გიორგი გახარიას დაკავებისთვის საგამოძიებო და საპარლამენტო პროცედურები პარალელურად იძვრება? - ექს-პრემიერი ჯერ დეპუტატია და სარგებლობს იმუნიტეტით, თუმცა ვითარება შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს.
პარლამენტი ემზადება გიორგი გახარიას და მისი გუნდის 12 წევრისთვის დეპუტატის მანდატის შესაწყვეტად. 30 ივნისს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამის დასკვნას მოამზადებს, რის შემდეგაც, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. გახარია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ სარგებლობს საპარლამენტო იმუნიტეტით, მანდატის გაუქმების შემდეგ სამართლებრივი ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებს.
დროებით საგამოძიებო კომისიაში გახარიას წინააღმდეგ გაჟღერდა ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, ხოლო პროკურატურამ გახარიას საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება „საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.
გახარია ამ ეტაპზე უცხოეთში იმყოფება და კომისიის სხდომებს არ ესწრება. მისი თანამოაზრეები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ყოფილმა პრემიერმა თანამდებობის პირის სტატუსის გამოყენებით სახელმწიფო ინტერესებს ზიანი მიაყენა.
ახლა მთავარი კითხვაა - გახარიას საქმის სამართლებრივი წინაპირობები გახდება თუ არა ექსპრემიერის დაკავების მიზეზი?
2 ივლისს, საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციის დარბაზი შესაძლოა ისევ დაელოდოს გიორგი გახარიას. თუმცა ყოფილი პრემიერ მინისტრის იქ გამოჩენა კვლავაც ეჭვქვეშ დგას. ის, სავარაუდოდ, მორიგ ჯერზეც არ მივა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მან უკვე გააცდინა კომისიისთვის მნიშვნელოვანი 23 ივნისის სხდომა და დისტანციური ჩართვა მოითხოვა, რაც ქვეყნის დატოვებით ახსნა. გახარია აცხადებს, რომ წასვლა დროებითია, თუმცა კომისიის წევრებისთვის ეს გადაწყვეტილება საეჭვოა და ისინი გაურკვეველ გაქცევაზე საუბრობენ.
მთავარი შეკითხვები კვლავ ჰაერშია: იმოქმედა თუ არა ყოფილი მინისტრი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ? ემსახურებოდა მისი გადაწყვეტილება გარე გავლენებს? ჰქონდა თუ არა ბრძანებას პროვოკაციული შინაარსი?
„ქართული ოცნება“ გარე ძალების პირდაპირ მონაწილეობაზე მიუთითებს და 2019 წლის 20 ივნისის ბრძანებას, რომელიც სწორედ გახარიამ გასცა, შეიარაღებული დაპირისპირების მცდელობად აფასებს. მათი მტკიცებით, ამ ქმედების მიზანი შიდა არეულობის გაღვივება და ახალი კონფლიქტის პროვოცირება იყო.
გახარიას პარტიაში კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილება მიმართული იყო სახელმწიფოებრიობის დასაცავად და შესაბამის უწყებებს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ხოლო შეკითხვაზე - როდის დაბრუნდება გახარია საქართველოში, პარტიაში ან პასუხს ვერ იძლევიან, ან თავს იკავებენ კონკრეტიკისგან.
გენერალური პროკურორი, რომელიც ახლახან დაინიშნა, აცხადებს, რომ დაკითხვაზე დაიბარებენ ყველა შესაბამისი პირს, მათ შორის, გიორგი გახარიასაც.
საგულისხმოა პრემიერ-მინისტრის შეფასება, რომლის მიხედვითაც, ჩორჩანას ინციდენტი, სადაც გახარიას გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეუთანხმებლად იქნა მიღებული, 2008 წლის მოვლენების მინიატურად უნდა იქნეს განხილული.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გახარიას მიერ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა მისი უსუსური არგუმენტების გამოხატულებაა და მაშინდელმა შს მინისტრის ნაბიჯებმა ქვეყანა დააზიანა.
„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, რომ თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც მე ვიცი, რომ, წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინო გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.
რაც შეეხება ჩორჩანის საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცველი უწყებების საქმე. ჩემთვის სურათი არის დღესავით ნათელი, ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ გახარია და შესაძლოა, მისი ყოფილი გუნდის წევრებიც, მძიმე ბრალდებებზე პასუხისგებას ვერ გადაურჩნენ. აბაშიძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ისინი ეჭვმიტანილები არიან, მაგრამ საქმე სკანდალური და მძიმე ანტისახელმწიფოებრივი მუხლებით არის დატვირთული.
„დღეს საგამოძიებო უწყებებს უკვე აქვთ დაწყებული საქმე, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ეხება ძალიან სერიოზულ, პრაქტიკულად, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, მაშინ მხოლოდ გიორგი გახარია კი არა, შესაძლოა, იმ დროის მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებმაც აგონ პასუხი სასამართლოს წინაშე. ისინი ამ ეტაპზე უდანაშაულობის პრეზუმფციით სარგებლობენ და სამართლებრივი კვალიფიკაცია ჯერ მხოლოდ ეჭვის დონეზეა, თუმცა საქმეში გასაჯაროებული დეტალები მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება საკმაოდ ღრმა და სერიოზული მუხლებით მიმდინარეობს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისი შეფასებით, საქმე მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების საგანი არ იქნება და ეს შესაძლოა, გახდეს სამართლებრივი დავის საგანიც.
„ვინაიდან საქმე ეხება მუხლებს, რომლებიც ითვალისწინებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, თუ ბრალდებები დადასტურდა, ასეთი ტიპის დანაშაული არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ რჩება პასუხისგების გარეშე, იქნება ეს საქართველო, გერმანია, თუ სხვა ნებისმიერი დასავლური ქვეყანა. გახარიას საკამოდ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს და ეს ყველაფერი იქნება სამართლებრივად და მტკიცებულებებით გამყარებული. მისი ქმედება საკმაოდ ძვირი დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, ამიტომ მან, თუ მართალია, კითხვებს პასუხი უნდა გასცეს“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ასევე შეეხო გახარიას შესაძლო დაბრუნების პერსპექტივას და დასავლეთის ჩარევის შესაძლებლობასაც გამორიცხავს.
„თუ გახარია დაბრუნდა და გამოძიების საფუძვლები დადასტურდა, მას აუცილებლად დააკავებენ. ვერც გერმანიის ელჩი, ვერც ევროკავშირი და ვერც სხვა რომელიმე დასავლური აქტორი ამას ვერ შეაჩერებს. ასეთ დროს დიპლომატიური ზეგავლენა აღარ მოქმედებს. ამას ყველა საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს. გახარიას საქმე შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდეს საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ და სამართლებრივ ისტორიაში. ამიტომ თუ დაბრუნდება და ამ კითხვებზე პასუხს გასცემს, ძალიან კარგი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმედია პასუხისმგებლობას არ გაექცევა და ჩამოვა, რათა ჩადენილზე პასუხის გაცემა შეძლოს“, - ამბობს აბაშიძე.