“ მოღალატედ მოიხსენიებს ყველა სხვას, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს. ახლა წარმოიდგინეთ ქართველი ხალხის განწყობა, როცა ამათ უსმენს და ხედავს, რომ ამათი ნდობა არაფრით არ შეიძლება. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი საერთო სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბეს, რომ ხალხს შესთავაზონ. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნდა, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობა კიდევ უფრო გამოკვეთდა და რელიეფურს გახდიდა მათ მარცხს, ამიტომაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი ციხეს შეაფარეს. მათი საქციელი უკვე ნამდვილი პოლიტიკური დეზერტირობაა – საჯარო სივრციდან და პოლიტიკური აქტივობიდან გარბიან. ამის მიზეზი ის არის, რომ იციან: თუ დარჩებიან და გააგრძელებენ პოლიტიკურ აქტივობას, ეს მათ სრულ კრახს კიდევ უფრო გააღრმავებს. ამიტომაც, ტყუილად წაგებულ ბრძოლაში ფულის ყრასა და არჩევნებში მონაწილეობას ურჩევნიათ ციხეში იყვნენ – ე.წ. პოლიტპატიმრის სახელს მაინც გამოივაჭრებე“, - ამბობს მამრაძე.
რაც შეეხება რუსთაველზე ხალხის დაბარებას, სადაც შეკრებილ მხარდამჭერებს რეალურად ახალს არაფერს ეუბნებიან – მხოლოდ საჩვენებელი სახე აქვს. ამით ცდილობენ დასავლეთს აჩვენონ, რომ ვითომ რეპრესიების მიუხედავად ბრძოლას აგრძელებენ. სხვა რაიმე დატვირთვა ამ აქციებს არ აქვს.
გარდა ამისა, რისთვის იბარებენ ხალხს თუ მათი აზრი არ აინტერესებთ? ან რას ეუბნებიან?