ე.წ. ბიზნესმენთა ფრაქცია უმრავლესობას პრობლემას კენჭისყრაზე შეუქმნის

ე.წ. ბიზნესმენთა ფრაქცია უმრავლესობას პრობლემას კენჭისყრაზე შეუქმნის

პარლამენტმა შესაძლოა, საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მიიღოს. დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ფრაქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია და კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის 80 დეპუტატისგან განსხვავებით, ფრაქცია - „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრებმა - ენზელ მკოიანმა, გოგი ლიპარტელიანმა, სერგო ხაბულიანმა, გოდერძი ბუკიამ, კახა ოქრიაშვილმა და ასევე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ხელი არ მოაწერეს.

for.ge-სთან საუბარში ოქრიაშვილი არ მალავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს, რადგან მისი ფრაქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია.

ოქრიაშვილის მოსაზრებით, პროპორციულის ხარჯზე, პარლამენტის წევრების რაოდენობა 120-მდე უნდა შემცირდეს.

„მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს ვუჭერ, რომელიც საარჩევნო ოლქების გამოთანაბრებას ეხება. ამ ნაწილში რაციონალური აზრია ჩადებული, რომ სადღაც 5 ათასიანი ამომრჩეველი არ იყოს და სადღაც - 200 ათასიანი. დმანისიდან სამჯერ ვარ არჩეული და ის წალკას რომ უერთდება, სამართლიანია და ამას ვეთანხმები“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნები 2020 წლიდან არ უნდა გაუქმდეს.

„მომხრე ვარ, რომ პროპორციულის ხარჯზე, პარლამენტის წევრების რაოდენობა 120-მდე შემცირდეს. ამასთანავე, თუკი არჩევნების გადალახვისთვის ოთხ პროცენტიანი ბარიერი წესდება, ვფიქრობ, რომ ეს ბარიერი კოალიციას არ უნდა შეეხოს, რადგან თითო პარტიამ 4-5 პროცენტი რომ აიღოს და ბარიერი გადალახოს, მას დაახლოებით 80 ათასი ხმა სჭირდება და ბლოკისთვის ეს მიზერული ციფრია“, - განაცხადა ოქრიაშვილმა, რომლის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მის მსგავსად ხელს არ აწერენ - მკოიანი, ლიპარტელიანი, ხაბულიანი და ბუკია.

ე.წ. ბიზნესმენთა ფრაქციის მსგავსად, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არც ნაციონალები და არც „თავისუფალი დემოკრატები“ აპირებენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წელს ითხოვს და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას ამიტომ არ აპირებს, ოქრიაშვილის ფრაქცია კი, პროპორციული სისტემის შემოღების წინააღმდეგია.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ სისტემას 2016 წელს იმის გამო არ აუქმებს, რომ მას მომავალ პარლამენტში 90 დეპუტატის ყოლა სურს. მაჭავარიანის თქმით, უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავს.

„საკონსტიტუციო კომისია ორი წელია არსებობს და იმ ნორმის ინიცირება ხდება, რომელიც აღნიშნულ კომისიას არც კი განუხილავს. გაუგებარია, არჩევნების მოდელი 2020 წელს რატომ იცვლება? ხელს რა გვიშლის, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ეს ცვლილებები მივიღოთ? ასტრონავტი არ ვარ, მაგრამ ის ადამიანი ვარ, რომელიც საარჩევნო საკითხებში ძალიან კარგად ერკვევა. თუკი ოლქების გაერთიანება ესწრება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უფრო მოესწრება“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომლის მსგავსად, ცვლილებებს მხარს არ უჭერს ირაკლი ჩიქოვანი.

for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების თვალის ახვევის მიზნით მომზადდა.

„ეს ცვლილებები 2016 წელს რეფორმების არგატარებას ემსახურება“, - დასძინა ჩიქოვანმა, რომლისგან განსხვავებით, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი მას შემდეგ გადაწყდება, რაც საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

როგორც for.ge-ს ჟორჟოლიანმა განუცხადა, დეპუტატების განწყობა როგორი იქნება, არავინ იცის.

„დღეს, რა გითხრათ? თუკი ოქრიაშვილის ფრაქცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, არ დაუჭერენ და ეგ იქნება. რას ვიზამთ?“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.

ვინაიდან, უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიცია და ოქრიაშვილის ფრაქცია დაითანხმოს. შესაბამისად, პარლამენტმა შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ დაამტკიცოს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, პარლამენტი პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან განისაზღვრება. ასევე, ცვლილებებით, საარჩევნო ზღურბლი 5-დან 4 პროცენტამდე მცირდება, რაც ე.წ. „დაკარგული ხმების“ რაოდენობას შეამცირებს.