აქცია - „საქართველო დადექი“ ვერ შედგა. შესაბამისად, მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ და გედი ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს, იმ მოტივით, რომ 8 ოპოზიციურმა ძალამ უარი თქვა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ხოშტარიას ულტიმატუმი არ აინტერესებთ გახარიას პარტიაში და აცხადებენ, რომ ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ. ამ დრომდე გაურკვეველია რას იზამს „ლელო“.
ხოშტარია-ფოფხაძის 3-დღიანი პერფორმანსი, რომელითაც შეწუხებული და შეშფოთებული იყო გერმანიის ელჩი, დასრულდა. რეალურად ამ შიმშილობის მიზეზი შემდეგი იყო - იმისათვის, რომ აქცია „საქართველო დადექი“ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი, საჭირო იყო ისეთი სახის პოლიტიკური სვლა, რომელიც მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე მიიყვანდა.
შესაბამისად, ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე დაგეგმილი იყო ტრიბუნიდან გაცხადება, რომ მომიტინგეების თხოვნით აქცია არ დაიშლებოდა, აქციის მონაწილეების რაღაცა ნაწილი სოლიდარული იქნებოდა ხოშტარია-ფოფხაძის მიმართ და გაფართოვდებოდა მოშიმშილეთა ჯგუფიც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს აქციაც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი აქცია, დაფინანსებული იყო, ვერ შედგა და შესაბამისად, ხოშტარია-ფოფხაძეც შიმშილს მაძღრად ყოფნას არჩევენ.
ხოშტარიას ე.წ. შიმშილობის აქცია რომ საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის იყო დადგმული, ამას ისიც ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ფედერალისტები“, ანუ ის პარტიები, რომლებსაც გაცხადებული ჰქონდათ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდნენ.
„ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხა და დაიშალნენ.
მმართველ გუნდში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ იხარჯება უცხოური ფული სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დასამხობად, მაგრამ შალვა პაპუაშვილის განცხადებით ამას ვერ ეღირსებიან ვერც შიგნით და ვერც გარეთ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რადიკალების აქციაზე, სადაც სცენიდან საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.
„ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების“ მიერ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო. საგანგაშოა, რომ ამგვარი ქცევით ევროკავშირის საელჩო ქართველების თვალში ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს.
ეს არის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ ფარული დაფინანსებებით, რასთან დაკავშირებითაც ვერაფრით მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ ახლა პასუხისმგებლობა სრულად არის ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოზე. ფაქტია და პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი.
როგორ გადახარშავენ ამ მოცემულობას, რომ ვიღაცები ევროკავშირის მოქალაქეების ფულით სხვა ქვეყანაში გეგმავენ ხელისუფლების დამხობას, ეს უკვე მათი პრობლემაა. ვუყურებთ, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემიზმი, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც გასაკვირი და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ჩანს, საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის ახალი ეტაპი იწყება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თუ ადრე ევროკავშირი ფარულად აფინანსებდა სასარგებლო იდოტებს, ანუ მეხუთე კოლონას, დღეს ღიად აფინანსებს და აცხადებს, რომ გააგრძელებს „სამოქალაქო საზოგადოების“ დაფინანსებას. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას, ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის და ასეთი ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში.
„კარგი ის არის, რომ ამ პროცესებს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2 000-კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართაც კი შემცირებულია ნდობა რადიკალურად, 80%-იდან თითქმის 50%-მდე. იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება „დიფ სთეითის“ მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ნდობას ქართული საზოგადოების თვალში ევროპული სტრუქტურების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ისაუბრა დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებზე, რომლებიც, მისი განცხადებით, უცხოეთიდან ფინანსდება.
„ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20%, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქვეყნის შიგნით კი ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ, ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.